წმინდა მღვდელმოწამე ფილუმენი (+1979) - 16 (29) ნოემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ფილუმენი (+1979) - 16 (29) ნოემბერი
წმინდა ფილუმენი დაიბადა 1913 წელს, კვიპროსზე, ნიქოზიის მეზობელ სოფელ ორუნდში გიორგი და მაგდალინა ხასაპისების მრავალშვილიან ოჯახში.
მშობლებს მის გარდა კიდევ თორმეტი შვილი ჰყავდა, მათ შორის იყო მისი ტყუპისცალი ალექსანდრე. ისინი ყრმობიდანვე დიდი ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდნენ. ერთხელ როცა ტყუპი ღირსი იოანე მმარხველის ცხოვრებას კითხულობდა, ისე მოხიბლა ამ მიწიერი ანგელოზის ჰეროიკულმა მაგალითმა, რომ მაშინვე უერთიერთშეთანხმებით ჩუმად დატოვეს მშობლები და სტავროვუნის მონასტერში მივიდნენ, მაშინ ისინი 12-14 წლისანი იყვნენ.
გიორგი და მაგდალინა ხასაპისების მრავალშვილიანი ოჯახი
ეს მონასტერი იმხანად იფურჩქნებოდა, იქ ათონის კინოვიური მონასტრების მსგავსი ტიპიკონით ცხოვრობდნენ. მონასტერში წმინდა სანთელივით ბრწყინავდა ღირსი მამა კვიპრიანე - სულიერი გოლიათი, რომლის ცხოვრებაცა და მაგალითიც აკურთხებდა და განამშვენებდა მთელი კვიპროსის ეკლესიის სულიერ ჰორიზონტს.
სტავროვუნის მონასტერი
წმინდა მამებთან ურთიერთობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ნორჩი მოსაგრეების სულებს. სტავროვუნის მონასტერში მათ მხოლოდ ექვსი წელი დაჰყვეს. მაგრამ რადგანაც მონასტერში მძიმე ცხოვრებისეული პირობების გამო ძმებს ჯანმრთელობა ძალზე შეერყათ, დატოვეს ეს წმინდა სავანე და პალესტინაში წავიდნენ. იქ ისინი შეუერთდნენ მაცხოვრის წმინდა საფლავის საძმოს, ამასთან, იერუსალიმის ეკლესიის გიმნაზიაში სწავლობდნენ. 1937 წელს ძმები მონაზვნად აღიკვეცნენ ფილუმენის და ელპიდეს სახელით. იმავე წელს ძმებს ბერდიაკვნად დაასხეს ხელი, ხოლო 1940 წელს ელპიდე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. იგი ალექსანდრიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიწვია. რაც შეეხება, სწავლების დასრულების შემდეგ ის სხვადასხვა მორჩილებას ასრულებდა იერუსალიმის საპატრიარქოში, ერთხანობა წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში ცხოვრობდა. 1944 წლის 01 ნოემბერს ფილუმენის მღვდელ-მონაზვნად ხელი დაასხეს. იგი გულმოდგინედ ასრულებდა ყველა მორჩილებას, რასაც საპატრიარქო ავალებდა.
იგი მსახურობდა წმინდა საბას მონასტერში, ბეთლემში, შემდეგ მოციქულთა სახელობის მონასტერში ტიბერიადის ტბაზე და მთავარანგელოზთა მონასტერში იაფეში. იერუსალიმში მოუხმეს და მთავარანგელოზთა ეკლესიაშიც მსახურობდა. იყო წმინდა თეოდოსის მონასტრის იღუმენი და კონსანტინესა და ელენეს საპატრიარქო ტაძრის წინამღვარი.
წმინდა ფილუმენის ტყუპისცალი მამა ელპიდე
1977 წელს წმინდა ფილუმენი ნეაპოლში (ნებლუსი) იაკობის ჭასთან მდებარე მონასტრის იღუმენად დანიშნეს, სწორედ იმ ადგილას იესო შეხვდა სამარიტელ დედაკაცს. ის დიდი მოშურნეობით შეუდგა სულიერ მოსაგრეობას. ამასთან მან დაიწყო სახსრების მოძიება და სათანადო ნებართვის შემდეგ შეუდგა წმინდა ფოტინე სამარიტელის (ხს. 26 თებერ.) ტაძრის აგებას, რომელიც დაუსრულებელი იდგა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
უფლის საფლავთან. მარცხნიდან პირველი დგას მამა ელპიდე, ხოლო მარჯვნივ-წმინდა ფილუმენი
წმინდა ფილუმენი რბილი და გულთბილი ადამიანი იყო. მას მშვიდობიანი დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ქრისტიანებთან, ისე მუსლიმანებთან და იუდეველებთან. ის იუდეველებს ნებას აძლევდა იაკობის ჭასთან მოსულიყვნენ ყოველ კვირას და ლოცვა ჩაეტარებინათ. მაგრამ მალე ზოგიერთმა ფანატიკოსმა მას ჯვრებისა და ხატების აღება მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ იაკობის ჭა იუდეველთა სიწმინდეა და ქრისტიანული სიმბოლიკა მათ ხელს უშლიდა ლოცვაში. მამა ფილუმენმა მტკიცე უარი განაცხადა და მათ რამდენჯერმე მშვიდად აუხსნა, რომ იაკობის ჭა ქრისტიანთა სიწმინდეცაა და აქ საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელი ტაძარი დგას, რომ ორი ათასი წელია ქრისტიანები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მათ პრეტენზიებს საფუძველი არა ჰქონდათ. მას მერე რაც ის ამ ადგილას მოვიდა, მუდმივად მის დაშინებას ცდილობდნენ, მაგრამ მან ებრაული ენა იცოდა და თავისი პასუხებით აცოფებდა და პირს დაუხშობდა ფანატიკოსებს. ერთი მათგანი ყოველდღიურად მიდიოდა სალოცავად. წმინდა ფილუმენი, რომელსაც მყუდროება და სიმშვიდე უყვარდა, ცდილობდა მოსული იუდეველი არ გაეღიზიანებინა და როცა ის ეკვდერში შევიდოდა, იგი ლოცვას წყვეტდა და მხოლოდ მაშინ აგრძელებდა, როცა იუდეველი წავიდოდა. მსგავს სირთულეებზე ხშირად ახსენებდა საუბრებში უახლოეს სასულიერო პირებთან.
მოწამეობამდე ერთი კვირით ადრე მამა თეოდოსის, ბეთანიაში წმინდა ლაზარეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს ესტუმრა და ჰკითხა:
- როგორ მოვიქცე, მამაო? დაე მომკლან, რას ვიზამ? მოწამეობა მაცხონებელია.
მიუხედავად მუქარისა, რაც ესმოდა, წმინდანმა გადაწყვიტა ადგილზე დარჩენილიყო.
იაკობის ჭასთან
ერთი კვირის შემდეგ 29 ნოემბერს (ძველი სტილით 16 ნოემბერი – წმინდა მოციქულ მათეს ხსენების დღე), თავსხმა წვიმაში ფანატიკოსი იუდეველები კვლავ შეიჭრნენ მონასტერში. მომლოცველები არ იყვნენ. ოთხ საათზე დარაჯიც წავიდა. მკვლელები მის წასვლას დაელოდნენ. არქიმანდრიტი ფილუმენი შემოსილი იყო და მწუხრის მსახურებისთვის ემზადებოდა. მკვლელებმა მას ცინიკურად შესთავაზეს უარეყო ქრისტე. მამა ფილუმენისგან პასუხად ცივი უარი მიიღეს. გამძვინვარებულებმა დაიწყეს მისი წამება: თავდაპირველად, მამა ფილუმენს მაკურთხეველი მარჯვენის სამი თითი ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს, სახე ნაჯახით ჯვრისებრ დაუჩეხეს (ზემოდან ქვემოთ და ყურიდან ყურამდე) და თვალები დასთხარეს. შემდეგ მამა ფილუმენის თავი ოთხ ნაწილად დაჩეხეს და დაფლეს. მტარვალები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ საშინელი წამებით და ტაძრის შეურაცხყოფას შეუდგნენ: შებილწეს ბარძიმ-ფეშხუმი, სამღვდელმთავრო ჯვარი, სანაწილე. ბოლოს როცა გაიქცნენ, თვითნაკეთი ყუმბარაც ააფეთქეს, და საბოლოოდ დაამსხვრიეს ყველაფერი.
ამბობენ, როცა წმინდა ფილუმენს აწამებდნენ, ეს რაღაცნაირად იგრძნო და იხილა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ტყუპისცალმა მამა ელპიდემ.
მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე დარაჯმა აღმოაჩინა მამა ფილუმენის დაჩეხილი სხეული. შეატყობინეს პოლიციას, საპატრიარქოს. ადგილზე მივიდნენ მიტროპოლიტები ბასილი და პეტრე, რამდენიმე მამა. საშინელი სანახაობა დახვდათ: ხატები და სიწმინდეები დიდი გამძვინვარებით დამსხვრეული, ჯვარს მარჯვენა მკლავი ჰქონდა მოჭრილი. ბომბს კი იქაურობა ისე მიენგრია, იფიქრებდი ეს ტაძარი დიდი ხნის მიტოვებულიაო.
წმინდა ფილუმენის სხეული თელ-ავივში წაიღეს გასაკვეთად. ხუთი დღის შემდეგ წმინდა საფლავის საძმოს შეატყობინეს, რომ შეეძლოთ წმინდა ფილუმენის ცხედრის წამოღება. არქიმანდრიტი სოფრონი ჰყვებოდა: "ჩემთან ერთად საპატრიარქოდან კიდევ სამი მამა წამოვიდა. მამა ფილუმენის სხეული სრულიად შიშველი გადმოგვცეს. როცა ვკითხეთ, სამოსი სად არისო, გვიპასუხეს - ნეაპოლშიო (ნებლუსში). კიდევ კარგი, ყველაფერი თან გვქონდა წაღებული და მისი შემოსვა შევძელი! მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იყო დაჩეხილი! მის ნაწამებ სახეს ვერ იცნობდით".
დამწუხრებულმა მამებმა წმინდანის სხეული წამოიღეს და მის დასაკრძალად მომზადებას შეუდგნენ. საოცარი რამ მოხდა, გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ მამა ფილუმენის სხეული არ იყო გაქვავებული, არამედ რბილი, მოქნილი გახლდათ, როგორც სიცოცხლეში. მამა სოფრონი იგონებს: "როცა მისი შემოსვა მარტომ დავიწყე, რადგან ჭრილობების გამო სხვებს მისი შეხედვაც კი არ შეეძლოთ, მამა ფილუმენს ვუთხარი, როგორც ცოცხალს: - ჩემო მამაო, ჩაცმაში დამეხმარე, ხედავ, მარტო ვარ-მეთქი. როცა პერანგის ჩაცმა დავუწყე, ერთი ხელი თავისით ჩაეშვა სამკლავეში, მერე მეორე. ფეხებიც! მე ისინი შევაერთე როცა ვაცმევდი, როცა დავასრულე, ისინი ასე დარჩნენ".
შემოსილი მამა ფილუმენი ჯერ საპატრიარქოში გადაასვენეს, შემდეგ წმინდა თეკლას ეკლესიაში. იქ 1979 წლის 4 დეკემბერს მას წესი აუგეს. უამრავი ხალხი ესწრებოდა წესის აგებას: უფლის საფლავის მცველები, გარდაცვლილის ნათესავები, მართლმადიდებლები, სხვა აღმსარებლობის მორწმუნენი, მუსლიმანები, ხოჯებს, ის ყველას უყვარდა, სურდათ უკანასკნელად ეამბორათ მისი სხეულისთვის. ყველა დასტიროდა, რადგან იყო კეთილი და წმინდა სულიერი დამრიგებელი. ამბობენ, რომ დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა. ისრაელის მთავრობამ პოლიციის გაძლიერებული კორდონი გამოჰყო, რადგან შურისძიების ეშინოდათ. წმინდა ფილუმენი სიონის წმინდა მთაზე, უფლის საფლავის საძმოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
პოლიციამ მკვლელი დააკავა და მან აღიარა დანაშაული. ამ რელიგიურ ფანატიკოსს მანამდე სხვა დანაშაულიც ჩაუდენია: მოუკლავს ერთი თელ-ავიველი ექიმი და მუსლიმანი.
მკვლელობიდან 4 წლის თავზე, 1983 წლის 30 ნოემბერს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა დიოდოროსმა, მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასა და ბერმონაზვნობასთან ერთად, არქიმანდრიტ ფილუმენის კანონიზაციის მიზნით, სამარხი გახსნა, იგი სამარხიდან ამოასვენეს და ფრთხილად შეხსნეს სუდარა. მამა ფილუმენის თავი სასწაულებრივად გამრთელებულიყო და წმინდა ნაწილებს საამო სურნელი შესძენოდა, წვერიც კი გაზრდოდა მიცვალებულს – ნეშტი უხრწნელი აღმოჩნდა(!).
წმინდანის ნეშტი განბანეს, ახალ სუდარაში გაახვიეს და სიონზე ბერძნული სემინარიის სამების სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც რამდენიმე თვე იყო. შემდეგ კი ახალ კუბოში დაასვენეს და სიონის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1985 წლის 8 იანვარს წმინდა ფილუმენის ნეშტი კვლავ მოიპოვეს და სამების ტაძარში სპეციალურად მოწყობილ ლუსკუმაში ჩაასვენეს. 2008 წლის 29 აგვისტოს სამარიაში იაკობის ჭასთან აგებულ წმინდა ფოტინე სამარიტელის ახლად აგებული ტაძრის კურთხევის წინა დღეს წმინდა ფილუმენის ნეშტი იერუსალიმიდან ნებლუსში გადაასვენეს. 2009 წლის 11 სექტემბერს იერუსალიმს წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი ფილუმენი წმინდანად შერაცხა.
ამჟამად წმინდა ახალმოწამე ფილუმენის კეთილსურნელოვანი წმინდა ნაწილები ლუსკუმაში განისვენებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ფრესკასთან. თვითონ ფრესკას ნატყვიარი ემჩნევა. აქ ერთხელ შეიარაღებული ებრაელი ჯარისკაცები შემოსულან. ერთ-ერთ მათგანს "ცელქობით" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკისთვის უსროლია. ტყვია ღვთისმშობლის გამოსახულებას მოხვედრია, აუსხლიტავს და მსროლელის გული გაუგმირია. უსულოდ წაქცეული მეგობრის დანახვაზე სხვა ჯარისკაცები თავზარდაცემული მიმოფანტულან.
..................................
აქვე წაიკითხეთ:

დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა
ბეჭდვა
1კ1