მოწამენი: მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი), ათენელი, ერმოგენე და ევგრაფ ალექსანდრიელნი (+313) - 10 (23) დეკემბერი
მოწამენი: მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი), ათენელი, ერმოგენე და ევგრაფ ალექსანდრიელნი (+313) - 10 (23) დეკემბერი
IV საუკუნის დასაწყისში, სასტიკი მაქსიმინეს ხანმოკლე ზეობის ჟამს (308-313 წლები) ეგვიპტის ალექსანდრიაში შფოთი ატყდა, რაც პოლიტიკური განხეთქილებისა და ქრისტიანთა გაძლიერებით იყო გამოწვეული.

მაქსიმინეს ალექსანდრიიდან ელჩობა მიუვიდა და ამ კონფლიქტში ჩარევა სთხოვა, იმპერატორმა კი ერთ-ერთ მრჩეველს, მინას სთხოვა, დაპირისპირებული მხარეები შეერიგებინა.

დიდად განათლებული და წარჩინებული, ათენელი მინა, მჭევრმეტყველების გამო კალიკელადად (ტკბილხმოვანად) წოდებული, ფარული ქრისტიანი გახლდათ და ღვთისგან ნიშანს ელოდა, რომ ეს საქვეყნოდ განეცხადებინა.

ეგვიპტეს რომ ჩავიდა, უმოკლეს დროში დაამყარა მშვიდობა, წარმართთ ქრისტე უქადაგა, ქრისტიანნი კი - რწმენაში განამტკიცა და სიტყვა თვისი მრავალი სასწაულით დაამოწმა, - საკმარისი იყო, სნეულისთვის თავზე ხელნი დაესხა და წმინდა ჯვრის ნიში გარდაესახა, მყის განამრთელებდა. მისმა მხილველმა მრავალმა ალექსანდრიელმა მიიღო ქრისტე.

როგორც კი ეს ამბავი იმპერატორის ყურს მისწვდა, შეშინდა, - მინას ძალაუფლების მითვისება უნდა და შეთქმულებას მიწყობსო, თანამდებობიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ალექსანდრიაში სხვა წარგზავნა, - სახელად ერმოგენე, რომელსაც იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების ავტორიტეტის აღდგენა და მინას გაწარმართება დაევალა.

ერმოგენს, პირდაპირ და პატიოსან ათენელს, სჯეროდა, რომ იმპერატორის ნების აღსრულებით სამართალს აღადგენდა. ალექსანდრიაში მრავალრიცხოვანი მხლებლით წაბრძანდა და, პირველ რიგში, მინა შეიპყრო, შემდეგ ქალაქის ამფითეატრში მოწყობილ სამსჯავროზე უხმო.
მინა ერმოგენეს კითხვებს მტკიცედ და მშვიდად პასუხობდა, უამბო, თუ როგორ გაქრისტიანდა, რის შემდეგაც უფალი მრავალ სასწაულს მოუვლენდა. დამსწრეთა შორის მინას ლოცვით აღსრულებულ სასწაულთა მოწმენიც გამოჩნდნენ და მალე ამფითეატრში იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, შეშინებული მსაჯული ბუნტს მოერიდა და სასამართლო მომდევნო დღისთვის გადაიტანა.

გამთენიისას ერმოგენემ მინას წინ სხვადასხვა საწამებელი იარაღი იმ იმედით დაალაგებინა, ქრისტეზე უარს ძალით ვათქმევინებო, თუმცა, ვერც სიტყვით და ვერც ამ საზარელი იარაღით მისი სიმტკიცე ვერ მოდრიკეს.

მაშინ მინას ტერფები წარკვეთეს, ის კი ტკივილის მიუხედავად, სადიდებელ ჰიმნებს აღუვლენდა შემოქმედს, იქ მყოფთაგან განმხნევებულმა ასეთივე სიმტკიცით დაითმინა ენის წარკვეთა და თვალთა დათხრა.

ბოლოს, როდესაც ნეტარი უგრძნობლად დაეცა მიწაზე, ერმოგენემ მისი კვლავ საპყრობილეში შთაგდება ბრძანა, სადაც თვით მაცხოვარი გამოეცხადა და სრულებით განამრთელა.

მომდევნო დღეს ერმოგენმა, რომელმაც ძლიერ ინანა თავისი სისასტიკე, კვლავ ბრძანა ამფითეატრში ხალხის შეკრება, რომ ამ მამაცი ადამიანისთვის, უკვე გარდაცვლილი რომ ეგონა, საკადრისი პატივი მიეგო და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, მინა უვნებელი რომ იხილა, ორ ნათლითმოსილ ანგელოზთან ერთად მომავალი.

მაშინ ყველას წინაშე დაამოწმა, რომ ქრისტე სიკვდილსა და ყოველგვარ მიწიერ ძალაუფლებაზე მეტი იყო და მოკლე ხანში თავადაც ნათელ იღო.
შვიდ დღეში წმინდა მინას ინიციატივით, ერმოგენე ლექსანდრიის ეპისკოპოსად აირჩიეს და იგი აღსაყდრებისთანავე სამწყსოსთვის მაგალითად იქცა: - მთელი ქონება გლახაკთ უწყალობა, წარმართული საკერპოები დაამხო და ქრისტიანულ ტაძრებად აქცია, მოუკლებლად ქადაგებდა და ვითარცა თავად მაცხოვარი, ყოველს შეეწეოდა, ვისაც სჭირდებოდა.

როდესაც ამ ამბავმა იმპერატორამდე მიაღწია, განრისხდა და ალექსანდრიას მრავალრიცხოვანი არმიით მიაშურა.

ჩასვლისთანავე მოწამეთა მოსადრეკად ახალი სამსჯავრო მოაწყო და რომ ვერას გახდა, ერმოგენესთვის ხელ-ფეხის წარკვეთა და ცეცხლში შთაგდება ბრძანა, შემდეგ - მახვილებით გამოშიგნვა, ბოლოს კი წყალში შთაგდება.

მაქსიმიანე მინას საჯაროდ დასჯას მოერიდა - კვლავ სასწაულს მოახდენს და თავს მომჭრის, რასაც საყოველთაო შფოთი მოჰყვებაო და ბნელ დილეგში მხრებსა და ფეხებზე მძიმე ქვებგამობმული შთააგდებინა, რომ ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოეკვდინებინა, თუმცა, მინაც და ერმოგენეც უფალმა კვლავ განამრთელა, რასაც ბრბოს აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა:

- ქრისტე - ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთია!

ამ საოცარი ამბის მხილველი, წმინდა მინას მდივანი, ევგრაფი, არენაზე პირჯვრის წერით გამოენთო და ხმამაღლა დაამოწმა, - მეც ქრისტიანი ვარ და ჩემი უფლისთვის სიკვდილი პატივად მიჩნსო!

ამან ისე გააშლეგა მაქსიმიანე, ერთ-ერთ მცველს მახვილი გამოგლიჯა და საკუთარი ხელით მოაკვდინა ევგრაფი, მინას და ერმოგენესთვის კი იქვე ბრძანა თავის წარკვეთა.

მარტვილთა ნეშტნი, იმპერატორის ბრძანებითვე, რკინის სკივრში მოათავსეს და ზღვას მისცეს, თუმცა, მძიმე კიდობანი ფსკერიდან ზედაპირზე ამოტივტივდა და თორმეტი დღის შემდგომ ქალკედონის მახლობელ სანაპიროს მიაღწია.

ზეგარდამო ცეცხლოვან სვეტდამდგარი კიდობანი მყისვე შენიშნეს და ნაპირზე გამოაბრძანეს, თუმცა, მოწამეთა წმინდა ნაწილნი მალე დაივიწყეს, მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდგომ, X საუკუნეში, მათგან გარდამომავალი ღვთიური მადლისა და უამრავი სასწაულის გამო, კვლავ გაიხსენეს და სათანადო პატივი მიაგეს.

ტროპარი:
მარხვითა ვნებანი, სახედ ცეცხლისაი აღსრულნი, მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულმოქმედად გამოსჩნდით; ეჰა საკჳრველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშუელნი აღმოაცენებენ კურნებასა. დიდებაჲ მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.

კონდაკი:
მინას საკჳრველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფოს ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთჳს თავს-მდებელთა, და გუნდსა თანა უხორცოთასა, ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.

სხუა კონდაკი:
სიტყჳთა მით შენითა ხმატკბილად მეტყუელითა, ერმოგენი, აღმოიყვანენ კაცნი სიღრმით უმეცრებისაით, და დაადგინენ კლდესა ზედა ცხორებისასა, და შენცა, ევგრაფოს, ამხილე რა მეფესა, მოხარულსა წარგეკუეთა თავი, აწ უკუე ევედრენით წადიერად ღმერთსა მინას თანა, ცხორებად ჩუენ ყოველთა, რომელნი სურვილით პატივს-გცემთ თქუენ.

ბეჭდვა
1კ1