მღვდელმოწამე ვასილი ბოჟარიჩი (+1941) - 15 (28) ნოემბერი
მღვდელმოწამე ვასილი ბოჟარიჩი (+1941) - 15 (28) ნოემბერი
მამა ვასილი დაიბადა 1895 წლის 14 იანვარს, მისი მამა-პაპა მღვდლები იყვნენ. მამა ვასილი მონაწილეობდა სერბთა გამათავისუფლებელ ბრძოლებში 1912 და 1918 წლებში. ომის გამო დროულად ვერ მიიღო განათლება. 1920 წელს დაამთავრა პრიზრენის საღვთისმეტყველო პედაგოგიური სკოლა და მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. იმავე წელს დაქორწინდა პავკე მილევიჩზე. 1921 წელს მღვდლად ხელი დაასხეს და მას მერე, ვიდრე მოწამებრივ აღსასრულამდე, ერთგულად ემსახურებოდა დედა ეკლესიას. მამა ვასილი იცავდა რწმენას, ეკლესიას, ტრადიციებს. ებრძოდა სიწმინდეთა შემბილწველებს. ის არა მარტო თავის სამრევლოს ემსახურებოდა, სულიერად გამოჰკვებდა ლეშკოპოლის სამრევლოსაც, რომელსაც მღვდელი არ ჰყავდა. ხშირად ესმოდა ასეთი სიტყვები: "გეყოფა, მამაო, შენ აღარ გვჭირდები, დროა ნიღაბი ჩამოიხსნა, თვალი გაახილო. ძირს ეკლესია, ძირს თქვენი ლოცვები, ძირს თქვენი მანტია", რაზეც მამა ვასილი პასუხობდა: - შვილებო, თავისუფლებისკენ კი არ მიგყავთ ხალხი, არამედ სასაფლაოსკენო.

მამა ვასილი უღმერთო კომუნისტების მსხვერპლი გახდა, ის მათ 1941 წლის 15 ნოემბერს გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ დღეს, მორწმუნეთა თხოვნით, მამა ვასილი მეზობელ სოფელ ლეშსკოე პოლეში წავიდა პანაშვიდის გადასახდელად. გზაში შეიპყრეს, სცემეს, სხეულს უსერავდნენ ვიდრე არ მოკვდა. მერე კი მისი დასახიჩრებული ცხედარი ბრეზენტში გაახვიეს და მდინარე მორაჩში გადააგდეს. მხოლოდ 1942 წელს, რამდენიმე კვირის შემდეგ შობის დღესასწაულის წინა დღეს იპოვეს მისი ნეშტი. ახლობლებს სურდათ ვუკოვიცას ტაძარში დაეკრძალათ. მაგრამ მოძალადეებმა არც ამის და არც პანაშვიდის გადახდის ნება არ მისცეს. კომისრის ბრძანებით, ის ბობოქარი და მშფოთვარე მდინარე მორაჩის პირას დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1