წმინდა მოწამე ბიკენტი (+304) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა მოწამე ბიკენტი (+304) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა ბიკენტი დაიბადა ესპანეთის ქალაქ უესკეში. მან სიყრმიდანვე თავი მიუძღვნა უფალს. ქალაქ ავგუსტოპოლის ეპისკოპოსმა ვალერიუსმა ის დიაკვნად აკურთხა და გვერდით დაიყენა, რადგან მღვდელმთავარი ენაბრგვილი იყო, მისი კურთხევით მორწმუნე ერს ბიკენტი დამოძღვრავდა. ბიკენტიმ სახელი გაითქვა ასევე გლახაკებსა და ქვრივ-ობლებზე, ეკლესიის ყველაზე ძვირფას წევრებზე ზრუნვით. 303 წელს, როცა უწმინდურმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მან ესპანეთში ერთი მსაჯული გაგზავნა, სახელად დატიანე, მძვინვარე მტერი იესოს მოწაფეთა.

ვალენსიაში მან შეიტყო ეპისკოპოს ვალერიისისა და მისი დიაკვნის ამბავი და ჯარისკაცებს მოაყვანინა. გრძელი გზით დაღლილ-დაქანცულები ბნელ ჯურღმულში ჩააყრევინა და ბრძანა, მათთვის არაფერი ეჭმიათ. დიდი ხნის მერე დატიანემ ტუსაღები მოიკითხა და სრულიად უვნებელნი იხილა. მკაცრად დაუწყო საუბარი ეპისკოპოსს. მღვდელმთავარი მას ჩუმად პასუხობდა, თითქოს ეშინიაო. დიაკონმა ბიკენტიმ გაამხნევა იგი:

- მამაო, ასე ჩუმად რატომ საუბრობ, თითქოს გეშინოდეს. კადნიერად, ხმამაღლა გამოაცხადე ქრისტეს ძალა და თამამად ამხილე მათი უგუნურება.

დატიანეს ბრძანებით, ეპისკოპოსი გაიყვანეს, ახალგაზრდა დიაკვანი კი ხეზე მიაბეს და რკინის ჭანგებით ხორცის აცლა დაუწყეს. ისეთი ღრმა იყო იარები, ძვლები უჩანდა.

- აბა, რას იტყვი, ბიკენტი, ხომ ხედავ, რამხელა იარებით დაგეფარა სხეული, - ჰკითხა მსაჯულმა.

- ეს სწორედ ისაა, რაც ძალზე მსურდა - ვეწამო ჩემი უფლისთვის. ნუ შეჩერდები, უბრძანე მსახურებს, უფრო ძლიერ მაწამონ. მე კიდევ, როგორც ქრისტეს მონა, მზად ვარ, ყოველივე დავითმინო.

დატიანე განრისხდა, მსახურებს უყვირა, არ დაეზოგათ ქრისტეს მოწამე. ბიკენტი კი იცინოდა და მათ სისუსტეს აბრალებდა. წამებით რომ ვერაფერს მიაღწია მსაჯულმა, ახლა ალერსი დაუწყო. წმინდა ბიკენტიმ შეაჩერა:

- ასე ვერაფერს მავნებ, ისევ ჩემი ტანჯვა განაგრძე.

ამ სიტყვებმა დატიანე უფრო განარისხა. მისი ბრძანებით, წმინდანი ჯვარზე გააკრეს და გახურებული რკინით უწვავდნენ იარებს, სცემდნენ. უეცრად წმინდანი ჯვრიდან ჩამოვარდა. ეგონათ, მოკვდაო, მაგრამ წმინდა ბიკენტი წამოდგა და ისევ ჯვარზე გაეკრა, ჯალათები კი ბატონის ბრძანების შეუსრულებლობაში ამხილა. მრავალი ტანჯვის მერე წმინდა ბიკენტი ისევ დილეგში ჩააგდეს. იმავე ღამეს დილეგი საღვთო ნათელმა გაანათა, მას ანგელოზთა გალობა მოესმა და წყლულთაგან კურნება მიიღო. დატიანეს ბრძანებით, წმინდანი რკინის გისოსზე დააგდეს, ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. წმინდა მოწამემ დაასრულა თავისი ღვაწლი და სული თვისი მიანდო უფალს. მსაჯულის ბრძანებით, მისი ცხედარი მინდორში გადააგდეს ყვავ-ყორნებისთვის შესაჭმელად, მაგრამ ღმერთმა სწორედ ყვავი დაუდგინა მცველად - ახლოს არ უშვებდა ცხედრის ასაკენკად მოფრენილ ჩიტებს და ისე ეცა შესაჭმელად მოსულ მგელს, რომ გააქცია. დატიანეს ბრძანებით, წმინდანის სხეული ზღვაში გადააგდეს. როცა უკან გამოცურეს, წმინდანის სხეული ნაპირზე დახვდათ. ჯარისკაცები შეშინებულნი გაიქცნენ. ხოლო ვალენსიელმა ქრისტიანებმა, რომელთაც თვითონ წმინდა ბიკენტი გამოეცხადა, მისი ნეშტი აიღეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

გამოხდა ხანი და ამ ადგილას დიდებული ტაძარი ააგეს. წმინდა ბიკენტის თაყვანისცემა ფართოდ გავრცელდა მთელ ესპანეთში. ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც ბევრი ქადაგება უძღვნა წმინდა ბიკენტის, მოწმობს, რომ მის დროს ესპანეთში არ იყო პროვინცია, სადაც არ აღნიშნავდნენ წმინდა მოწამის ხსენებას.

ბეჭდვა
1კ1