წმინდა მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და მოწაფენი მისნი: ავორსამე და სენოა (+341) – 10 (23) ნოემბერი
წმინდა მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და მოწაფენი მისნი: ავორსამე და სენოა (+341) – 10 (23) ნოემბერი
ეს წმინდა კაცი, ტომით - სპარსი, IV საუკუნეში, დაახლოებით იქ დაიბადა, სადაც ახლა დღევანდელი თეირანია. იგი სპარსეთის მეფის ჯარში მსახურობდა, მაგრამ ხილვის შემდგომ სამსახური დაუტევა და წარმართ თანამემამულეთა მოსაქცევად ლოცვას და ღვაწლს მიჰყო ხელი.

წმინდა გულის და ღვთივ ნაბოძები მრავალი სათნოების გამო მილი ქალაქ სუზის მღვდელმთავრად აკურთხეს, რის შემდგომაც ღვაწლი გააათმაგა, რამეთუ იქაურთა სულიერი წყვდიადისგან ხსნა სურდა, მაგრამ სუზელებმა ნათელს ისევ ბნელი არჩიეს, ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.

თუმცა, ამით ოდენ ღვთის რისხვა დაიტეხეს: - სამი თვის შემდგომ მეფის არმიამ, რომელსაც 300 სპილო ჰყავდა, ქალაქი მიწასთან გაასწორა. სწორედ იმ დროს ნეტარი მილი იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდა, შემდეგ კი - უდაბნოში, ანტონი დიდის მოწაფეს, ნეტარ ამონს (ხსენება 10 იანვარს) მიაშურა.
სამშობლოში დაბრუნებული ერთი მონაზვნის სენაკს შეეფარა, სადაც უზარმაზარ, ცამეტმეტრიან გველთან მოუწია შებრძოლება, მათ სამყოფელში რომ ცდილობდა შემოძრომას.

მილმა ლოცვით ქვეწარმავალი განდევნა და გაანადგურა, რითიც თანამოღვაწის საყვედური დაიმსახურა, - ეგ გველი შეჩვეული მყავდა და ყოველდღე მაკითხავდაო, რის შემდეგაც ნეტარი თავისი სენაკიდან განდევნა.

წმინდა მამა ნიზიბიას გაეშურა, სადაც შეიტყო, რომ ახალ ეპისკოპოსს, იაკობს (ხსენება 13 იანვარს) თავისი ხალხის ცოდვათა გამოსასყიდად ტაძარი აეგო.

იმ ადგილის მონახულების შემდგომ მილი ტიგროსს ჩაუყვა და სელევკიას მივიდა, რომლის მღვდელმთავარი, პაპი, სასულიერო პირითაც ავიწროებდა და საეროთაც.

ამის გამო საეკლესიო კრება მოიწვიეს და როგორც კი წმინდა მილმა პაპა ანათემას გადასცა, უღირს მღვდელმთავარს მაშინვე დამბლა დაეცა.
წმინდა მამა კი თავის სამოციქული ღვაწლს განაგრძობდა და მადლმოსილ სიტყვას უამრავი სასწაულით განამტკიებდა, სნეულთ განამრთელებდა, დემონთ კი - განასხამდა, რის შედეგადაც სპარსელთა უმრავლესობა გააქრისტიანა.

სპარსეთის ქალაქ მილიგერდში მმართველის, ჰორმიზდ ჰუფრუზის ბრძანებით, შეიპყრეს და მოწაფეებითურთ ტანჯეს.

ნეტარის უშიშარი მხილებით გაცოფებულმა ჰორმიზდი და ძმა მისი, ნერსე, მიცვივდნენ და იმდენ ხანს ტანჯეს, სანამ სული არ ამოხადეს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი მილმა მტარვალს და მის ძმას უწინასწარმეტყველა, - ხვალ, ამ დროს შენ და შენი ძმა ერთურთს დახოცავთ, თქვენს სისხლს - ძაღლები დაუწყებენ ლოკვას, ფრინველნი კი - სხეულს დაგიჯიჯნიანო და ასეც მოხდა.

წმინდა მამათა ნაწილნი შემდგომ მალკანს გადაასვენეს. მოგვიანებით ეს ქალაქი სწორედ მათი მეოხებით გადაურჩა განადგურებას.


ბეჭდვა
1კ1