წმინდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (+1465) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (+1465) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
ძველი სტილით 30 ოქტომბერს (ახალი სტილით 12 ნოემბერს) ეკლესია იხსენებს ჩვენს დიდსა და სახელოვან წინაპარს, XV საუკუნის მოღვაწეს - იოთამ ზედგენიძეს. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ის დრო, როდესაც მიდიოდა დაუღალავი ბრძოლა საქართველოს გამთლია¬ნებისათვის. იმ პერიოდს, ჩვენი მეფე და თანამემამულენი თავდაუზოგავად იღვწოდნენ სამშობლოსათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, როლებიც არათუ არ ედგნენ მეფე გიორგი VIII-ს მხარში, არამედ აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მას. გიორგი VIII იყო ძე მეფე ალექსანდრე დიდისა. გიორგი VIII-მ მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს "განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინოპოლი". ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი.

1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად და ფარავნის ტბის ნაპირზე დაბანაკდა. იმ დროს მასთან იოთამ ზედგენიძე მივიდა და გააფრთხილა: "შენ წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენო". მეფემ არ დაიჯერა. ეგონა, იოთამ ზედგენიძის ერთგულება და სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ შეთქმულების შიში აქედან მომდინარეობსო, სინამდვილეში კი ასე არ იყო. ბევრი ეცადა იოთამი დაერწმუნებინა მეფე, მაგრამ ვერაფერს გახდა. იოთამმა კარგად იცოდა, რომ გიორგი მეფის მოკვლა შეუძლებლად გახდიდა ქართველთა ერთობის აღდგენასა, და გადაწყვიტა სიცოცხლე შეეწირა ამ ერთობისათვის. როდესაც მიხვდა, რომ ვერაფრით დაარწმუნებდა მეფეს, სთხოვა: "ერთი სურვილი შემისრულე, ამაღამ შენს კარავში, შენს ლოგინში მე დავწვები და თუ რაიმე საშიშროება გელის, მე ვიტვირთავ, - ოღონდ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს ნუ დაივიწყებო". მეფე დათანხმდა, რადგანაც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამს მის საწოლში არაფერი დაუშავდებოდა. მაგრამ მეფე საშინლად მოტყუვდა. იმ ღამეს იოთამ ზედგენიძემ მეფის კარავში დაიძინა. ეს იყო მისი უკანასკნელი ღამე. ღამე კარავში მეფის მტრები შეიპარნენ და მეფის ნაცვლად იოთამ ზედგენიძე მოკლეს. დილით მეფე კარავში შევიდა და თავისი ერთგული მეგობარი სისხლის გუბეში იხილა. საშინელი თავზარი დაეცა მეფეს და დიდად ნანობდა: რად მივეცი ნება იოთამს ჩემს საწოლში დაწოლილიყოო. თავდადებულს იოთამს, რასაკვირველია, აღარაფერი ეშველებოდა; მაგრამ მისი შვილები კი სწორედ მეფურად დააჯილდოვა გიორგი მეფემ: მათ უბოძა თავადიშვილობა, უფლება მიანიჭა საშვილიშვილოდ ამილახორისა, ანუ მეჯინიბეთ უხუცესისა, და დიდძალი მამულ-დედული აჩუქა.

ახლანდელი ამილახვრები არიან პირდაპირნი ჩამომავალნი თავდადებული იოთამ ზედგენიძისა. საქართველოს ეკლესიამ მეფისთვის თავდადებული იოთამ ზედგენიძე წმინდანთა დასში შერაცხა.
......................
აქვე წაიკითხეთ:

მეფისათვის თავდადებული იოთამ ზედგენიძე



ბეჭდვა
1კ1