წმინდა პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, აღმსარებელი (+350) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, აღმსარებელი (+350) - 06 (19) ნოემბერი
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე IV საუკუნეში იშვა. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების ჟამს ძალზე ახალგაზრდა გახლდათ, თუმცა სულ მალე იგი კონსტანტინეს ქალაქს უგამოჩინებულეს მეცნიერად მოევლინა.

პავლე წმინდა ცხოვრებით, სიმდაბლით და მართლმადიდებლობის უდიდეს დამცველად იყო ცნობილი, რის გამოც, ახალგაზრდობის მიუხედავად, მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს (ხსენება 30 აგვისტოს) მიერ ჯერ დიაკვნად დაესხა ხელი, შემდეგ - მღვდლად.

კონსტანტინოპოლელ მორწმუნეთ ძალზე უყვარდათ ახალგაზრდა მღვდელი, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდგომ, 340 წელს, მისივე ანდერძისამებრ, პავლე მთავარეპისკოპოსად აკურთხეს, რამაც ძალზე გააწიწმატა ისედაც ყალყზე მდგარი არიანელნი და იმპერატორ კონსტანცის წინაშე, იმ დროს ანტიოქიას რომ ბრძანდებოდა, მაშინვე მოსცხეს ჩირქი.

გამძვინვარებული მეფე მალევე დაბრუნდა დედაქალაქში, არიანელ ეპისკოპოსთ უხმო, პავლეს სამღვდელმთავრო პატივი აჰყარა და მის ნაცვლად არიანელთა განთქმული იერარქი, ევსები ნიკომიდიელი დაადგინა.

არიანელებმა გული დაიმშვიდეს - ახლა აღარაფერი გვემუქრებაო, ევსებიმ კი მაშინვე იწყო ნიკეის წმინდა კრების მომხრეთა სასტიკი დევნა, მაგრამ უფალს თავისი ეკლესია არ მიუტოვებია: - აღსაყდრებიდან ერთ წელიწადში ევსები მიიცვალა, კონსტანტინოპოლელმა ქრისტიანებმა კი მამამთავრად კვლავ რომს, მასავით დევნილ წმინდა ათანასე ალექსანდრიელთან ერთად პაპ იულიუსთან შეფარებულ პავლეს უხმეს და ძველ პატივში აღადგინეს.
თუმცა, ამ ამბებიდან მცირე ხანშივე კვლავ დაიწყო ახალი მღელვარებანი, - გულმოსულმა არიანელებმა ევსების ნაცვლად თავიანთ ეპისკოპოსად ერეტიკოსი მაკედონი აღირჩიეს.

როგორც კი პავლეს დაბრუნება შეიტყო, იმპერატორმა, რომელიც იმხანად ანტიოქიას ბრძანდებოდა, მხედართმთავარ ჰერმოგენს დედაქალაქში ჯარით შესვლა და ნეტარი მამის განდევნა უბრძანა.

ამ ამბავმა ხალხი ძალზე აღაშფოთა, ქალაქში ქუჩური დაპირისპირებები დაიწყო, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ამ არეულობაში თვით ჰერმოგენეც დაზარალდა. მალე ამბოხებულებმა იგი სიცოცხლეს გამოასალმეს, გვამი კი - ქუჩა-ქუჩა ათრიეს.

იმპერატორი მალევე დაუბრუნდა დედაქალაქს, ცოფქმნილმა პავლე კვლავ განდევნა და ჯავრი მაკედონზე იყარა, - ამ შფოთის მიზეზი შენ ხარო!
ნეტარმა მამამ კი თავი კვლავ რომს შეაფარა, დასავლეთში იმ დროს ტრირში მყოფ იმპერატორ კონსტანტის მხარდაჭერა მიიღო და პაპის მიერ დასავლელ მღვდელმთავართადმი მიწერილი მამხილებელ ეპისტოლეთა წყალობით, გარკვეული ხნის შემდგომ სამღვდელმთავრო პატივი დაიბრუნა.

ამას, როგორც უწინ, უდიდესი სიხარულით შეხვდა ხალხი, თუმცა, კონსტანცმა ვერაფრით დაიცხრო გულწყრომა და ეპარქ ფილიპეს პავლეს კვლავ განდევნა და მის ნაცვლად ისევ მაკედონის აღსაყდრება უბრძანა.

ფილიპემ კი ძალას ხერხი არჩია, ნეტარი მამა მოიტაცა და ფარულად გადაიყვანა თესალონიკს, საიდანაც მრავალვნებულმა პავლემ კვლავ რომს შეაფარა თავი.

347 წელს ათანასეს და პავლეს დაბრუნების საშუალება მიეცათ. კანონიერი მღვდელმთავრის წყალობით კონსტანტინოპოლის ეკლესიამ სამი წელი მშვიდობით იცხოვრა, თუმცა, 350 წელს მხედართმთავარმა მაგნეცმა კვლავ გაილაშქრა დასავლეთის მართლმადიდებელი იმპერატორის, კონსტანცის წინააღმდეგ, ერეტიკოსებმა მალე მთელი იმპერია დაისაკუთრეს, რის შემდგომაც მართლმადიდებელთ კვლავ შავი დროება დაუდგათ, პავლეს კი ხელი სტაცეს და მძიმე ბორკილებდადებულს ჯერ სინგარს უკრეს თავი, შემდგომ კი - სომხეთს, კუკუზაში.

ერთ დღეს, წირვისას, ტაძარში არიანელნი შეიჭრნენ და წმინდა პავლე თავისივე ომოფორით მოახრჩვეს.

ბეჭდვა
1კ1