წმინდა მოწამე ბასილი ანკვირელი ( + დაახლოებით 362 წელი) - 01 (14) იანვარი
წმინდა მოწამე ბასილი ანკვირელი ( + დაახლოებით 362 წელი) - 01 (14) იანვარი
წმინდა მოწამე ბასილი გალატიის ქალაქ ანკირის (დღევანდელი ანკარის) წარჩინებული ოჯახიდან იყო, ღვთისმგმობი იმპერატორის, იულიანე განდგომილის ზეობისას, იმის გამო, რომ დაუფარავად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს, შეიპყრეს და სამსჯავროზე პროკონსულ სატურნინს წარუდგინეს, რომლის კითხვაზე, იყო თუ არა ქრისტიანი, ხმამაღლა განაცხადა: - არ არს სხვა ღმერთი გარდა ქრისტესი!

განრისხებულმა მტარვალმა მისი სასტიკი ტანჯვა ბრძანა, - წმინდა მოწამე ჯერ ხეზე ჩამოკიდეს და სხეული რკინის საზარელი იარაღით დაუსერეს, შემდეგ კონსტანტინოპოლს გაგზავნეს, სადაც, ღვთის შეწევნით, უარესი სატანჯველი დაითმინა: - სხეული ისე დაუჭიმეს, ძვალნი ერთურთს განეშორნენ, შემდეგ ტყავი გააძრეს და სარტყლისებურად დაუსერეს, ტანი კი გავარვარებული მახათებით დაუდაღეს.

ღვთით ნუგეშცემულმა და განმტკიცებულმა ბასილმა მარტვილობა მამაცურად დაითმინა, ამ საკვირველი სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა ჯალათებმა მისი გავარვარებულ ღუმელში შეგდება ბრძანეს, საიდანაც, ღვთის შეწევნით, უვნებელი გამოვიდა, საბოლოოდ გაავებულმა პროკონსულმა ნეტარი მარტვილი ჯერ კონსტანტინოპოლიდან კესარიას გადაიყვანა ნადირთა საგლეჯად, შემდეგ - სიკვდილს მისცა.

თავის აღსასრულს წმინდანი მხურვალე ლოცვით შეხვდა და მიიღო კიდეც მოწამის გვირგვინი. ეს საახლოებით 362 წელს მოხდა.

მისმა ახლობლებმა მოწიწებით შეკრიბეს მრავალვნებულის სხეულის ნარჩენები, ნელსაცხებლით განწმინდეს და პატივით დაფლეს, მოგვიანებით კი იმ ადგილას მოწამე ბასილის სახელობის ტაძარიც აღაშენეს.

აქვე დავძენთ, რომ ეს წმინდა მოღვაწე უნდა განვასხვაოთ მღვდელმოწამე ბასილ ანკვირელისგან, რომლის ხსენებაც 22 მარტს აღინიშნება.


აქვე ნახეთ:

მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელი


...........................

ამავე დღეს არის ხსენება წმიდა მოწამე თეოდოტისა

ამ მოღვაწის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, გარდა იმისა, რომ ქრისტესთვის ეწამა და მახვილით განიგმირა.
............................

ამავე დღეს იხსენიება ღირსი თეოდოსი, ტრიგლის იღუმენი (VIII საუკუნე)

წმინდა თეოდოსი ტრიგლის ერთ - ერთი მონასტრის იღუმენი გახლდათ, რომელმაც მერვე საუკუნეში შეჰვედრა უფალს სული მშვიდობით.

ბეჭდვა
1კ1