წმინდა მოწამე მიროპია (+დაახლ. 251) - 02 (15) დეკემბერი
წმინდა მოწამე მიროპია (+დაახლ. 251) - 02 (15) დეკემბერი
ეს ნეტარი დედა III საუკუნეში დაიბადა ეფესოში და ნათლისღებისთანავე იქცა მოციქულ ფილიპეს ოთხი ასულიდან ერთ-ერთის, წმინდა ერმიონიას სამარის მსახურად.

ნეტარი ერმიონიას სხეული უხვად მირონმდინარებდა, რის გამოც საკურნებლად მის გარშემო უმარავი ადამიანი იყრიდა თავს.

დეციუსის ჟამინდელი დევნისას დედამისმა მიროპია კუნძულ ქიოსს შეაფარა, სადაც მასთან ერთად მოუკლებელ ლოცვას და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, თუმცა, მყუდროება მალე კუნძულის ახალმა მმართველმა - ნუმერიანემ დაურღვია, რომელიც უმოწყალოდ დაერია ადგილობრივ ქრისტიანებს, იმ დრომდე შედარებით დაცულად რომ გრძნობდნენ თავს.

მისი პირველი მსხვერპლი ზნემაღალი მეომარი, წმინდა ისიდორე (ხსენება 14 მარტს) გახლდათ, - ნეტარმა ქრისტეს უარყოფას საზარელი წამება და სიკვდილი არჩია, რის შემდგომაც ნუმერიანემ თავი მოჰკვეთა, ტანი კი ხევში მოისროლა მხეცთა საჯიჯგნად.

წმინდა მიროპიამ, რომელსაც მთელი არსებით ეწადა წმინდა მეომრისთვის საკადრისი პატივის მიგება, ღამით მსახურთან ერთად ხევს მიაშურა, ნუმერიანეს მიერ იმ ადგილას დადგენილ მცველთა ყურადღების მოდუნება შეძლო, ისიდორეს წმინდა ნაწილნი კრძალვით შეკრიბა და პატივით დაფლა.
ამის გამგონე, ცოფქმნილმა ნუმერიანემ ჯავრი საბრალო ჯარისკაცებზე იყარა, - სანამ ისიდორეს სხეულს არ იპოვით, არ დამენახვოთ, თორემ სულს ამოგხდითო, - ღრიალებდა გაცეცხლებული.

ქუჩა-ქუჩა მოხეტიალე, ჯაჭვებასხმულ, საბრალო ჯარისკაცთა შემხედვარე მიროპიას გული თანაგრძნობით აღევსო, მეომრებს მიუახლოვდა და აუწყა, - ცხედარი მე დავმარხეო, რის შემდეგაც მყისვე მმართველს მიჰგვარეს.

ამ უკანასკნელმა ნეტარი ჯერ აწამა, შემდეგ - ბნელ დილეგს უკრა თავი, სადაც განუწყვეტელ ევედრებოდა უფალს სიმტკიცეს.

შუაღამისას მისი ბნელი საკანი არამიწიერმა ნათელმა მოიცვა და მიროპიას ანგელოზთა გუნდით გარშემორტყმული, თვით წმინდა ისიდორე გამოეცხადა:
- მშვიდობა შენდა, ისმინა შენი ლოცვა ყოვლადძლიერმა და გვირგვინი განგემზადა, რომ საუკუნოდ ჩვენ შორის ჰგიებდე!

სიტყვა დაასრულა თუ არა, ნეტარმა მიროპიამ სული განუტევა, ნესტიანი და მყრალი საკანი კი საკვირველმა კეთილსურნელებამ აღავსო.

ამ სასწაულის მხილველმა ციხის მცველმა ქრისტე იწამა და მიროპიას მსგავსად, მოწამებრივად აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1