წმინდა მღვდელმოწამე იპატი, ღანგრის ეპისკოპოსი (IV) - 16 (29) ნოემბერი
წმინდა მღვდელმოწამე იპატი, ღანგრის ეპისკოპოსი (IV) - 16 (29) ნოემბერი
წმინდა მღვდელმოწამე იპატი ერთ-ერთი გახლდათ იმ სამას თვრამეტ ეპისკოპოსს შორის, რომელიც 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა. იგი პაფლაგონიაში მოღვაწეობდა და ქალაქ ღანგრის მღვდელმთავარი იყო.

წმინდა იპატის უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. მას შეეძლო ბოროტი სულების განდევნა. ერთ-ერთ სოფელში იპატიმ ლოცვით მთიდან მომავალი სასმელად უვარგისი წყალი სუფთა და სასარგებლო გახადა. ლოცვით მოაკვდინა საშინელი გველი. მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის ვაჟების - კონსტანციუსის (337-361 წწ.) და კონსტანტინე-უმცროსის (337-340 წწ.) ზეობის დროს საიმპერატორო სასახლეში საიდანღაც მოხვდა ძალიან დიდი შხამიანი გველი. უხსენებელი სამეფო საგანძურის საცავის შესასვლელთან იყო გაწოლილი. ქვეწარმავალი არავის აძლევდა ოთახში შესვლის უფლებას. რადგან ღანგრის ეპისკოპოსის სასწაულქმედების ნიჭის შესახებ საიმპერატორო კარზეც იცოდნენ. იმპერატორმა კონსტანციუსმა მსახური გაგზავნა მღვდელმთავართან და კონსტანტინოპოლში იხმო. იმპერატორი პატივით შეხვდა დედაქალაქში ჩამოსულ იპატის, თაყვანისცა და სთხოვა, დახმარებოდა თავი დაეღწიათ საშინელი გველისაგან, რომელთანაც ადამიანური ძალა უძლური იყო.

მღვდელმთავარი დიდხანს ლოცულობდა მუხლმოდრეკით. შემდეგ იმპერატორს უთხრა, ქალაქის მოედანზე მისი მამის კონსტანტინე დიდის ქანდაკებასთან მდგარი ღუმელი გაეხურებინა და იქ დალოდებოდა. იპატი საეპისკოპოსო კვერთხით მიუახლოვდა სახაზინო დარბაზს. ლოცვით აღაპყრო თვალები ზეცას, შემდეგ კვერთხი პირში ჩაუდო გველს და უთხრა:

- უფალი ჩემი იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამომყვე!

ხალხი შეშინებული და გაოცებული შეჰყურებდა ეპისკოპოსს. გველს პირში ედო საეპისკოპოსო კვერთხი და დატყვევებულივით მიჰყვებოდა იპატის. ქალაქში შეგროვილი ხალხი განცვიფრებული შეჰყურებდა მღვდელმთავარს. მთავარ მოედანზე გახურებულ ღუმელთან ღირსმა იპატიმ გველს უთხრა:

- უფალ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, შეხვიდე გახურებულ ღუმელში. ქვეწარმავალი დაემორჩილა ეპისკოპოსის სიტყვას. იმპერატორი მადლობდა ღმერთს და ღირს იპატის.

ერთხელ, როდესაც წმინდა იპატი კონსტანტინოპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმინდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმინდა იპატის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმინდა მღვდელმთავრის ნაწილები.

მღვდელმოწამე იპატის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

წმინდა იპატის ხსენება 31 მარტს და 16 ნოემბერსაა.

ბეჭდვა
1კ1