წმინდა მღვდელმოწამე მოდესტოს I, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მღვდელმოწამე მოდესტოს I, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მოდესტოსის მშობლები სებასტიელი ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ და დიოკლეტიანეს დევნის დროს საპყრობილეში აღესრულნენ.

დაახლოებით 305 წელს ობლად დარჩენილი ყრმა საპყრობილის მცველებმა ცნობილ წარმართს მისცეს გასაზრდელად. როცა წამოიზარდა, შეიტყო, რომ მისი მშობლები ქრისტესთვის დაიხოცნენ. ცამეტი წლისა თვითონაც გაქრისტიანდა და შემდეგ აღმზრდელს გაექცა. მან თავშესაფარი ერთ ათენელ ღვთისმოსავ იუვილერის სახლში იპოვა. როცა ოსტატი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ, მთელ იმ ოლქში შეიტყვეს მოდესტოსის შესახებ, რომელიც უხვად გასცემდა მოწყალებას და შეჭირვებულებს ეხმარებოდა. ამან ოსტატის შვილებს შური აღუძრაა და მათაც ეგვიპტეში ყოფნისას ნაძმობი მონად გაყიდეს. წმინდა მოდესტოსმა ღვთის წყალობით ბატონი ქრისტეს რწმენაზე მოაქცია და მანაც ის გაანთავისუფლა.

იერუსალიმში წავიდა მოსალოცად და თავისი ლოცვის ძალით უფლის საფლავის ტაძრის დაკეტილი კარები გააღო. ეს იქ მყოფებმა ღვთის მინიშნებად მიიღეს და წმინდა მოდესტოსი ერთხმად აღიარეს იერუსალიმის მთავარეპისკოპოსად.

მას მერე წმინდანი დაუღალავად იღვწოდა სამწყსოს სულიერი წარმატებისთვის, ანუგეშებდა მათ მამობრივი სიტყვით და მრავალრიცხოვანი სასწაულებით. ღვთისგან იმხელა მოწყალება მიიღო, რომ არამხოლოდ ადამიანებს განკურნებდა სნეულებებისგან, სასწაულებრივად ეხმარებოდა მათ საქონელსაც. ამიტომაც არის დღემდე ტრადიცია, რომ წმინდა მოდესტოსის ხსენების დღეს ნაკურთხ წყალს ასხურებენ ბაგას, თავლას და საცხოვრებელ სახლებსაც კი, რათა მფარველად გაიხადონ დიდი წმინდანი. გარდამოცემით წმინდა მოდესტოსი დიდებული მწყემსმთავრული მოღვაწეობის გამო იუდეველებმა იგი გადასცეს წარმართებს და ხანგრძლივი წამების შემდეგ აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1