პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ
პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ
დედაქალაქის შემოსასვლელთან, ავჭალის მთაზე, მცირე ზომის ტაძარი აუშენებიათ ჩვენს წინაპრებს. ეს მადლიანი სალოცავი თითქოს მფარველობას არ აკლებს თითოეულ ჩვენგანს და გზასაც ულოცავს მგზავრებს.

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ეკლესიის წარსულზე მცირე ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი 1742 წელს აუგია გაბრიელ ბერს და თავადაც იქვე განისვენებს. ტაძრის შორიახლოს სასწაულმოქმედი სამკურნალო ჯაჭვის წყაროა. ზედაზნის მთის ამ ციცაბო კლდეზე, პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ეკლესიასთან ერთად, კიდევ ორი ტაძარია.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის ტაძარს დიდი ხანია, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე აქცევს ყურადღებას. მრევლისა და კეთილი ადამიანების დახმარებით გადაიხურა ტაძარი და მიმდინარეობს მისი კეთილმოწყობა.

- ავჭალა თბილისის დასაწყისია და ძალიან მიხარია, რომ ამ დასახლებაში რამდენიმე ძველი ტაძარია შემონახული: პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის, წმინდა გიორგის ეკლესიები. კიდევ არის ორი ეკლესია, რომელთა სახელიც უცნობია. გადმოცემით, ერთი ეკლესია მოიხსენიება მაჩვის საყდრად, მეორე კი აქლემაანთ საყდრად, რადგან აქ საქარავნო გზა გადიოდა და მგზავრები აქლემებს ეკლესიის მახლობლად ასვენებდნენ, - გვიამბობს მამა გიორგი, - ავჭალაშია ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული დედათა მონასტერი, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი, აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე), წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სახელობის ეკლესია, შენდება დედათა მონასტერი პანტანასას ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

წმინდა პეტრე მოციქულის ტაძრის მაშენებელ ბერ გაბრიელს გუმბათის ნავში ჰქონია საცხოვრებელი სენაკი. გაბრიელ ბერის საფლავის ქვაც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ - ხევში ეგდო. ბავშვობაში, კარგად მახსოვს, რომ საფლავის ქვა ტაძარში იდო. კომუნისტების დროს, ჩანს, გარეთ გამოიტანეს. მადლიანმა ადამიანმა ზურგით ამოიტანა ქვა და ტაძარში დააბრძანა. წარწერა გვამცნობს, რომ აქ განისვენებს ბერი გაბრიელი, რომელმაც 1742 წელს ააშენა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარი. თურმე, როგორც კი აშენდა ეს ტაძარი, მაშინვე სასწაულებრივად აღმოცენებულა მკურნალი წყალი, რომელსაც ჯაჭვის წყარო დარქმევია. აქ ძველად ჯაჭვის სახელით ცნობილი სოფელი ყოფილა. ჩანს, ეს მთიანი ადგილი დასახლებული იყო და საქარავნო გზაც გადიოდა.

მე ავჭალაში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მიყვარს აქაურობა.

ყველა ავჭალელისთვის სანუკვარია წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელსაც ავჭალის განსაკუთრებულ მფარველად მივიჩნევთ. მახსოვს, ტაძრის დღესასწაულზე, 29 იანვარს, როგორი სიხარულით და რწმენით მოუყვებოდნენ გაუქმებული ტაძრის აღმართს მლოცველნი. ღვთისმსახურება 1993-94 წლებში აღვადგინეთ. ტაძრის კურთხევის დროს ისეთი ნისლი იყო, რომ აღარაფერი ჩანდა. ტაძარში ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, მხოლოდ ლოცვის ხმა გვესმოდა. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ გაიფანტა ნისლი და ხელისგულივით გამოჩნდა ირგვლივ ყველაფერი. მოხარული ვარ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წილად მხვდა პეტრე მოციქულის ტაძრის კურთხევა. ღვთის წყალობით, არ ვაკლებთ ტაძარს ყურადღებას. შევაკეთეთ სახურავი, შეიცვალა იატაკი, ტრაპეზი. მადლობა ღმერთს, მადლობა პეტრე მოციქულს, რომ საშუალება მოგვეცა ტაძარში მსახურებისა და წირვა-ლოცვის მადლის მიღებისა.

საოცარია, რომ პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი მთელ მსოფლიოში მხოლოდ სამია, მათ შორისაა ჩვენი, მართლმადიდებლური. მეორეა რომში, რომელიც თავიდან მართლმადიდებლური იყო და მერე გადაკეთდა კათოლიკურად. კიდევ არის ესპანეთში.

ღვთის წყალობით, წმინდა პეტრე მოციქულის თავის ქალას და მარჯვენა ფეხის წმინდა ნაწილი ჩვენთან, წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში ინახება. გვაქვს ასევე პავლე მოციქულის მარჯვენა ფეხის წმინდა ნაწილი. პეტრე და პავლე საოცარი მოშურნეობის და ღვაწლის გამო უფალმა მოციქულთა თავად დაადგინა. პავლე მოციქულის ცხოვრების მიხედვით, ის თავიდან ქრისტიანთა მდევნელი გახლდათ. უფალმა მას უდიდესი სასწაული დაანახა. როცა ქრისტიანების დევნა გადაწყვიტა, თვალისჩინი წაერთვა. მოძღვრის ლოცვით თვალი აეხილა და მას შემდეგ შეუდგა ქრისტეს სჯულს. ყოფილი სავლე გახდა პავლე, ქრისტეს სარწმუნოების უდიდესმა მქადაგებელმა მთელი რომი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იგივე შეიძლება ითქვას პეტრე მოციქულზე, რომელიც, ფაქტობრივად, გახდა კლდე. უფალმა მას უთხრა: შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". აქ საუბარია რწმენაზე. პეტრე მოციქული უფალს ყოველთვის უდასტურებდა, რომ მზად იყო, მასთან ერთად აღსრულებულიყო. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მასზე უფალმა დაუშვა და დაანახა, რომ თუ ადამიანის სარწმუნოება თავის ძალებზე იქნება დამყარებული და არა ღმერთზე, შეიძლება კაცი ადვილად განუდგეს ჭეშმარიტებას. პეტრემ სამგზის უარყო მაცხოვარი. შემდეგ იმხელა სინანულში ჩავარდა, რომ სახეზე ტირილით ღარები გაუჩნდა. თვალები მუდამ სისხლიანი და ცრემლიანი ჰქონდა. როცა ყოველ დილით მამალი იყივლებდა, გამუდმებით ცრემლი სდიოდა. მართლაც, სინანულია უმთავრესი გზა, რისი საშუალებითაც ადამიანი უფალს უახლოვდება. სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა. პეტრე და პავლე მოციქულებს სინანული, სწორი სარწმუნოება და საოცარი მოშურნეობა რომ არ ჰქონოდათ, რის გამოც ისინი უფალმა გამოარჩია, ნამდვილად ვერ შეძლებდნენ წარმართებში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებას.

ვიცით, როგორ დაასრულა პეტრე მოციქულმა სიცოცხლე - მისივე თხოვნით ჯვარზე თავდაყირა გააკრეს. უღირსად თვლიდა თავს, მაცხოვრის მსგავსად გაეკრათ ჯვარზე.

ამ მოციქულების ღვაწლით მრავალი ადამიანი მოექცა. სულთმოფენობის დღეს პეტრე მოციქულის ქადაგებამ სამი ათასი ქრისტიანის სული შესძინა ეკლესიას. რამხელა ძალა ჰქონდა მათ სიტყვას! სიტყვა საქმის გარეშე მკვდარია. თუ ვიტყვით, ქრისტიანები ვართო და ჩვენი საქმე სხვას იმეტყველებს, ვერ ვიქნებით პეტრე და პავლე მოციქულების მიმდევრები. პავლე მოციქულს თუ არ მივბაძეთ მოშურნეობით, რწმენით, ცხოვრების წესით, ვერ ვიქნებით ჭეშმარიტი ქრისტიანები. განსაკუთრებულად უნდა ვევედროთ პეტრე და პავლე მოციქულებს, რომ მათი სარწმუნოება და მოშურნეობა თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი ყოფილიყოს, რომ სინანულით გვეცხოვროს. სასწაულია, რომ ჩვეულებრივი ადამიანის, პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ. მისი მოხსნილი სარტყელი რომ დაადეს ადამიანს, მან კურნება მიიღო. პეტრე და პავლე მოციქულები სიცოცხლეშივე უდიდეს სასწაულებს სჩადიოდნენ. მადლობა უფალს, რომ მათი წმინდა ნაწილები ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული. ჩვენს ტაძარშია სხვა მოციქულების წმინდა ნაწილებიც. მათ შორის ანდრიასი, ბარნაბასი, იაკობ მოციქულისა. ეს სიწმინდეები ჩამოვაბრძანეთ კრეტის ერთ-ერთი მონასტრიდან. სიწმინდეებს გამოვაბრძანებთ ხოლმე მათი ხსენების დღეს, მაშინაც, როცა მორწმუნეებს სურვილი აქვთ, ემთხვიონ სიწმინდეებს და რწმენით კურნება მიიღონ.
ბეჭდვა
1კ1