მახარებლები
მახარებლები
მახარებლები სახარების დამწერ მოციქულებს ეწოდებათ. მახარებლები იმიტომ ეწოდათ, რომ მათ მიერ აღწერილი ამბები განკაცებული ღმერთის იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრებისა ყველასთვის და ყოველთვის სასიხარულოა. მახარებლები არიან: მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე. შესაბამისად გვაქვს მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები. მახარებლებიდან მათე და იოანე 12 მოციქულთაგანნი არიან, მარკოზი და ლუკა კი სამოცდაათ მოციქულთაგანი, პეტრე და პავლე მოციქულთა მოწაფეები.

მათე მახარებელი იყო მებაჟე, მას მოციქულად მოწოდებამდე ერქვა ლევი. იგი საზვერეში იჯდა, როცა იესომ მოუწოდ. მან მატოვა ყველაფერი და ქრისტეს შეუდგა. წარმოშობით იყო კაპერნაუმიდან. ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაწერა სახარება, პალესტინაში, დაახლოებით 70 წლამდე, ებრაულ ენაზე, რომელიც შემდეგ ითარგმნა ბერძნულად. ქადაგებდა სახარებას იუდეველთა შორის პალესტინასა და აფრიკაში. გადმოცემით მათე მახარებელი წამებით აღესრულა ეთიოპიაში. მის ხსენებას ეკლესია 29 ნოემბერს აღნიშნავს.

მარკოზ მახარებელი პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი იყო იერუსალიმიდან. სახარება დაწერა რომში 63 წლამდე ბერძნულ ენაზე. მარკოზ მახარებელი არის ალექსანდრიის ეკლესიის დამაარსებელი და მისი პირველი ეპისკოპოსი და იქვე აღესრულა. მის ხსენებას ეკლესია 8 მაისს აღნიშნავს.

ლუკა მახარებელი იყო პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი, პროფესიით ექიმი. გაქრისტიანებამდე წარმართი იყო. სახარება დაწერა რომში 70 წლამდე ბერძნულ ენაზე; აღესრულა 74 წლისა მცირე აზიაში, კერძოდ, ბითვინიაში. ლუკა მახარებლის ხსენებას ეკლესია 31 ოქტომბერს აღნიშნავს.

იოანე მახარებელი, იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე, იყო ბეთსაიდიდან, ძმა იაკობ მოციქულისა და შვილი ზებედესი და სალომეასი. იყო მეთევზე. ქრისტეს მოწოდების შემდეგ თავის ძმასთან ერთად მიატოვა ყველაფერი და ქრისტეს დაემოწაფა. სახარება დაწერა ეფესოში 95 წლამდე ბერძნულ ენაზე. აღესრულა ეფესოში II საუკუნის დასაწყისში. იოანე მახარებლის ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 21 მაისს, ხოლო 9 ოქტომბერს - მის მიცვალებას.

თითოეულ მახარებელს აქვს თავისი სიმბოლო, რომელთან ერთადაც არიან გამოსახულნი სახარების თავფურცელზე. მახარებელთა სიმბოლოებია: მათე მახარებლისა - ანგელოზი, მარკოზ მახარებლისა - ლომი, ლუკა მახარებლისა - ხარი, იოანე მახარებლისა - არწივი.

ბეჭდვა
1კ1