წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვები
წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვები
წმინდა მოციქული პეტრე ჰეროდეს ბრძანებით საპყრობილეში ჩასვეს და რკინის ორი ჯაჭვით შებოჭეს. ჰეროდე ანტიპა იყო პირველი შვილიშვილი ჰეროდე დიდისა. იგი მართავდა იუდეას რომაელი იმპერატორის კალიგულას (37-41) და კლავდიუსის (41-54) დროს. მოკვდა მძიმე სენით, ანგელოზისაგან დამარცხებული, მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული პეტრე უცნაურად გათავისუფლდა საპყრობილიდან.

ღამით, როცა წმინდა პეტრეს ორ მეომარს შორის ეძინა, უფლის ანგელოზი შემოვიდა საკანში და გააღვიძა იგი. "ჯაჭვები მყისვე დასცვივდა ხელებიდან" (საქ. 12,7).

ცნობა პეტრეს უცნაური განთავისუფლების შესახებ მთელ იერუსალიმს მოედო. ზოგიერთმა მორწმუნემ ჩუმად აიღო ჯაჭვები და შეინახა რათა მის მაცქერალს მუდამ თვალწინ ჰყოლოდა ამ ჯაჭვების მატარებელი წმინდა პეტრე, რომელიც საპყრობილიდან გამოსვლისთანავე სახარების საქადაგებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრა და იერუსალიმში არ დაბრუნებულა. ჯაჭვებმა, რომლითაც შებოჭილი იყო წმინდა პეტრეს სხეული, სამკურნალო ძალა მიიღოს. ცნობილია, რომ წმინდა მოციქულ პეტრეს ოფლით გაჟღენთილი თავზე შემოსაკრავი და თავშალი ავადმყოფებს კურნავდა (საქ. 19,15). ასეთივე ძალა შეიძინეს წმინდა ჯაჭვებმაც, რომლებიც ოდესღაც მჭიდროდ ეკვროდნენ მოციქულის სხეულს. მორწმუნენი თაყვანს სცემდნენ ამ ჯაჭვებს, თაობიდან თაობას გადასცემდნენ მათ; მშობლები - შვილებს, შვილები კიდევ თავიანთ შვილებს უხსნიდნენ მათ მნიშვნელობას, ეუბნებოდნენ, თუ როგორი დიდი ტყვე იყო შებოჭილი ამით, როგორი დიდი მოციქულის სხეულს ეხებოდა ისინი. წმინდა პეტრეს სხეულის მიერ იყო ნაკურთხი ამ ჯაჭვების ძალა. ასე გადავიდა იგი მემკვიდრეობით იერუსალიმის უწმინდესი პატრიარქის იუბენალის ხელში (420-450).

როცა მეფე თეოდოსი უმცროსის მეუღლე ევდოკია იერუსალიმიდან დედაქალაქში ბრუნდებოდა, პატრიარქმა იუბენალმა მისი კეთილი საქმეებისა და წმინდანთა სიყვარულისათვის მას მრავალი სულიერი განძი აჩუქა, რომელთა შორის იყო წმინდა პეტრეს პატიოსანი და სასწაულთმოქმედი ჯაჭვები. ეს ჯაჭვები იერუსალიმში ინახებოდა 439 წლამდე. ამ დროს მიიღო დედოფალმა ევდოკიამ ისინი საჩუქრად.

დედაქალაქში დაბრუნებისას ევდოკიამ ერთი ჯაჭვი საჩუქრად გადასცა წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარს, რომელიც მოთავსებული იყო სოფიის დიდი ტაძრის შიგნით.

აქ იგულისხმება კონსტანტინე დიდის მიერ აგებული კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი. ეს ტაძარი იუსტინიანე დიდის დროს კიდევ უფრო განახლდა, გაფართოვდა. ტაძარი აგებული იყო ღვთის სიბრძნის, სოფიის პატივსაცემად.

1453 წელს კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრეს და ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. იუსტინიანეს დროინდელი წმინდა სოფიის ტაძარი ამჟამადაც წარმოადგენს ბიზანტიური სტილის ქრისტიანული არქიტექტურის შესანიშნავ ძეგლს.

მეორე ჯაჭვი რომში თავის ქალიშვილ ევდოკიას, მეფე ვალენტინიან მესამის მეუღლეს გაუგზავნა.

თავის დედასავით ღვთისმოსავმა ევდოკიამ სიყვარულით მიიღო ეს ძვირფასი საჩუქარი და ევსკვილიის მთაზე წმინდა მოციქულ პეტრეს სახელზე ააგო ტაძარი, რომელშიც დააბრძანა ეს ჯაჭვი. ამ ტაძარში ჯაჭვთან ერთად მან მოათავსა წმინდა პეტრეს მეორე ჯაჭვიც, რომელიც ნაპოვნი იქნა რომში და რომლითაც შებოჭილი იყო იგი ნერონის მიერ წამების დროს.

ჯაჭვები, რომლითაც შებოჭილი იყო წმინდა პეტრე, რომში მოიპოვეს II საუკუნეში.

ამის შემდეგ ამ პატიოსანი ჯაჭვების პატივსაცემად 16 იანვარს დაწესდა დღესასწაული.

ჯაჭვების რომაული დღესასწაული არსებობდა II საუკუნის დასაწყისიდან, პაპ ალექსანდრეს დროიდან (109-119). იგი ეძღვნებოდა წმინდა პეტრეს რომის საპყრობილეში ყოფნას. ამ დღესასწაულის შემდეგ განახლდა იერუსალიმიდან გამოგზავნილი ჯაჭვების თაყვანისცემისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ეს ზეიმი რომის ეკლესიებში სრულდება 1-ელ აგვისტოს.

ჯაჭვთაყვანისცემის დღესასწაული ეძღვნება წმინდა მოციქულ პეტრეს ხსოვნას და მიმდინარეობს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სადიდებლად. წმინდა პეტრეს ჯაჭვების სახელზე თბილისში აგებულია ტაძარი ავჭალაში, მთაზე.
ბეჭდვა
1კ1