ნიკომიდიის ტაძარში დამწვარი ოცი ათასი მოწამის, ასევე: გლიკერი ხუცესის, ზენონის, თეოფილე დიაკონის, დოროთეს, მარდონის, მიგდონი დიაკონის, ინდისეს, გორგონის, პეტრეს, ექვთიმეს, მოწამე ქალწულების: აგათიას, დომნას, თეოფილას და სხვათა ხსენება (+302) - 28 (10.01)
ნიკომიდიის ტაძარში დამწვარი ოცი ათასი მოწამის, ასევე: გლიკერი ხუცესის, ზენონის, თეოფილე დიაკონის, დოროთეს, მარდონის, მიგდონი დიაკონის, ინდისეს, გორგონის, პეტრეს, ექვთიმეს, მოწამე ქალწულების: აგათიას, დომნას, თეოფილას და სხვათა ხსენება (+302) - 28 (10.01)
IV საუკუნეში ნიკომიდიაში წარმართი იმპერატორის მაქსიმიანეს (284-305; 307-311) სასახლეში წარმართი ქურუმი დომნა ცხოვრობდა. ერთხელ იმპერატორის არყოფნისას მან წაიკითხა "საქმე მოციქულთა", პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. იგი ერთგულ მსახურ საჭურისი ინდისესთან ერთად ფარულად წავიდა ნიკომიდიის ეპისკოპოს კირილესთან. მღვდელმთავარმა ორივე მონათლა. ამის შემდეგ წმინდა დომნა უხვად გასცემდა და გლახაკებს ურიგებდა სამეფო სიმდიდრეს, რაშიც მას ერთგული მსახური ინდისეც ეხმარებოდა. მათი უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა - საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი სასახლიდან გააძევა. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.

ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მალე მიაკვლიეს მათ და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სასტიკად რომ ეწამებინათ, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი. ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერა-ტორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, თუმცა გულში ჩაიდო ბოღმა და რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმინდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.

302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე გაბოროტებულმა იმპერატორმა ნიკომიდიის საკათედრო ტაძარში შეკრებილ 20000 მლოცველს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა. სასტიკი უარის მიღების შემდეგ წარმართებმა ისინი ტაძარში გამოწვეს. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმინდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.

მიუხედავად ამდენი მსხვერპლისა, კიდევ მრავლად იყვნენ ქრისტეს აღმსარებლები, რაზეც სასტიკად იყო განრისხებული იმპერატორი. ამიტომაც კიდევ უფრო გაამძაფრა მორწმუნეთა დევნა. მან მოაშთობინა მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა იმპერატორის უსჯულოება და სისასტიკე. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს, ურჯულოებმა ყველა პყრობილს წამებით ამოხადეს სული.

წმინდა დომნა მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოქვაბულში იყო დაყუდებული და დაუდუმებელად ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა. ქალაქში დაბრუნების შემდეგ დამწვარ ტაძართან მივიდა და დიდხანს ტიროდა, წუხდა, რომ თავის სულიერ დებთან ერთად აღსასრულის ღირსი ვერ გახდა. ნეტარმა ზღვის ნაპირს მიაშურა, საიდანაც მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმინდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული წმინდა დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმინდა ცხედრები მას დაუტოვეს. სულიერი მეგობრის - წმინდა ინდისეს ნეშტის ხილვით დიდი სიხარულით აღივსო ნეტარი დედა. იგი დაკრძალვის შემდეგაც აღარ განშორებია ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. მალე იმპერატორმა შეიტყო უცნობი ჭაბუკის შესახებ, რომელიც ქრისტიანი მოწამეების სამარეებს პატივს მიაგებდა. უსჯულო ხელისუფალმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმინდა ექვთიმეც.
.....................

მოწამეთა ორთა ბევრთა (20000), ნიკომიდიას დამწვართა ტროპარი:

ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქვენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩვენთა.

კონდაკი
განმტკიცებულითა სულითა ორთა ბევრთა მოწამეთა ცეცხლი ვნებათა თავს იდვენ და ღაღადებდეს: შობილო ქალწულისაგან, შეიწირენ ყოვლადდასაწველნი ესე ჩვენნი, ვითარცა რა ძღვენნი სპარსთა მეფეთანი, ოქრო, მური და გუნდრუკი, ღმერთო საუკუნეთაო.

ბეჭდვა
1კ1