წმინდა დიდმოწამე მინა (+304) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა დიდმოწამე მინა (+304) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა მინა ეგვიპტელი ქრისტიანი იყო, ჯარისკაცი გახლდათ და ფრიგიაში, კოტუანის ოლქში მსახურობდა.
ის უკვე ორმოცდაათი წლისა იყო, გამოცდილი მეომარი, რომელიც არა მხოლოდ ძალით გამოირჩეოდა, ასევე სიბრძნითა და თავშეკავებით. იმ დროს რომს ორი უწმინდური მეფე, დიოკლეტიანე და მაქსიმიანე ჰყავდა. მათი ბრძანებით, ქრისტიანებს კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა, ხოლო ვინც ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ყველა დაეხოცათ. მეფის ბრძანების შესაბამისად, სარდალმა ფირმილიანემ რამდენიმე ლეგიონი შეკრიბა, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბერბერების ქვეყანაში გასაგზავნად. მათ სხვა საქმეებთან ერთად, ქრისტიანები უნდა შეეპყრათ, რომლებიც იმპერატორის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ. მინა ისე აღაშფოთა ამან, რომ დაუტევა სამხედრო წოდება და მთაში უდაბურ ადგილას დაეყუდა, სადაც მარხვითა და ლოცვით განიწმენდდა სულს და ქების მსხვერპლს შესწირავდა უფალს. ასე განვლო საკმაოდ დიდმა ხანმა და როცა წმინდა მინა უფლის სიყვარულში განმტკიცდა, ღვთისაგან გამოცხადება მიიღო, რომ მისი მოწამეობის ჟამი დადგა.
სწორედ ამ დროს კოტუანის ოლქის მთავარი ქალაქის მცხოვრებნი შეიკრიბნენ და თავიანთი ღმერთების პატივსაცემად ზეიმი გამართეს. ნეტარი მინა მივიდა ზეიმის სანახავად და საღვთო მოშურნეობით აღვსილმა ამხილა მათი კერპთაყვანისმცემლობა: "იცით, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი - იესო ქრისტე არსებობს და სხვა ღმერთები, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით - მხოლოდ მუნჯი და უგრძნობი ხის ნაჭრებია!" გამძვინვარებული წარმართები ეცნენ მას და ცემა-ტყეპით ქალაქისთავთან მიიყვანეს, რომელსაც პიროსს ეძახდნენ. ქალაქისთავმა ვინაობა ჰკითხა.
- მე მონა ვარ იესო ქრისტესი, ცისა და ქვეყნის მეუფისა, - ხმამაღლა შესძახა წმინდა მინამ. ამ დროს ვიღაცამ იცნო და მეფეს უთხრა:
- ეს მხედარი მინაა, რომელიც ათასისთავ ფირმილიანეს ემორჩილებოდა.
წმინდა მინამაც დაუდასტურა:
- დიახ, მე ვიყავი მხედარი და ამ ქალაქში ვმსახურობდი. მაგრამ, როცა დავინახე, რომ ეშმაკისაგან ცდუნებული ხალხი კერპებს ეთაყვანებოდა, დავტოვე ქალაქი, რათა არ ვყოფილიყავი მათი უწმინდურების მოზიარე. მას მერე უდაბნოში დავხეტიალობდი, რათა არ მქონოდა უწმინდურ ხალხთან შეხება; როცა შევიტყვე, რომ აქ ზეიმობდით, საღმრთო შურით აღძრული, ჩამოვედი ქალაქში, რათა ერთ ჭეშმარიტ ღმერთზე გესაუბროთ.
ქალაქისთავმა მისი გასამართლება შემდეგი დღისთვის გადადო. მეორე დღეს წმინდა მინა წარადგინეს სამსჯავროს წინაშე. ჯერ ალერსით და ძღვნით სცადეს მისი მონადირება. ქალაქისთავი ხან წყალობას ჰპირდებოდა და ხანაც სასჯელით ემუქრებოდა. შემდეგ მისი ბრძანებით, გააშიშვლეს და ხარის ძარღვების მათრახით გაშოლტეს. სისხლი წყაროსავით სდიოდა იარებიდან. იქ მყოფი ხალხიც ეუბნებოდა წმინდა მინას, თავი დაინდე და ღმერთებს თაყვანი ეციო, წმინდანმა რისხვით უპასუხა, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შესწირავდა უსისხლო მსხვერპლს და არად მიაჩნდა წამება, რაგინდარა სიმძიმისაც ყოფილიყო.
მისი სიმტკიცე რომ იხილეს, ხეზე თავდაყირა ჩამოკიდეს და რკინის ჭანგებით რანდვა დაუწყეს. ჯალათმა დაცინვით ჰკითხა წმინდანს:
- ტკივილებს გრძნობ, მინა, თუ გავაორმაგო?
მიუხედავად დიდი ტკივილებისა, წმინდანმა მტკიცედ უთხრა:
- ვერ მძლევ, ჯალათო, ამ მცირე ხნის სატანჯველებით, რამეთუ შემეწევა შენთვის უხილავი ზეციური მეუფის მხედრობა. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
მისმა სიმტკიცემ განარისხა ქალაქისთავი და უფრო სასტიკად დაუწყეს ტანჯვა, დაჭრა, ტყავის აცლა.
- ახლა განვიძარცვავ ტყავის სამოსს და ცხონების ქიტონს შევიმოსავ, - თქვა მოწამემ.
მერე კი მთელი სხეული სანთლებით მოუწვეს, მაგრამ უდრეკი იყო წმინდა მინა.
- გრძნობ ამ ცეცხლს, მინა? - ეკითხებოდა ჯალათი.
- ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი, - მიუგო წმინდანმა, - ის ვისთვისაც ვეწამები, შემეწევა და ვერ ვგრძნობ ცეცხლს, რომლითაც მწვავენ, რამეთუ მახსოვს სახარების სიტყვები: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10,28).
- საიდან გაქვს ამგვარი მჭერმეტყველება? მთელი ეს ხანი მეომარი იყავი და ახლა მრავალწიგნწაკითხული კაცივით ლაპარაკობ.
წმინდანმა უპასუხა:
- უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა: "და მიგიყვანენ ჩემ გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი" (მათე 10:18-19).
ქალაქისთავმა აღარ იცოდა რითი მოეგო წმინდანისთვის და შესძახა:
- დაუტევე, მინა, უქმმეტყველება და აირჩიე: ან ჩვენი იქნები და გადარჩები, ანდა ქრისტიანი და მოკვდები.
- მე ქრისტესი ვიყავი, ვარ და ვიქნები, - ხმამაღლა შესძახა წმინდა მინამ.
მთავარმა შესთავაზა, ორი-სამი დღით გაგიშვებ, იქნებ კარგად დაფიქრდეო, რაზეც წმინდა მინამ უთხრა:
- ორი-სამი დღე კი არა უკვე მრავალი წელია ქრისტიანი ვარ და ფიქრადაც არ გამივლია ჩემი ღმერთისთვის მეღალატა. ამიტომაც იმედი არ გქონდეს, რომ ჩემგან სხვა პასუხს გაიგონებ: მე ჩემს ღმერთს არ ვუღალატებ, თქვენს ეშმაკებს მსხვერპლს არ შევწირავ და მუხლს არ მოვუყრი უსულო კერპებს.
უფრო საშინელი ხერხით განაგრძეს მისი წამება, წმინდანი უფრო მეტად დასცინოდა მათ უღმერთობას. წმინდანი ზეთისხილის წნელებით გაშოლტეს, ბოლოს კი, მთავრის ბრძანებით, წმინდა მინა ქალაქგარეთ გაიყვანეს, თავი მოჰკვეთეს და წმინდანის მრავალვნებული ცხედარი კოცონში ჩააგდეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა მოაგროვეს ცეცხლს გადარჩენილი წმინდანის სხეულის ნაწილები, ნელსაცხებელი სცხეს, ცოტა ხნის მერე კი სამშობლოში, ეგვიპტეში, გადაასვენეს და ალექსანდრიის სამხრეთ დასავლეთით, 43 კილომეტრში, მარეოტიდის ტბის სიახლოვეს დაკრძალეს. იქ შემდგომში წმინდა მინას სახელზე ტაძარი აშენდა, სადაც უამრავი მომლოცველი მოდიოდა და მრავალი სასწაული ხდებოდა. წმინდა მინას ხშირად დაკარგულის მოძიებაში დახმარებას ევედრებიან.
წმინდა მინას სასწაულები

ერთმა ისავრიელმა ვაჭარმა წმინდა მინას ეკლესიისთვის ერთი ტომარა ოქროს შეწირვა გადაწყვიტა და ალექსანდრიისკენ მიმავალმა ღამე ერთ ოჯახში გაათენა. მასპინძელმა ოქრო რომ იხილა, ვაჭარი მოკლა, აკაფა, კალათაში ჩააწყო და შიდა ოთახში გადამალა. აღელვებული როცა ფიქრობდა, სად ჩაემარხა, ამ დროს ცხენზე მჯდარი წმინდა მინა გამოეცხადა მეფის მეომრის სახით, კართან მოვიდა და ჰკითხა, - სად არის ისავრიელი ვაჭარი?
- რას ამბობ, ბატონო, ჩემთან არავინ ყოფილაო.
მაშინ წმინდანი ცხენიდან ჩამოვიდა, სახლში შევიდა და შიდა ოთახიდან კალათა გამოიტანა და მკვლელს ჰკითხა:
- ეს რა არის?
მკვლელი უგონოდ დაეცა წმინდანის ფეხებთან. წმინდანმა დანაწევრებული ცხედარი ააწყო, ილოცა, მკვდრეთით აღადგინა და უთხრა: - ღმერთი ადიდე.
კაცი წამოდგა, თითქოს გამოეღვიძაო, მიხვდა, რომ იგი მასპინძელმა მოკლა, ღმერთი ადიდა და მადლიერებით თაყვანი სცა წმინდანს. წმინდანმა მკვდრეთით აღმდგარ კაცს თავისი ტომარა გადასცა და უთხრა:
- წარვედ მშვიდობით შენს გზაზე.
შემდეგ კი მკვლელს მიუბრუნდა და ცემა დაუწყო. მკვლელმა შეინანა და შენდობა ითხოვა. წმინდა მინამ შეუნდო, მისთვისაც ილოცა, ცხენზე შეჯდა და უჩინო შეიქნა.
სხვა ამბავი: 1826 წელს ბერძნების რევოლუციას, თურქების მხრიდან სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა. კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონელმა თურქებმა გადაწყვიტეს, წმინდა მინას საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე შეკრებილი ქრისტიანები ამოეჟლიტათ. ამისთვის მათ ქალაქის რამდენიმე ნაწილში ხანძარი გააჩინეს, რათა პოლიციის ყურადღება იქითკენ მიეპყროთ, თვითონ კი ტაძარი ალყაში მოაქციეს და შიგნით შეჭრას აპირებდნენ, რომ ამ დროს წმინდა მინა მრისხანე მხედრის სახით მახვილმომარჯვებული გამოეცხადათ. მისმა გამოჩენამ თავზარი დასცა თურქებს და იოტნეს. მადლიერების ნიშნად ჰერაკლიონელები ყოველწლიურად, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დღესასწაულობენ ამ სასწაულს.
....
1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ალექსანდრიისკენ მიმავალი გერმანიის არმია, რომელსაც გენერალი რომელი ხელმძღვანელობდა, ერთ ადგილას შეჩერდა, რომელსაც ელ-ალამეინი ჰქვია (ასე ეძახიან არაბები წმინდა მინას). ამ ადგილზე წმინდა მინას ძველი ტაძრის ნანგრევები მდებარეობდა, აქ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მისი საფლავი იყო. კბილებამდე შეიარაღებული გერმანელების წინ მოკავშირეთა მცირერიცხოვანი არმია იდგა, რომელთა შორის რამდენიმე ბერძენიც იყო. დამარცხება ალბათ გარდაუვალი იქნებოდა, რომ არა დიდმოწამე მინას შეწევნა. ერთ ღამეს წმინდა მინა გერმანელებს ბანაკში გამოეცხადა: აქლემების ქარავანს მიუძღოდა ზუსტად ისე, როგორც ტაძარში ერთ-ერთ ფრესკაზე წმინდანის სასწაულია გამოსახული. მისი გამოჩენით გერმანელები გაქვავდნენ, პანიკაში ჩავარდნენ. ამ სასწაულმა ძალზე გატეხა მათი საბრძოლო განწყობა, რის მერეც მოკავშირეებმა ფაშისტებს ადვილად სძლიეს. მოკავშირეებმა წმინდა მინას სამადლობელად წმინდა მინას ტაძარი აღადგინეს და შემდგომში იმ ადგილებში მონასტერი დაარსდა.
ბეჭდვა
1კ1