ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (+დაახლ. 340) - 30 (12.01 დეკემბერი
ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (+დაახლ. 340) - 30 (12.01 დეკემბერი
ძველი სტილით 30 დეკემბერს (ახალი სტილით 12 იანვარს) წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე ზოტიკე ხუცს, ობოლთმზრდელს იხსენიებს.

ღირსი ზოტიკე დაიბადა რომში, გავლენიან და დიდებულ ოჯახში. იგი ბავშვობიდან ყოველგვარ სიბრძნეს სწავლობდა - საეროსაც და სასულიეროსაც,. ის იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) კარისკაცად მსახურობდა. როდესაც მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, მას ზოტიკეც თან გაჰყვა, თუმცა საერო ცხოვრებაში ყველაფრით უზრუნველყოფილ წმინდანს გული სულიერი ღვაწლისაკენ და ღმრთის ერთგული სამსახურისაკენ მიუწევდა. ახალ დედაქალაქში ზოტიკემ მაგისტრის წოდება მიიღო. მიუხედავად ამისა, მალე მან საერო პატივსა და ფუფუნებაზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და მუხლჩაუხრელ სასულიერო მოღვაწეობას შეუდგა. აბრაამის მსგავსად, ზოტიკემ თავისი სახლის კარი გახსნა გლახაკებისთვის. გულუხვად მასპინძლობდა უსახლკაროებს, მგზავრებსა და სნეულებს, ჭეშმარიტ მამობას უწევდა ქვრივ-ობლებს. ამისთვის მას "ობოლთმზრდელი" შეარქვეს. იმ ხანად ქალაქში გაძლიერდა კეთრი. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, გამოიცა ბრძანება, ყველა კეთროვანი ზღვაში გადაეგდოთ. მოწყალე ზოტიკე, რომელიც ღვთის სიყვარულით იყო აღსავსე, იმპერატორთან მივიდა და უთხრა:

- მეფეო! შენს მონას მომეცი რაც შეიძლება ბევრი ოქრო, რათა შევძლო, შენი საგანძურისთვის ძვირფასი თვალ-მარგალიტის შეძენა, რადგან კარგად ვერკვევი ასეთ საქმეებში.

კონსტანტინე დიდს ძალიან უყვარდა ზოტიკე და ბრძანა, მისი თხოვნა შეესრულებინათ.

ღვთისმოყვარე კაცმა ოქრო წაიღო და მეფის სახლიდან გახარებული წავიდა. ოქროს იმ მეომრებს აძლევდა, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ კეთროვნების ზღვაში გადაყრა. დაავადებულების მოვლას კი თავის თავზე იღებდა. კონსტანტინოპოლთან ახლოს, ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე, ერთ მთაზე საავადმყოფო ააშენა კეთროვანთათვის.

კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უსჯულო ძე კონსტანციუსი (337-361) ავიდა. ის მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში და ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. სუსტი ხასიათის, ამასთან ანჩხლი და სასტიკი ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, რითაც ისარგებლეს არიანელებმა და მისი ნდობა მოიპოვეს. როდესაც მან გაიგო, რომ განსვენებული იმპერატორისგან წმინდა ზოტიკეს დიდძალი თანხა ჰქონდა მიღებული, იგი თავისთან დაიბარა და ჰკითხა:

- შეიძინე მამაჩემი ფულით თვალ-მარგალიტი ჩვენი საგანძურისთვის?

ნეტარმა ზოტიკმა უპასუხა:

- მეფეო, ხომალდი მოამზადე და ისეთ სიმდიდრეს გაჩვენებ, რაც აქამდე არ გქონია.

იმპერატორთან ერთად ბოსფორის მეორე მხარეს გადავიდა, საავადმყოფოში მიიყვანა, კეთროვნები და ავადმყოფები აჩვენა და უთხრა:

- აი, მეფეო, ძვირფასი ქვები და ბრწყინვალე მარგალიტები, რომელიც შენს გადასარჩენად დიდი ძალისხმევის შედეგად შევაგროვე.

კონსტანციუსი განრისხდა და ბრძანა ველურ ჯორებზე გამოებათ და გზებსა და ველებზე ეთრიათ. ეს მოხდა 337 წელს. იმ ადგილას, სადაც დასახიჩრებულმა და ხორცდაფლეთილმა წმინდანმა სული უფალს შეავედრა, მალე მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. წმინდა ზოტიკე კონსტანტინოპოლის პირველი მოწყალების სახლის დამაარსებელია.

ხატის წყარო
.....................

აქვე ნახეთ:

ღირსი ზოტიკე ხუცის ცხოვრება, ობოლთმზრდელისა - ხსენების დღე 12 იანვარი (ახ.სტილით).
ბეჭდვა
1კ1