ღირსმოწამე ონოფრე (1818 წ.) - 04 (17) იანვარი
ღირსმოწამე ონოფრე (1818 წ.) - 04 (17) იანვარი
ღირსმოწამე ონოფრე (ერისკაცობაში - მათე) ბულგარეთის სოფელ გაბროვოში დაიბადა, კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოყვარე ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილანდარის მონასტერში ბერად მანასეს სახელით აღიკვეცა.

მის შემონაზვნებას, ღვთის დიდი სიყვარულის და მისთვის მსახურების სურვილის გარდა, ერთი საოცარი ამბავიც უძღოდა: - თურმე, ბავშვობაში, მშობლებს ანცობისათვის დაუსჯიათ, გულმოსულ მათეს კი იქ მყოფ თურქთა თანდასწრებით, ჯიბრით უყვირია:

- იცოდეთ, გავთურქდებიო!

საბედნიეროდ, მოსიყვარულე მშობელთა სიტკბომ და მზრუნველობამ მალევე გადაავიწყა ეს უგუნური სურვილი, თუმცა, ამოთქმულმა სიტყვამ გული სინანულით ისე ამოუწვა, წუთისოფლისთვის სიკვდილი და ცხოვრების უფლისთვის მიძღვნა მტკიცედ გადაწყვიტა.

ათონზე ყოველ საქმეს საკვირველი მოშურნეობით აღასრულებდა, დროსთან ერთად კი ბავშვობაში ნათქვამი სიტყვა სინდისს უფროდაუფრო უდაღავდა და უფლისგან შენდობის მისაღებად მზად იყო, მისთვის მოწამეობა სიხარულით დაეთმინა.

სურვილი არავისთვის გაუმხელია, ისე მივიდა რჩევის საკითხავად წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სკიტში ბერდიდ ნიკიფორესთან, რომელმაც ამ ღვაწლისათვის განსამზადებლად სენაკი გამოუყო.

სწორედ აქ დაეყუდა მანასე და ყოველი უფალს მიანდო: - პურად ოდენ მცირედ ხმიადს იხმევდა, ისიც - ორ - სამ დღეში ერთხელ, განუწყვეტლივ ლოცულობდა თვალთაგან ნაკადულებად ნადენი ცრემლით და დღეში ოთხიათას მეტანიას აღასრულებდა...

არავინ უწყის, თუ რა იტვირთა კიდევ მისმა ფიცხელმა სიყვარულმა, დანამდვილებით კი იმას გეტყვით, რომ ოთხიოდ თვეში სურვილი ქრისტესთვის მარტვილობისა გაუძლიერდა...

ამის მხილველმა ბერდიდმა ნიკიფორემ იგი დიდი სქემით და ახალი სახელით, - ონოფრეთი შემოსა და თურქთაგან მითავისებულ კუნძულ ქიოსზე წარგზავნა...

იქ მოწამებრივი გვირგვინის მისაღებად და განსამტკიცებლად ონოფრე შვიდი დღით განმარტოვდა და ლოცვას, მარხვას და ახალმოწამეთა ცხოვრებათა კითხვას შეუდგა...

ერთი ხანობა, ადამიანურმა შიშმა ისე შეიპყრო, ლამის, ჩანაფიქრზე უარიც კი თქვა, მაგრამ რამდენიმე ახალმოწამე გამოეცხადა და ამ სიტყვებით განამტკიცა:

- წარვედ, რამეთუ მეუფე გიხმობს!

01 იანვარს კი საღვთო ჩვენებაში ბასილი დიდი იხილა.

დიდ ოთხშაბათს ეზიარა, სხეულზე ახალმოწამეების ხატთა კანდელების ზეთი იცხო და დარჩენილი ღამე ლოცვაში გაატარა...

გამთენიისას ადგილობრივ სამსჯავროს წინაშე თურქულ სამოსში წარსდგა, მსაჯულს ყოველივე გაუმხილა და ისლამი დაგმო...

ამგვარი კადნიერებით გულმოსული თურქები ნეტარს ეცნენ, გვემეს და თავი დილეგში ამოაყოფინეს...

ოდეს დარწმუნდნენ, ონოფრე უკან დახევას არ აპირებდა, სიკვდილი მიუსაჯეს.

Nნეტარმა თავისი პატიოსანი თავი მორჩილად დაუხარა ჯალათს და სული უფალს შეჰვედრა...

ონოფრეს წმინდა სხეული და მისი სისხლით გაჟღენთილი მიწა თურქებმა სასწრაფოდ ზღვას მისცეს, რომ ქრისტიანთ სათაყვანებლად არ წაებრძანებინათ.

წმინდა ონოფრე კუნძულ ქიოსზე ქრისტესთვის 1818  წელს ევნო.
...........
ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1