წმინდა ახალმოწამე ანასტასი ეპირელი (+1750) და ღირსი დანიელი (+1764) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა ახალმოწამე ანასტასი ეპირელი (+1750) და ღირსი დანიელი (+1764) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა ანასტასი წარმოშობით ეპირის პარამიფიიდან იყო. ერთხელ, სხვა ქრისტიანებთან ერთად, სამკალში წავიდა, იქვე იყო მისი დაც. ამ დროს მინდორს ჩაუარა ადგილობრივი მმართველის ვაჟმა, სახელად მუსა თურქმა სხვა მუსლიმანებთან ერთად. მუსა ქალიშვილის დანახვაზე არაწმინდა სურვილებით აინთო და მისი გაუპატიურება დააპირა. ანასტასიმ მუსა შებოჭა და დას გაქცევის საშუალება მისცა. ამ დროს მოირბინეს სხვა ქრისტიანებმა და ჭკუა ასწავლეს მოძალადეს. ეს უკანასკნელი განრისხდა და ფაშას წინაშე ანასტასის ცილი დასწამა. ფაშამ ანასტასი შეაპყრობინა, მიიყვანეს მასთან. ფაშამ სიმართლე კი გაიგო, მაგრამ დაინახა რა მამაცი და ლამაზი ჭაბუკი, ყველანაირი ხერხებით მისი გამუსლიმანება სცადა, ხან მოეფერა, ხან დაემუქრა. ამას¬თან ცრუ მოწმენი ამბობდნენ, ანასტასი დაგვპირდა, მუსლიმანობას მივიღებო.

ანასტასიმ ეს რომ გაიგონა, მხნედ და კადნიერად განაცხადა:

- ასეთი რამ არასოდეს მითქვამს, მე ქრისტიანი ვარ და ჩემი ქრისტეს შეწევნით ქრისტიანად მოვკვდები. ხოლო იმ სიკეთეებს, რასაც მპირდებით, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მე საუკუნო სასუფეველი მელოდება ზეცაში.

იქ მყოფი თურქები მაინც გაიძახოდნენ:

- შენ ისლამის მიღებას დაგვპირდი და ახლა უარს ამბობ პირობის შესრულებაზე?

- მე ასეთი რამ არასოდეს მითქვამს, არც კი გამიფიქრებია და არაფრის გულისთვის არ უარვყოფ ჩემს წმინდა სარწმუნოებას, რომლის გულისთვის მზად ვარ, მოვკვდე. ეს სიცრუე და ცილისწამებაა. მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები.

ამ სიტყვების მერე ფაშას ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ფაშასთან ერთი მეგობარი მივიდა, როცა მან ანასტასის შესახებ შეიტყო, ურჩია:

- ეს ქრისტიანები ჯიუტები არიან, თავიანთ რწმენას არ დაუტევებენ, თუნდაც საშინლად აწამო, მზად არიან სიკვდილისთვის. ამიტომაც ნუღარ დაემუქრები. არამედ საპყრობილიდან გამოიყვანე, მოეფერე, სიმდიდრე და სხვა სიკეთეები შესთავაზე და ამგვარად დაიმორჩილებ.

ფაშამ ყმაწვილი დილეგიდან გამოიყვანა და მისი ცდუნება სცადა, უამრავი მიწიერი სიმდიდრე შესთავაზა. უთხრა, ჩემს ვაჟად გაღიარებ, ჩემს ულამაზეს ქალიშვილს შეგრთავ ცოლად, თუ ისლამს მიიღებო.

ანასტასი შეძრწუნებული, ზიზღით უსმენდა ფაშას მაცთუნებელ სიტყვებს და ბოლოს უთხრა:

- მე ზეცაში შეუდარებლად უკეთესი, წმინდა და დაუსრულებელი სიკეთე მაქვს და არასოდეს მივიღებ თქვენს ხრწნად და ამაო საგნებს. ნუ იყოფინ! არასოდეს ვიტყვი ჩემს რწმენაზე უარს.

გაბრაზებულმა თურქებმა ტყვე ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ფაშას ვაჟი მუსა ჩააფიქრა ანასტასის ნათქვამმა:

- რა არის ასეთი ქრისტიანთა რწმენა, რომ მიუხედავად სიღარიბისა, ეს კაცი ამდენ სიმდიდრესა და პატივზე უარს ამბობს, ოღონდ კი თავის რწმენას არ უღალატოს, - ფიქრობდა მუსა და გადაწყვიტა, ანასტასისთან ციხეში შეპარულიყო და გასაუბრებოდა. უფალმაც მისი კეთილი განზრახვა რომ დაინახა, უდიდესი სასწაული მოუხდინა, რათა მასში ინტერესი უფრო გაეღვივებინა. როგორც კი მუსა საპყრობილეში შევიდა, ანასტასისთან ერთად ორი ნათლით მოსილი ჭაბუკი შენიშნა, მათ ბრწყინვალებას თვალი ვერ გაუსწორა და შეშინებული მიწაზე დაემხო. მაშინ წმინდანმა ანიშნა ამ ჭაბუკებს და ისინიც წავიდნენ. მუსა მიუახლოვდა მას და ჰკითხა, ვინ იყვნენ ისინი და რატომ ამბობ უარს სიმდიდრეზეო, რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- ისინი ქრისტიანთა მფარველი ანგელოზები იყვნენ. ჩვენ, ქრისტიანებს, ყველას თითო მფარველი ანგელოზი გვყავს, რომელიც ამ სოფელში გვიცავს და როცა გარდავიცვლებით, ჩვენი სულები ზეცაში მიჰყავს. რაც შეეხება სიმდიდრეს. ზეცაში უხრწნელი და საუკუნო სიმდიდრეა, რომელი ათასგზის აღმატებულია მიწიერ საგნებზე.

ეს რომ მოისმინა, ყმაწვილი საღმრთო მადლით აივსო და სთხოვა, ქრისტიანი გაეხადა. რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- რასაც მთხოვ, ამის გაკეთება ახლა შეუძლებელია, რადგან მამაშენი შეიტყობს და ყველა ქრისტიანს ამოხოცავს. შენ მხოლოდ ფარულად გწამდეს ქრისტესი და ის სურვილს აგისრულებს.

უთხრა ეს წმინდანმა მუსას, ჯვარი გადასახა და მშვიდობით გაუშვა. ღვთივგანბრძნობლი მუსას უბედურმა მამამ როცა დაინახა, წმინდა ანასტასი სიცრუით ვერ მოინადირა, ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ და მონასტრის სიახლოვეს თავი მოეკვეთათ. დარაჯები დაუდგინა, რომ ქრისტიანებს მისი გვამი არ აეღოთ. თავმოკვეთილი მოწამის სხეულს იმ ღამეს ნათელი დაადგა. მეორე ღამეს წმინდა ანასტასი ფაშას გამოეცხადა და მკაცრად უბრძანა, მისი სხეული იქვე მდგარი მონასტრისთვის გადაეცა. შეშინებული ფაშა ასეც მოიქცა. მონასტრის მამები ანთებული სანთლებითა და გალობით შეეგებნენ და წმინდა ანასტასი დიდი პატივით დაკრძალეს.

ფაშას ვაჟი, მუსა, ფიქრობდა მომხდარზე და უფალს წყალობას ევედრებოდა, მიენიჭებინა მისთვის ნათლისღების მადლი. ერთხელ, მისმა დამ მამამისი მეზობელ სოფელში ქორწილში მიიწვია, მან კი თავის ნაცვლად მუსა გააგზავნა. მან დრო იხელთა და ჯერ წმინდანის საფლავთან მივიდა, იგი ცრემლმორეული ევედრებოდა მოწამეს, ვიდრე ღვთისმსახურება არ დაიწყო. ლოცვის დროს მუსას ჩათვლიმა, ამ დროს წმინდა ანასტასი გამოეცხადა და ანუგეშა:

- ნუ სწუხხარ, ძმაო, შენი გზით წადი და მიიღებ სასურველს.

გახარებული მუსა ქორწილში წავიდა. იმავე ღამეს, როცა მუსას მისთვის განკუთვნილ ოთახში ეძინა, ნათლით მოსილი ანგელოზი გამოეცხადა, ოთახიდან გაიყვანა და წყაროსთან ერთ ბერდიდს ჩააბარა, რომელთან ერთად პელოპონესამდე მივიდა. აქ ყმაწვილს ღვთისმშობლის ხმა მოესმა მისი წმინდა ხატიდან, რომელმაც ანუგეშა იგი, გააძლიერა განზრახვაში.


მათ რამდენიმე დღის შემდეგ პატრამდე მიაღწიეს. იქ მუსას მოძღვარმა მხცოვან მართლმადიდებელ ქრისტიანებთან წერილი გაატანა და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც გააყოლა. ვენეციაში ჩასული მუსა ქრიტიანებმა მონათლეს და სახელად დანიელი უწოდეს. იგი კუნძულ კორფუს ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. სწორედ მან მოუთხრო მამებს წმინდა ანასტასის მოწამეობის ამბავი. თვითონ დანიელსაც სურვილი კლავდა მოწამებრივად აღსრულებულიყო, რაზეც მამები ერთხანს ნებას არ აძლევდნენ. მაგრამ ის ბოლოს მაინც ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ქრისტესთვის ეწამა 1764 წელს.

ბეჭდვა
1კ1