წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303) - 07 (20) ნოემბერი
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303) - 07 (20) ნოემბერი
წმინდა თეოდოტე წარმოშობით გალატიის ქალაქ ანკვირიდან გახლდათ, იგი წმინდა ქალწულმოწამე ტეკუსამ (ხსენება 13 მარტს) აღზარდა.

თეოდოტე დაქორწინდა, ფლობდა სასტუმროს, თავს პატიოსანი შრომით ირჩენდა და ყოველ უპოვარს - ქრისტიანს თუ წარმართს, გულუხვად შეეწეოდა, რის გამოც უფლისგან კურნების მადლი ებოძა.

303-301 წელს ქრისტიანთა საშინელი დევნისას ნეტარმა ხორბლის და ღვინის დიდი მარაგი შექმნა და თავისი სასტუმრო იმ ადგილად აქცია, სადაც ქრისტიანები საკვებს და თავშესაფარს პოვებდნენ, ხოლო იმ აღმსარებელთ, ვისაც წილად ტყვეობა ერგო, უშიშრად ნახულობდა საპყრობილეებში და სულიერად განამხნევებდა, გარდაცვლილ მოწამეებს კი აპატიოსნებდა და ქრისტიანულად კრძალავდა.

სწორედ ასე განამხნევებდა მეგობარსაც, სახელად ვიქტორს, წარმართნი ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ უხვ საბოძვარს და მიწიერ პატივს რომ ჰპირდებოდნენ. თუმცა, უკანასკნელ წუთებში შედრკა და მოწამებრივი გვირგვინი დაკარგა.

სხვა ქრისტიანმა, ვალენტიმ, ბოლომდე დაითმინა ტანჯვა, თეოდოტემ მის სხეულს მდინარე გალისში მიაგნო და მიწას მალის (დღეს ამ ადგილს კალეჯიკი ჰქვია) ციხესიმაგრესთან მიაბარა.

იქვე შეხვდა ადრე მის მიერ საპყრობილეებიდან გამოხსნილ ქრისტიანებს, მისი ხილვით ძლიერ რომ განიხარეს და ერთად ტრაპეზი გადაწყვიტეს, თან მალიდან ერთი მღვდელი, ფრონტონიც მოიწვიეს.

თეოდოტემ ამ ადგილას, რომელიც მყუდროების გამო ძლიერ ესათნოა, ფრონტონს საძვალის აგება შესთავაზა მოწამეთათვის და შეჰპირდა, ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!

ანკვირს დაბრუნებულს იქაურობა დიდ შფოთში დახვდა: - მისი დეიდა, ტეკუსა, ექვსი თანამოღვაწითურთ წარმართთ შეეპყროთ.

თეოდოტემ სხვა ქრისტიანებითურთ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა და უფალს მათ განმტკიცებას შეევედრა.

ოდეს შეიტყო, წმინდა დედებმა ქრისტეს უერთგულეს და ისე აღესრულნენ, განიხარა და იმაზე იწყო ფიქრი, თუ როგორ აღმოეყვანა მათი სხეულები ტბიდან, სადაც ჯალათებმა ჩაყარეს და წესისამებრ დაეკრძალა.

ლოცვისას წმინდა ტეკუსა გამოეცხადა და ურჩია, ეს ღვთივსათნო საქმე დაუყოვნებლივ და უშიშრად აღესრულებინა.

ღამეულ ბინდში მიადგნენ თეოდოტე და მისი თანმხლებნი ტბის სანაპიროს, საშინელი ქარბუქი რომ ატყდა, მალე კი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მარტვილთა ცხედრები.

ტბის ნაპირას ჩამწკრივებულ საიმპერატორო დაცვას კი ჩირაღდნებიანი წმინდა მოწამე სოსანდრე გამოეცხადა, რამაც უკიდურესად შეაშინა ისინი და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვეს.

ქრისტიანებმა კი ქალწულმოწამეთა ნაწილნი აღმოიყვანეს და ტაძარში პატივით დაკრძალეს.

ამ ამბავმა მეორე დღეს მთელი ქალაქი აღაშფოთა, მმართველის ბრძანებით, მეომრებმა ყველა ქრისტიანი შეიპყრეს, მათ შორის, თეოდოტეს ერთ-ერთი მეგობარი, პოლიქრონიოსი, რომელმაც წამებას ვერ გაუძლო, მოწამეთა დაფლვის ადგილი გაამხილა და ისიც გაამჟღავნა, რომ სიწმინდენი ტბიდან თეოდოტემ აღმოიყვანა.

მმართველმა მყისვე ბრძანა, მარტვილნი საფლავებიდან ამოეთხარათ და ცეცხლისთვის მიეცათ, თეოდოტე კი შეეპყროთ.

ნეტარმა ყური არ ათხოვა მეგობართა თხოვნას, იქაურობას გასცლოდა და მტარვალს საკუთარი ფეხით ეახლა.

სასამართლოზე დამცინავად შეავლო თვალი საწამებელ იარაღებს და მისთვის განმზადებულ ცეცხლს, მტკიცედ უარყო უსჯულოს ლიქნით აღვსილი დანაპირები და არც იმ ღმერთთა დაცინვას მორიდებია, ქრისტეს ერთი მეომრის წინააღმდეგ ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი რომ დასჭირდა.
მისმა სიტყვამ უაღრესად გააშლეგა მმართველი და მისი წარმართი ქურუმნი, გონწართმეულებმა თმა და სამოსი რომ შემოიგლიჯეს, არანაკლებ გაცოფებულმა ბრბომ კი მათი ღმერთების უარმყოფელის უმოწყალო დასჯა ითხოვა.

თეოდოტე საშინლად ტანჯეს, შემდეგ - მუხის ხეზე გააკრეს და სხეული რკინის კავებით დაუსერეს, ჭრილობებში ძმარი ჩაასხეს, ზედ კი ცეცხლმოდებული თივა დაადეს, მარტვილი კი იმეორებდა, - ამით კი არ გამტეხთ, უარესად მაძლიერებთ, რამეთუ უფალი ჩემი თავის მოყვარულთ არ დაუტევებს და თქვენთვის მიუწვდომელი ძალით განამტკიცებთო.

ჯალათებმა კბილები და ყბები ქვებით ჩაულეწეს, შემდეგ დაქანცულებმა თავი ანებეს და კვლავ საპყრობილეს მისცეს. გავიდა ხუთი დღე და თეოდოტე კვლავ წარუდგა მსაჯულს, რომელმაც კვლავ სასტიკად ტანჯა მარტვილი, ბოლოს გავარვარებულ აგურებზე დააწვინეს. რომ ვერას გახდნენ, მმართველმა მისთვის თავის წარკვეთა და ცეცხლში შთაგდება ბრძანა.

სასჯელის აღსრულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, თეოდოტემ მადლობა შესწირა უფალს და ეკლესიის მშვიდობა შესთხოვა, იქ მყოფი ქრისტიანნი კი ანუგეშა, პატიოსანი თავი მორჩილად დაუხარა ჯალათს და ასე მიიღო სიკვდილი.

ხოლო როდესაც მისი სხეულის დაწვა მოინდომეს, კოცონს იმგვარი ნათელი შემოერტყა, მტარვალებმა მიკარება და ცეცხლის შეგზნება ვეღარ შეძლეს და მარტვილის წმინდა ნაწილი დაწვას გადაურჩა.

იმავე დღეს მამა ფრონტონმა იმ ქალაქის სიახლოვეს ჩაიარა, დაღლილმა სახედარმა, ტვირთად ღვინო რომ მიჰქონდა, სწორედ იმ ადგილას შეისვენა, სადაც წმინდა მოწამის სხეული ესვენა და გარშემო მცველნი დახვეოდნენ.

მეომრებმა ღამის გასათევად მღვდელი თავისთან მიიწვიეს და თეოდოტეს მარტვილობის ამბავიც აუწყეს.

მაშინ ფრონტონმა თავისი ღვინის გასინჯვა შესთავაზა, ხოლო როდესაც შეზარხოშებულ მცველებს თავი ძილმა მოსტაცა, მარტვილის სხეული აიღო, სახედარზე მოათავსა, ამ უკანასკნელმა კი სწორედ იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც თეოდოტემ ფრონტონს საძვალის და ტაძრის აგება სთხოვა.
ასე აღასრულა მოწამემ დადებული პირობა, - შენი ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, წმინდა მამაო!

ბეჭდვა
1კ1