მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი (+დაახლოებით 320 წელს) - 02 (15) იანვარი
მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი (+დაახლოებით 320 წელს) - 02 (15) იანვარი
წმინდა თეოგენი ერთ – ერთი ფრიგიელი ეპისკოპოსის ვაჟი იყო. ლიცინიუსის დევნისას (308 - 324 წ.) იგი ერთ – ერთ ლეგიონში ჩაეწერა, რომელიც ჰელესპონტში, მთებში გაგზავნეს.

როდესაც გაღმერთებული იმპერატორის თაყვანისცემა მოსთხოვეს, თეოგენმა მტკიცედ იუარა და ტრიბუნს განაცხადა:

- მე ქრისტიანი ვარ და უკვდავ ხელმწიფეს ვმსახურებ, ყოველთა მეუფეს, ამიტომ არ ძალმიძს, სხვასაც ვემსახუროო!

ტრიბუნმა, რომელიც უკიდურესად განარისხა თეოგენეს სიმტკიცემ, მისი ქალაქგარეთ გაყვანა ბრძანა და სასტიგად გვემა, მაგრამ ვერ გატეხა, - წამებისას ფსალმუნებს გალობდა, სახე არამიწიერი ნათლით გაბრწყინებოდა და უფალს ჰმადლობდა...

ტრიბუნმა იფიქრა, რომ ნეტარი იმპერატორის თაყვანისცემისთვის ემზადებოდა, ამიტომ შესთავაზა, კვლავ იმპერატორის ჯარში ემსახურა, წმინდა თეოგენმა კი უპასუხა:

- როგორ ტანჯვასაც არ უნდა მიმამთხვიოთ, ძალაუფლება მხოლოდ ჩემს სხეულზე გექნებათ, მაგრამ ვერასოდეს განმაშორებთ ჩემს უფალს!

ღამით ტრიბუნმა ნეტარი კვლავ ქალაქში დააბრუნა, რომ ხელახლა ეტანჯა, რის შემდეგაც დილეგში გამოკეტა და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯა.

ღამით ტყვედქმნილს თავად მაცხოვარი გამოეცხადა და განამხნევა:

- თეოგენე, განმტკიცდი და გიხაროდენ, რამეთუ შენი ტანჯვის თანაზიარი ვარ! ამ ადამიანთაგან საზრდელს ნუ მიიღებ და უხრწნელ ცხოვრებას ეზიარები!

სულიწმინდით აღვსილმა თეოგენმა საზრდელისა და წყლის გარეშე დილეგში ორმოც დღეს გაძლო, დილეგის მცველებს მისი სამყოფელიდან ხმაური მოესმათ და როდესაც დაბეჭდილ კარს მიუახლოვდნენ, უამრავი ნათლით მოსილი არსება იხილეს, რომელნიც თეოგენესთან ერთად გალობდნენ.

მცველებმა ყოველივე მაშინვე ტრიბუნს მოახსენეს. ტრიბუნი მრავალრიცხოვანი ამალით მობრძანდა და როდესაც კარი გაიღო, იხილა, თუ რა ნათელი დასდგომოდა ორმოცი დღის ნაშიმშილარ თეოგენეს და რარიგ ხარობდა.

ტრიბუნმა ყოველივე იმპერატორ ლიცინიუსს ამცნო, რომელიც დიდად არც დაინტერესებულა ამ საკვირველი ამბით და ბრძანა, თეოგენი ზღვაში დაეხრჩოთ, რომ ქრისტიანებს მისი სხეული ვერ ეპოვათ.

როდესაც სამ იანვარს ტრიბუნმა ნეტარს მოაკითხა, იგი ისეთი სიხარულით გაჰყვა, თითქოს განსაბანად მიჰყავდათ.

როდესაც გემი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ნეტარი ზღვისთვის უნდა მიეცათ, მან ლოცვისთვის დრო ითხოვა, აღმოსავლეთისკენ შებრუნდა და გულმხურვალედ სამი საათის განმავლობაში უხმობად უფალს, პირჯვარი გამოისახა, რის შემდგომაც მენავეებმა იგი ზღვას მისცეს...

მისმა სიმტკიცემ იქ მყოფი მენავეები და ზოგი ჯალათთაგანი მოაქცია, გარდაცვალებამდე წმინდანმა ტრიბუნს და მის ოფიცერთ საშინელი აღსასრული უწინასწარმეტყველა, რაც რამდენიმე დღეში აღსრულდა კიდეც, - იმპერატორის ბრძანებით მათ ფეხები მოჰკვეთეს, ტრიბუნის ლეგიონი კი მოკლე ხანში განადგურდა.

სამი დღის შემდგომ თეოგენის წმინდა სხეული ზღვამ უვნებელი გამორიყა, ქრისტიანებმა იგი გააპატიოსნეს და ქალაქის გალავანთან ფარულად დაკრძალეს, სადაც შემდგომში უამრავი კურნება აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1