წმინდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (+110) - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (+110) - 15 (28) ოქტომბერი
სარვილე წარმართი ქურუმი იყო ქალაქ ედესაში, იმპერატორ ტრაიანეს დროს (დაახლ. 115 წ.). ერთხელ, როცა ის დიდი წარმართული დღესასწაულისთვის ემზადებოდა, ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროსფერი სამოსით შეიმოსა, მასთან მივიდა ედესის ეპისკოპოსი წმინდა ბარსიმე. ქრისტიანმა მღვდელმთავარმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა სარვილეს დაეტოვებინა კერპების უაზრო მსახურება და ახლაც გააფრთხილა, რომ ღვთის წინაშე პასუხს აგებდა ადამიანთა სულებისთვის, რომლებიც წარწყმედის გზით მიჰყავდა. ქრისტეს მადლმა მოიცვა სარვილე, მან მაშინვე დაუტევა კერპების მსახურება და მეორე დღეს თავის დასთან, ბებეასთან ერთად მივიდა ეპისკოპოსთან, ჩაუვარდა მუხლებში და სასწრაფოდ მონათვლა სთხოვა.

ქურუმის გაქრისტიანების ამბავმა ააფორიაქა ქალაქი და მმართველი ლისიას ბრძანებით სარვილე სამსჯავროზე მიიყვანეს. წმინდანი საშინლად აწამეს, შვიდჯერ ჩამოჰკიდეს და ხარის ძარღვებით სცემეს, სხეული რკინის ფარცხით დაუსერეს და სანთლით მოუწვეს. ციხეში ჩაამწყვდიეს და ორი თვის შემდეგ კვლავ საშინლად აწამეს, ბოლოს ორად გახერხვა და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. მთელ ამ წამებას მოწამე უჩუმრად დაითმენდა, თითქოს მისი სული უკვე ზეცაში იმყოფებოდა.

როცა სარვილეს თავი მოჰკვეთეს, იქვე იმყოფებოდა მისი და ბებეა. მან ძმის სხეულს ლაბადა გადააფარა, რათა მისი უძვირფასესი სისხლი მოეგროვებინა. ამასთან ბებეამ ხმამაღლა წარმოთქვა: "დაე ჩემი სული შენთან ერთად იხარებდეს ქრისტეს გვერდით, რომელიც ვიცი და რომელიც მწამს".

ეს რომ მოისმინეს წარმართებმა, მმართველს შეატყობინეს, ლისიას ბრძანებით, მეომარმა მამაც ქრისტიან ქალს თავი მოჰკვეთა. სხვა წყაროს მიხედვით, ის ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ ცოცხლად გაატყავეს და სულთმობრძავს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მათი წმინდა ნაწილები მოაგროვეს და წმინდა ეპისკოპოს აბსილამის აკლდამაში დაკრძალეს.

მათი ხსენება 5 სექტემბერსაც არის, ოღონდ სარვილი თიფაილად იხსენიება. გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარში" 29 იანვარს არის ხსენება "ზარბილისა და დისა მისისა ვევეაისი", ასევე 5 სექტემბერსაც არის ხსენება "თუთაელ, ზარგილ და ვევლია დისა მისისაი, და სავეაისი".

ბეჭდვა
1კ1