ათი კრეტელი მოწამე: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტე (+დაახლ. 250) - 23 (05.01)
 ათი კრეტელი მოწამე: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტე (+დაახლ. 250) - 23 (05.01)
ძველი სტილით 23 დეკემბერს (ახ. სტ. 5 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია ათ კრეტელ მოწამეს იხსენიებს. კუნძულ კრეტაზე მცხოვრები ქრისტიანები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტე იმპერატორ დეციუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა დეციუსმა სახელმწიფო კრიტიკულ მომენტში ჩაიბარა. აღორძინების გზაზე მყოფი სპარსეთის იმპერია რომს განადგურებით ემუქრებოდა. მძიმე და დაძაბული იყო რომის შიდა პოლიტიკური მდგომარეობაც. რომის ისტორიის ამ პერიოდს იმდროინდელმა ისტორიკოსმა `საშინელი წლები~ უწოდა. დეციუსი რომის გადარჩენის საშუალებად მხოლოდ რომის ძველი სულის აღორძინებასა და დაკარგული ტრადიციების აღდგენას ხედავდა. უპირველეს მიზნად მან სახელმწიფო კულტების აღდგენა მიიჩნია, რამაც თავისთავად ქრისტიანობასთან დაპირისპირება გამოიწვია. ქრისტიანობის დევნის ისტორიაში ახალი ერა სწორედ დეციუსმა დაიწყო: მისი სახით ქრისტიანობის დევნას პირველად ჩაუდგა სათავეში უშუალოდ რომის უმაღლესი მთავრობა. იმპერატორის სპეციალური ედიქტი ყოველ მოქალაქეს აიძულებდა ქვეყნის ღმერთებისადმი ლოიალობა მსხვერპლშეწირვით დაედასტურებინა.

ამ დროს კუნძულ კრეტას მართავდა - იმპერატორის სეხნია - ვინმე დეციუსი. ის ასრულებდა უმაღლესი ხელისუფალის ბრძანებას და სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ თამამად აღიარეს ქრისტე და ამხილეს წარმართული მსხვერპლშეწირვის რიტუალები. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.
.......................

ტროპარი ათთა მოწამეთა - კრეტელთა

მთიებად გამობრწყინდა მოწამეთა პატიოსანი მოღუაწებაი წინა მაცისკრებელად ჩუენდა ქუაბსა შინა დაფარულისა, რომელიცა ქალწულმან უთესლოდ გვიშვა.

ბეჭდვა
1კ1