ქალწულმოწამე ანისია (+298) - 30 (12.01 დეკემბერი
ქალწულმოწამე ანისია (+298) - 30 (12.01 დეკემბერი
ქალწულმოწამე ანისია ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე, იმპერატორ მაქსიმიანეს (284- 305; 307-311) ზეობისას.
ის იყო ქალაქ თესალონიკის მდიდარი და კეთილშობილი ქრისტიანი მოქალაქის ქალიშვილი. მშობლებმა ანისია ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ქალწულმა გადაწყვიტა მთელი ცხოვრება უფალ იესო ქრისტესთვის მიეძღვნა. ანისიამ გაათავისუფლა მონები, მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და აღასრულა წმინდა წერილის სიტყვები `როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.~ (მთ 13. 46) ქალწული მკაცრი მოსაგრის ცხოვრებას შეუდგა.

ქალწულმა განიძარცვა მდიდრული სამოსი, ძაძები შეიმოსა და ქალაქის შემოგარენში დამკვიდრდა, აქ ის ავადმყოფებს, ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს ისე შეეწეოდა, როგორც შეეძლო. ის ყველაზე დიდ მზრუნველობას სარწმუნოებისათვის დევნილებისთვის იჩენდა, ინახულებდა მათ საპყრობილეებში, მიჰქონდა საჭმელი, უხვევდა ჭრილობებს.

ქალწული ქრისტესთვის სიკვდილის სურვილით აენთო, მას აღარაფერი აკავებდა ამქვეყნად. განმარტოვდა ერთ კელიაში და დღედაღამ ლოცვით იძლიერებდა სულს, ამზადებდა მას უფალთან შესახვედრად. კაცობრიობის მტერს არ მოსწონდა ანისიას ასეთი მოშურნეობა და არა ერთი განსაცდელი მოუვლინა, რომ როგორმე სენაკი დაეტოვებინა. სნეულებაც კი შეჰყარა ბოროტმა ქალწულს, თუმცა ლოცვით ანისიამ მასაც სძლია.

დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანემ დევნა ჯერ ლეგიონებში დაიწყო - დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მეომრებს ღმერთებისა და იმპერატორის პატივსაცემად რიტუალი ჩაეტარებინათ. მაშინ მრავალი ქრისტიანი იძულებული შეიქნა, სამსახური მიეტოვებინა და ბევრიც სიკვდილით დაისაჯა. იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა.
გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმინდა მოწამე იქვე განგმირა. ქრისტიანებმა წმინდა მოწამე ქალაქის კარიბჭის მახლობლად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სამლოცველო სახლი ააგეს.
...........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1