წმინდა მოწამე აჰმედ კალფა (მწერალი) -24 (06.01) დეკემბერი
წმინდა მოწამე  აჰმედ კალფა (მწერალი) -24 (06.01) დეკემბერი
წმინდა აჰმედი თურქი მუსლიმანი გახლდათ. ცხოვრობდა სტამბოლში XVII საუკუნის ბოლოს. მდიდარი და ცნობილი იყო, მსახურობდა მწერლად არქივში და ქრისტიანად საკმაოდ ხნიერი მოექცა.

ცოლი არ ჰყავდა, სამაგიეროდ, ჰყავდა ორი რუსი მხევალი. ორივე დედაკაცი ძალზე ღვთისმოშიში იყო. მოხუცი დღესასწაულებზე ტაძარში დადიოდა და ახალგაზრდა თანამემამულისთვის სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მოჰქონდა. აჰმედმა ერთხელ შეამჩნია, რომ სეფისკვერის ჭამის მერე ქალის ბაგეები კეთილსურნელებას გამოსცემდა, არადა, მანამდე პურის გარდა არაფერი ჰქონდა მიღებული. დაინტერესდა და მღვდელს პატრიარქის წირვაზე დასწრების სურვილი განუცხადა. ნება დართეს. შარიათის კანონებით, მუსლიმანს შეუძლია ქრისტიანულ ტაძარში შესვლა (ოღონდ არა სალოცავად).

და აი, ლიტურგიაზე მუსლიმანმა მოხელემ უეცრად დაინახა, რომ როცა პატრიარქმა ხალხი დალოცა, ორტოტა და სამტოტა შანდლებიდან სხივები გამოიფრქვა და ყველა ქრისტიანს თავზე დაადგა. ამგვარი სასწაულით გაოცებულმა მაშინვე მოისურვა მონათლულიყო და ერთ-ერთმა მღვდელმა საიდუმლოდ მონათლა კიდეც. ერთხანს მომავალი მოწამე ფარულ ქრისტიანად დარჩა. ამგვარი ქრისტიანი მუსლიმან დიდებულებსა (მათ შორის მოლებს) და გლეხთა შორის ბევრი იყო. ისინი მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდნენ აიასოფიას მეჩეთში და საიდუმლოდ ქრისტიანულად ლოცულობდნენ.

ეტყობა, ფარული ქრისტიანობის პერიოდში აჰმედი სულიერად წარემატებოდა, მისი რწმენა კლდეზე დაშენებულ ციხესიმაგრესათვის მყარი და დაუძლეველი გახდა. აჰმედის ფარული ქრისტიანობა გაგრძელდა მანამდე, სანამ ერთხელ სუფრაზე მისმა მეინახეებმა არ დაიწყეს კამათი იმაზე, თუ რა იყო ყველაზე აღმატებული. ერთმა თქვა, ყველაზე დიდი რძის მდინარეებია, თორემ ყურანში არ იქნებოდა ის დასახელებული, როგორც მართალთა სანეტაროდ განკუთვნილიო. აჰმედმა მოულოდნელად ხმამაღლა განაცხადა: - ყველაზე უმაღლესი ქრისტიანთა სარწმუნოებააო. "ნუთუ შენც ქრისტიანი ხარ?" - ჰკითხეს გაღიმებულმა თანამეინახეებმა. "დიახ," - მიუგო აჰმედმა მშვიდად, ნელა და გარკვევით. იქ მყოფებს ღიმილი პირზე შეაშრათ. შეეძლო აჰმედს საუბრის თემა შეეცვალა, რომ მისი ქრისტიანობა ვერ შეეტყოთ, მაგრამ სწორედ ამ წუთში მოუხმო უფალმა და აჰმედმაც ხმა გასცა: "აქა ვარ, უფალო". იგი მოწამებრივად აღესრულა 1682 წლის 3 მაისს.

წმინდა აჰმედს მოიხსენიებს საბარძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია 03 მაისს, 24 სექტემბერს და 24 დეკემბერს.

ბეჭდვა
1კ1