მათე მახარებელი
მათე მახარებელი
გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან წყარო გამოედინება
წმინდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო.

მოგეხსენებათ, წმინდა ოთხთავი ოთხი სახარებისგან შედგება. მათე მოციქული ავტორია სახარების პირველი წიგნისა. გადმოცემით ცნობილია, რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დაასრულა დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელ პალესტინაში, თუმცაღა პირვანდელი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია, გვაქვს მისი ბერძნული თარგმანი.

მოწოდება: სახარებიდან ცნობილია, რომ მათე მეზვერე ანუ გადასახადების, ბაჟის ამკრეფი იყო და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეებს არ უყვარდათ იგი, ისევე როგორც ყველა მეზვერე, და გაურბოდნენ კიდეც, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. სწორედ მათე, ყველასგან მოძაგებული მეზვერე, გამოირჩია განკაცებულმა მაცხოვარმა...

ქადაგება:
სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელი იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, მიდიაში, ბოლოს კი ეთიოპიაში.

მოწამებრივი აღსასრული: 60 წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენაში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსად თავისი მეგზური პლატონი დაადგინა.

ერთხელაც, ლოცვისას, მოციქულმა იხილა უფალი ჭაბუკის სახით, რომელმაც კვერთხი გადასცა და უთხრა: "დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან. გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან წყარო გამოედინება. ამ წყაროს დამლევი და ხის ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი თვინიერნი და მორჩილნი გახდებიანო". მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისკენ.

გზად ქალაქის მმართველ ფულბიანეს ეშმაკისგან შეპყრობილი ცოლ-შვილი შეხვდა. მოციქულმა გაათავისუფლა ისინი ბოროტის ტყვეობისგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს.

ფულბიანეს კი არ სურდა, მის ხალხს ქრისტიანობა მიეღო, უნდოდა, კერპთმსახურებად დარჩენილიყვნენ. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და მისი მოკვდინება ბრძანა.

წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, თივა დააყარეს და დაწვა სცადეს, მაგრამ იგი უვნებელი გადარჩა. მაშინ მთავარმა მოციქულს შენდობა სთხოვა. ბრძანა, ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ მისი პატიოსანი სხეული, ცეცხლს სრულიად უვნებლად გადარჩენილი. შემდეგ ძვირფასი შესამოსლით შეამოსინა და სასახლეში შეასვენა. მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა სული თვისი. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს.

მართალია, ფულბიანემ შეინანა, მაგრამ ეჭვი მაინც ღრღნიდა. ბრძანა, თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო, არა მარტო ცეცხლის, წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. მოციქულის წმინდა სხეული რკინის კიდობანში ჩაასვენეს და ზღვაში ჩაუშვეს.

იმ ღამესვე წმინდა მოციქული თავის მოწაფე პლატონს გამოეცხადა და უთხრა, მისულიყო ზღვის ნაპირას და მისი ნაწილები აეღო.

ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა. მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში, სადაც ფულბიანე მოინათლა და სახელად მათე ეწოდა. შემდგომში სწორედ მან გააგრძელა მოციქულის მიერ დაწყებული საქმეები ეთიოპიაში. …

წმინდა ნაწილები:
ცნობილია, რომ მთე მოციქულის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ სალერნოში გადაასვენეს X საუკუნეში.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1