ღირსმოწამე ლუკიანე - ანტიოქიელი ხუცესი (+312) - 15 (28) ოქტომბერი
ღირსმოწამე ლუკიანე - ანტიოქიელი ხუცესი (+312) - 15 (28) ოქტომბერი
ღირსმოწამე ლუკიანე დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში (სხვა წყაროთი - ანტიოქიაში). 12 წლისა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მშობლების დატოვებული ქონება გლახაკებს დაურიგა და თვითონ ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმინდა წერილსა და მოსაგრე ცხოვრებას. ის მკაცრად ასკეტურად ცხოვრობდა. არასოდეს სვამდა ღვინოს. მხოლოდ წყალსა და ხმელ პურს იღებდა დღეში ერთხელ და ხანაც მთელი კვირა არაფერს ჭამდა. ღვთისმოშიში ცხოვრების გამო ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული ნიჭის ღირსი შეიქნა. როცა ლუკიანე ქალაქში დადიოდა, მას ზოგიერთები ხედავდნენ, სხვებისთვის კი უჩინარი იყო. თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებისა და იუდეველებსა და წარმართებს შორის სახარების მოშურნედ გავრცელების გამო ლუკიანე ანტიოქიის ხუცესად აკურთხეს. აქ მან დააარსა სასწავლებელი, უამრავი მოწაფე შეკრიბა და გახდა მათთვის წიგნიერი და სულიერი ცოდნის მასწავლებელი: ასწავლიდა, როგორ შეეცნოთ წმინდა წერილი, ღვთივსათნოდ როგორ ეცხოვრათ. წიგნებსაც გადაწერდა ხოლმე, ამაში დიდად დახელოვნდა და თავს ამ წიგნების გაყიდვით ირჩენდა და გლახაკებს ურიგებდა კიდეც. ამ პერიოდში ლუკიანემ დაიწყო ერეტიკოსებისგან შერყვნილი წმინდა წერილის ტექსტის შესწორება. ამისთვის სპეციალურად შეისწავლა ებრაული ენა. მის ამ ღვაწლზე აღფრთოვანებით წერენ ნეტარი იერონიმე და წმინდა ათანასე დიდი. მან ძველი თარგმანები და ებრაული წიგნები ერთმანეთს შეუდარა და გულმოდგინედ გამოიკვლია, თუ რა იყო ზედმეტი და რა აკლდა. მისი ნაწერები სარწმუნოების მტრებისაგან დასაცველად შენახული იყო კედელთან ჩატანებულ სკივრში, რომელსაც ზემოდან ქვიშა ეყარა, ასე იპოვეს ის კონსტანტინე დიდის დროს. მას მერე ლუკიანეს მიერ შესწორებულ თარგმანს ყველა იყენებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ბიბლია თარგმნილია ლუკიანეს რედაქციიდან.

ლუკიანეს სათნოებათა შესახებ ხმა იმპერატორ მაქსიმიანეს ყურამდეც მივიდა. ამ მზაკვარმა კაცმა ბევრი ქრისტიანი აწამა და მოკლა, განსაკუთრებით ეკლესიის მამები და მასწავლებელი. უბედური ფიქრობდა, რომ თუ ეკლესიის სვეტებს შეარყევდა და მოანგრევდა, ეკლესიის შენობაც ჩამოიშლებოდა. სწორედ იმ დროს მოკლა მან წმინდა ანთიმოზ ნიკომიდიელი (ხს. 3 სექტემბერს) და წმინდა პეტრე ალექსანდრიელი (ხს. 26 ნოემბერს). როცა მან წმინდა ლუკიანეს შესახებ შეიტყო, მის მოსაძებნად საწამებლად მეომრები გააგზავნა. მაშინ ერთმა ანტიოქიელმა მღვდელმა პანკრატიმ (ბაგრატი), რომელიც საველიოსის ერესს მისდევდა, მეფის გაგზავნილებს უთხრა, თუ სად იყო წმინდა ლუკიანე. ამის მერე წმინდა ლუკიანე შეიპყრეს და ნიკომიდიაში წაიყვანეს საწამებლად. ის მანამდე დიოკლეტიანეს დროსაც შეიპყრეს 308 წელს, მაგრამ მაშინ ის მოწამეობის დიდი სურვილის მიუხედავად გაათავისუფლეს და ანტიოქიაში დაუბრუნდა ღვთის სიტყვის გავრცელებას. მაგრამ ახლა ასე აღარ მოხდა.

სწორედ იმ პერიოდში მზაკვარი მაქსიმიანე ქრისტიან ყრმებსაც არ ინდობდა, აძალებდა ნაზორევ ხორცს და თუ არ შეჭამდნენ, საშინელი სიკვდილით კლავდა. წმინდა ლუკიანე აღფრთოვანდებოდა და სხვებსაც განამხნევებდა ქრისტესთვის წამებული ყრმების მაგალითით. კაპადოკიაში, რომელიც ნიკომიდიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, წმინდანმა დაინახა მეომრები, რომლებიც სიკვდილის შიშით ქრისტეზე უარი თქვეს. წმინდანმა ისინი ჯერ შეარცხვინა, უსაყვედურა რატომ უღალატეთ უკვდავ მეუფეს, მოკვდავი მეფის გამოო. თუ ზეციურ მეუფეს უღალატეთ, მიწიერ მეუფეს თქვენგან რა სარგებელი ექნებაო. ხანგრძლივი დატუქსვის შემდეგ მაგალითად დაუსახა მცირეწლოვანი ყრმები და უძლური დედაკაცები, რომლებიც ქრისტესთვის ეწამნენ, მაგრამ არ გატეხილან. ეს რომ მოისმინეს, მეომრები გონს მოვიდნენ, ქრისტესკენ სინანულით მოიქცნენ და შემდეგ უკვე საწამებლად წავიდნენ. მაშინ დაახლოებით ორმოცი მეომარი აწამეს. ასეთი ტკბილმოუბარი და მადლმოსილი იყო წმინდა ლუკიანე და მრავალი აღძრა მოწამებრვი ღვაწლისკენ, მრავალი ქრისტესგან განდგომილი დაუბრუნა უფლის ფარას. როცა ნიკომიდიაში ჩაიყვანეს, წმინდანმა იქაც ნახა ბევრი ცნობილი ქრისტიანი, თავისი მოწაფეები, რომლებიც ამ საშინელი დევნისგან დიდად იყვნენ შეშინებულნი. ზოგიერთი იმალებოდა, ზოგიერთიც ტანჯვისა და სიკვდილის შიშით ქრისტიანობაზე უარს აპირებდა. წმინდა ლუკიანემ მადლმოსილი სიტყვით გააღვიძა მათში მხნეობა, სიმამაცე, რათა არ შეშინებოდათ მათი, ვისაც მხოლოდ სხეულის მოკვლა შეუძლია და სულს ვერაფერს ავნებს (შდრ.მათე 10:28).

ჰყვებიან, რომ ეძებდნენ ერთ ქალწულს, სახელად პელაგიას, ლუკიანეს მოწაფეს, რომელსაც ქრისტესთვის წამებას უპირებდნენ; მას ეშინოდა, რომ მისი ქალწულება არ შეებილწათ და მაღალი სარკმლიდან გადმოხტა, დაიმტვრა და მოკვდა; მორწმუნეები მას პატივს მიაგებდნენ როგორც მოწამეს (ხს.08 ოქტომბერს).

მაქსიმიანემ შეიტყო, რომ ლუკიანეს ისეთი სასიამოვნო სახე აქვს და ისე მიმზიდველად საუბრობს, რომ ყველა ვინც მას უცქერს და უსმენს, აუცილებლად ქრისტიანი ხდებაო. მეფეს ეშინოდა, თუ შევხედავ და ისე ვესაუბრები ვაითუ ქრისტიანი გავხდეო და როცა წმინდა ლუკიანე მიიყვანეს, ის მას ფარდის იქით ესაუბრებოდა. მაგრამ ვერ გაჭრა წმინდა ლუკიანეს დიდებულმა საუბარმა. მეფემ ლუკიანეს საჩუქრები და პატივი შესთავაზა კერპების თაყვანისცემის სანაცვლოდ, როცა წმინდანს გაეცინა მის მზაკვრულ სიტყვებზე, მაქსიმიანე წამებით დაემუქრა. წმინდანი საპყრობილეში ჩააგდეს და სხვადასხვა სატანჯველი შეამთხვიეს. იქ ის თოკებით შეკრეს, წვეტიანი ქვებით სცემეს, აშიმშილებდნენ და წყალს არ აწვდიდნენ. დააწვინეს წვეტიან კრამიტებზე, ფეხები ხუნდებით დაუჭიმეს, სახსრები გადაუხსნეს, ხელებიც გაუჭიმეს თავს ზემოთ. ვერავინ მიეხმარებოდა და ვერც თვითონ გაინძრეოდა, რადგან ეს აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა. ასე იწვა 14 დღის განმავლობაში, ნათლისღების დღესასწაული როცა დადგა, წმინდანმა მოისურვა, რომ ის და იქ მყოფი ხალხი ზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს, უფალს შეევედრა, და ღმერთმაც ისე მოაწყო, რომ დარაჯების უყურადღებობით მორწმუნეები შეიკრიბნენ წმინდა ლუკიანესთან საპყრობილეში და პური და ღვინო მოიტანეს. მაშინ წმინდა ლუკიანემ თავის მოწაფეებს და საპყრობილეში შეკრებილ ქრისტიანებს მიმართა:

- ჩემ გარშემო დადექით, და იყავით ვითარცა ტაძარი, რამეთუ მწამს, რომ ცოცხალი ეკლესია უკეთესია და კეთილსასურველია ღვთისთვის ვიდრე ხისა და ქვისგან აგებული ეკლესია.

როცა მოწაფეები მის გარშემო დადგნენ, წმინდა ლუკიანემ თქვა:

- აღვასრულოთ ლიტურგია და ვეზიაროთ ღვთაებრივ საიდუმლოს.

მაშინ მოწაფეებმა ჰკითხეს:

- მამაო, სად დავდოთ პური წმინდა საიდუმლოს აღსასრულებლად? მაგიდა არ გვაქვს.

მან ხელ-ფეხ შებორკილმა, ზურგზე დაწოლილმა, უთხრა:

- დამადეთ მკერდზე და ის იქნება ცოცხალი ტრაპეზი ცოცხალი ღმერთისა.

აი, ასე აღსრულდა ღვთაებრივი ლიტურგია, ყველა ლოცვის წარმოთქმით, ისე როგორც წესი მოითხოვს და ყველა ღირსი შეიქნა ზიარებოდნენ უფლის წმინდა საიდუმლოს.

მეორე დღეს მეფემ მსახურები გააგზავნა, გაიგეთ ცოცხალია თუ არა ლუკიანეო. როცა მსახურები შევიდნენ, წმინდა ლუკიანემ მათი დანახვისას სამჯერ წამოიძახა:

- მე ქრისტიანი ვარ!

და ამ სიტყვებით ჩააბარა სული უფალს. წმინდა ლუკიანე 312 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა. ამას მოწმობს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა მისი ხსენების დღეს წარმოთქმული: "გუშინ უფალი ჩვენი წყლით მოინათლა, დღეს მისი მონა სისხლით ინათლება". საბერძნეთის ეკლესიაში მისი ხსენება 15 ოქტომბერს გადაიტანეს და 7 იანვარი გამოჰყვეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების აღსანიშნავად.

დავუბრუნდეთ მისი მარტვილობის შემდგომ განვითარებულ ამბებს:

მსახურები მივიდნენ მაქსიმიანესთან და უთხრეს, ლუკიანე უკვე მოკვდაო. მაშინ მეფის ბრძანებით წმინდა ლუკიანეს სხეულს ქვები მოაბეს და შუა ზღვაში ჩააგდეს, სადაც ოცდაათი დღე დაჰყო.

ამის შემდეგ წმინდანი გამოეცხადა ერთ-ერთ თავის მოწაფეს, სახელად გლიკერიას და უბრძანა ზღვის პირას წასულიყო, მისი სხეული აეღო და დაემარხა. გლიკერია სხვა ქრისტიანებთან ერთად წავიდა წმინდანის სხეულის მოსაძებნად. ამ დროს მათ დაინახეს დელფინების გუნდი, რომელთაც წმინდანის უხრწნელი სხეული მოჰქონდათ, მათ ნაპირამდე მოცურეს და წმინდანის სხეული მშრალ ადგილას დატოვეს. ქრისტიანებმა წმინდანი დიდი პატივით დაკრძალეს. მრავალი წლის მერე კონსტანტინე დიდის დედამ წმინდა ელენე დედოფალმა წმინდა მოწამე ლუკიანეს საფლავზე ტაძარი ააგო. იმპერატორ კარლოს დიდის დროს წმინდა ლუკიანეს სხეული საფრანგეთში, ქალაქ არლში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1