წმინდა მოწამენი - ბიქტორი და სტეფანიდა (+დაახლ. 161-180) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა მოწამენი - ბიქტორი და სტეფანიდა (+დაახლ. 161-180) - 11 (24) ნოემბერი
რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის დროს, დაახლოებით 160 წელს, სარდალ სებასტიანეს ნაწილში მსახურობდა იტალიელი ჯარისკაცი ბიქტორი. იგი ქრისტიანი იყო და ყველას წინაშე თამამად აღიარებდა თავის რწმენას. ერთხელ სარდალმა უთხრა, - ბრძანება მოგვივიდა, ყველა ქრისტიანმა მსხვერპლი უნდა შესწიროს ჩვენს ღმერთებს. ამიტომ შენც შესწირე მსხვერპლი, თავს ნუ დაიღუპავო.
- მე არ დავემორჩილები უღმერთო ბრძანებას მიწიერი მეფისა და არ აღვასრულებ მის ნებას, რამეთუ მე მონა ვარ უკვდავი მეფის, ღმერთისა და ჩემი მაცხოვრის იესო ქრისტესი.

- შენ თავს თვითონვე გამოუტანე განაჩენი, მსხვერპლი შესწირე, თორემ საშინელი ტანჯვა გელის.

- სწორედაც ეგ მინდა - ჩემი უფლისთვის დავითმინო ტანჯვა. მიხარია, რომ ამის ღირსი შევიქენი.

სარდალმა ბრძანა, მისთვის თითები დაემტვრიათ. მერე კი ღუმელი გაახურებინა და წმინდა ბიქტორი შიგ შეაგდეს. სამი დღის მერე, როცა ღუმელი გახსნეს და ფერფლის გადაყრა მოინდომეს, წმინდანი იქ სრულიად უვნებელი იხილეს. თავისი მარცხი რომ ნახა, ერთ ჯადოქარს მისი მოწამვლა უბრძანა. მან სასიკვდილო საწამლავში მოხარშა ხორცი და წმინდანს მიუტანა. მან თქვა: "თუმცა არ ეგების გამოგართვათ ეგ უწმინდური ხორცი, მაგრამ მაინც შევჭამ, რათა მიხვდეთ, რომ ვერანაირი საწამლავი ვერ მოერევა ჩემი უფლის ძალას". ხორცს ჯვარი გადასახა და შეჭამა. ჯადოქარმა მეორე ნაჭერი ხორცი უფრო ძლიერმოქმედ საწამლავში მოამზადა და წმინდანს უთხრა: "თუ ამის შეჭმითაც ცოცხალი გადარჩები, მაშინ თქვენს ღმერთს ვიწამებო". წმინდა ბიქტორი ახლაც უვნებელი დარჩა. ჯადოქარმა დაწვა თავისი ჯადოსნური წიგნები, ჯადოები და ჭეშმარიტი ქრისტიანი შეიქნა.

გაბრაზებულმა სარდალმა წმინდანი ახლა ადუღებულ ზეთში ჩააგდებინა, მაგრამ ვერაფერი ავნო, მერე წმინდანი ხეზე ჩამოკიდეს და სხეული სანთლებით მოუწვეს. ის მხნედ იყო. სარდლის ბრძანებით, თვალებიც დასთხარეს და სამი დღე ჩამოკიდებული დატოვეს, ეგონათ, მოკვდებოდა. მალევე მისი ჯალათები დაბრმავდნენ, მიხვდნენ დანაშაულს, მიირბინეს წმინდანთან, შენდობა და კურნება სთხოვეს. წმინდანის ლოცვით მათ თვალები აეხილათ. მათ ყველაფერი უამბეს სარდალს. ის უფრო განრისხდა და ბრძანა, წმინდა ბიქტორისთვის ტყავი გაეძროთ. როცა მისი ბრძანების აღსრულება დაიწყეს, იქვე მდგარმა ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლმა, სახელად სტეფანიდამ, ზეციდან ჩამოშვებული ორი გვირგვინი იხილა: ერთი წმინდა ბიქტორს დაედგა თავს, მეორე კი მას. წმინდა სტეფანიდა ქრისტიანი იყო. მან ხმამაღლა ხოტბა შეასხა წმინდა ბიქტორის მარტვილობას. სარდალმა მისი შეპყრობა ბრძანა. "მე ქრისტიანი ვარ", - ხმამაღლა აღიარა წმინდა სტეფანიდამ. "რად გინდა ასე მალე დატოვო ეს ცხოვრება, ქმარი და მოკვდე ჯვარცმულისთვის?" - ჰკითხა სარდალმა. წმინდანმა კი ჯალათს უპასუხა: "მე დავუტოვებ ამ წუთისოფელს მიწიერ სურვილებსა და ქმარს და ბრძენ ქალწულებთან ერთად შევხვდები ჩემს ზეციურ სიძესო". მერე დაგმო ცრუ ღმერთები და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. სარდლის ბრძანებით, ორი ფინიკის ხე გადმოხარეს, ერთის წვერზე ერთი ფეხით მიაბეს, მეორეზე - მეორით და ასე გახლიჩეს. წმინდა სული კი ჩიტივით აფრინდა და ზეციურ ბუდეში განისვენა.

ამის მერე წმინდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. წმინდანის სხეულიდან სისხლთან ერთად რძეც წარმოდინდა და მრავალი ურწმუნო მოაქცია. წმინდა ბიქტორი და წმინდა სტეფანიდა 11 ნოემბერს (ძვ. სტილით) ეწამნენ ქალაქ დამასკოში. შეგვწეოდეს მათი წმინდა ლოცვა.

ბეჭდვა
1კ1