წმინდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი (+311) - 30 (12.01 დეკემბერი
წმინდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი (+311) - 30 (12.01 დეკემბერი
წმინდა მოწამე ფილეტერი ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე, ქრისტიანთა სასტიკი, მეათე დევნის ჟამს ნიკომედიაში. იგი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.
მოგეხსენებათ, თავისი მმართველობის დასაწყისში იმპერატორი დიოკლეტიანე საერთოდ არ იყო ქრისტიანთა მიმართ მტრულად განწყობილი. ქრისტიანები ღიად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ეკავათ თანამდებობები საიმპერატორო კარზე, მსახურობდნენ ჯარსა და სენატში. დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე გალერიუსი გამუდმებით ცდილობდა იმპერატორის ამხედრებას ქრისტიანთა წინააღმდეგ; ამაში მას ეხმარებოდნენ ქურუმებიც, რომლებიც არწმუნებდნენ იმპერატორს, რომ დაკარგავ¬და ღმერთების წყალობას, თუ კერპთმოძულე ქრისტიანებს კიდევ აიტანდა. ბოლოს დაიყოლია მაქსიმიანემ დიოკლეტიანე და ქრისტიანთა საშინელი დევნაც დაიწყო. 302-303 წლებში, მთელი ზამთრის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თათბირები ქალაქ ნიკომიდიაში. დიოკლეტიანე საკმარისად თვლიდა ისეთი ბრძანების გამოცემას, რომლის თანახმად, ქრისტიანობა აეკრძალებოდათ საიმპერატორო კარზე მოსამსახურეებსა და ლეგიონერებს, გალერიუსი კი უფრო ფართო და დაუნდობელ ღონისძიებებს ემხრობოდა. ბოლოს მისმა ფრთამ გაიმარჯვა და აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა განკარგულება: "დაინგრეს ქრისტიანთა ტაძრები, დაიწვას წიგნები, ჩამოერთვათ ქრისტიანებს ყველა სამოქალაქო უფლება და თანამდებობა". ნიკომიდიაში უმალ ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ზოგიერთი მწერლის მტკიცებით, ნიკომიდიის ტაძარს ზუსტად აღდგომის დღესასწაულის ღამეს წაუკიდეს ცეცხლი და დაახლოებით ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად დაწვეს. მაგრამ გალერიუსი არც ამას დასჯერდა - მისი ბრძანებით, გადაწვეს ნიკომიდიის სასახლე და ხმა გაავრცელეს, თითქოს ქრისტიანებს გაეჩაღებინოთ ხანძარი. ბევრი მორწმუნე შეეწირა ამ ცილისწამებას. მალე გამოვიდა მეორე ბრძანებაც: "გამოყენებული იქნეს ყველა ზომა, რათა ქრისტიანები განდგომას დათანხმდნენ; ურჩები სიკვდილით დაისაჯონ!"

სწორედ ამ დროს, დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობისას მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს. იმპერატორი მოიხიბლა ნეტარის გარეგნობით და იგი წარმართულ ღვთაებას შეადარა. როცა მოწამეს ხარისხი და წარმომავლობა ჰკითხეს, მან უპასუხა:

-ეპარქის ძე ვარ, სარწმუნოებით - ქრისტიანი და ქრისტიანებთან ვცხოვრობ.

იმპერატორი ლიქნით ეცადა მის გადაბირებას და ქრისტე ღმერთი აუგად მოიხსენია, რაზეც წმინდანმა მიუგო:

-დაიყოს პირი ყოველთა, მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გაკადნიერდება, გმოს ჩემი ქრისტე.

ამ სიტყვების შემდეგ უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.

იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმინდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმინდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.

ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმინდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.

გზაში მათ გამოეგება წმინდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმინდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას. თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმინდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.
.................................

სურათზე: დიოკლიტიანეს სასახლის ნანგრევები ნიკომიდიაში (დღევანდელ იზმითში) (წყარო).

ბეჭდვა
1კ1