წმინდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და 300 ერისკაცი, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდარნი (+477) - 08 (21) დეკემბერი
წმინდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და 300 ერისკაცი, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდარნი (+477) - 08 (21) დეკემბერი
429 წელს, 80 ათასზე მეტმა ბარბაროსმა ვანდალთა ტომიდან ესპანეთიდან სამხრეთ აფრიკას მიაშურა, ათ წელიწადში იქაურობა მიისაკუთრეს და ყველგან სიკვდილი და ნგრევა შეიტანეს.

მათმა წინამძღვარმა, გაიძვერა და სასტიკმა ჰეიზერიკმა (ან ჰენზერიკმა), რომაელთა სიძულვილით არიანელობა მიიღო და მართლმადიდებელთა იმგვარი დევნა იწყო, თვით დეციუსსა და დიოკლეტიანესაც რომ არ დასიზმრებიათ.

ვანდალები პირდაპირ ტაძრებში, წირვისას უვარდებოდნენ ქრისტიანთ, ისრებს უშენდნენ, აწამდებდნენ, ასახლებდნენ ან ტაძრებს ართმევდნენ, რომელთაც შემდგომ არიანელთ გადასცემდნენ.

დროთა განმავლობაში ახალ-ახალ, შემზარავ სატანჯველებს იგონებდნენ, რომ ქრისტიანნი არიანული შხამით მოეწყლათ, - მოწმეთა ცნობით, ქრისტიანთა ნაწილს ბაგეებს უხევდნენ და პირში ათასგვარ სისაძაგლეს უტენიდნენ, მეორეებს - ფეხებით ჰკიდებდნენ და სახესა და მთელ სხეულზე ხარის ძარღვების მათრახით გვემდნენ, სხვებს კი პირში ზღვის წყალს და ძმარს ასხამდნენ.

ამ მარტვილთა შორის ამ დღეს ეკლესია იხსენიებს ვანდალთაგან ტაძრებში ცოცხლად გამომწვარ ქრისტიანებს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რომ ადიდებდნენ უფალს, იმ სამასი კართაგენელის მსგავსად, არიანულ ნათლობას სიკვდილი რომ ამჯობინეს.

477 წელს, ჰეიზერიხის სიკვდილმა აფრიკელ მართლმადიდებელთ ერთგვარი მშვიდობა მოჰგვარა, თუმცა, მალევე, მეფე ჰუნერიხის (477-484 წლები) და ჰუნტამუნდის (484-497 წლები) დევნა ძველ მასშტაბებში აღდგა..

სწორედ იმ დროს განიდევნენ მავრიტანიის უდაბნოში 4970 სასულიერო პირნი, რომელთაც გამოუთქმელი ტანჯვა ეწიათ.

484 წელს, არიანელებთან საღვთისმეტყველო კამათისთვის ჰუნერიხმა კართაგენს ყოველ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს უხმო - 466 ადამიანს და გაარიანელება მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი - წამებით და ეკლესიების წართმევით დაემუქრა.

გაძარცვული და ქალაქიდან განდევნილი მღვდელმთავარნი, სხვა ქრისტიანებთან ერთად მრავალ განსაცდელს ეწივნენ, - ზოგს შიმშილით აღმოხდა სული, ზოგი - ბარბაროსთა თარეშს ემსხვერპლა, ზოგი კი - სნეულებამ მოწყლა.

თითქმის ას წელიწადს გაგრძელდა აფრიკელ ქრისტიანთა ტანჯვა, რომელიც დროდადრო, მცირე ხნით თუ მიჩუმდებოდა ხოლმე, მხოლოდ იუსტინიანეს მიერ ვანდალთა ძლევის შემდგომ, - 523-525 წლებში პოვეს ნანატრი მშვიდობა სამხრეთ აფრიკის ქრისტიანებმა.

ბეჭდვა
1კ1