ასე იცვალა ფერი სავლემ და ქრისტიანთა მდევნელის ნაცვლად მოციქულის სახელი დაიმკვიდრა
ასე იცვალა ფერი სავლემ და ქრისტიანთა მდევნელის ნაცვლად მოციქულის სახელი დაიმკვიდრა
"საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!.." მართლაც საოცარია, როგორ გამოარჩევს ხოლმე ღმერთი თავის რჩეულ ჭურჭელს სრულიად არაქრისტიანულ გარემოში. უფალი თავისი სასწაულით მისივე მდევნელსა და დაუძინებელ მტერს სულიერ ფერისცვალებას განაცდევინებს და ერთგულ მსახურად გაიხდის. ქრისტიანულ სამყაროში პირველმა პავლე მოციქულმა იცვალა ასე "ფერი".

მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ქრისტეს მორწმუნეთა დევნა დღითი დღე ძლიერდებოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა სავლე, ფარისეველთა სექტის წარმომადგენელი და იუდეველთა რაბინი. სავლე პირველ ქრისტიანთა სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა ისინი და საპყრობილეში ყრიდა. იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსსაც კი დარაჯობდა. ქრისტიანთა დევნის ჟინით შეპყრობილმა, იუდეველთა მღვდელმთავარს სთხოვა, წერილები მიეწერა დამასკოს სინაგოგებისთვის, რათა იქაც ჰქონოდა უფლება იესოს მიმდევართა შეპყრობისა და იერუსალიმში მოყვანისა. მართლაც დაადგა სავლე დამასკოსაკენ მიმავალ გზას, მაგრამ ქალაქამდე ვერ მიაღწია, რადგან, ღვთის წყალობით, მასში სასწაულებრივი ფერისცვალება მოხდა.

დამასკოს რომ მიუახლოვდა, სავლე ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი ცხენებიდან ჩამოცვივდა, სავლეს კი ხმა ესმა: "საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა". სავლე დაეკითხა: "ვინ ხარ შენ, უფალო?" ხმამ უპასუხა: "მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. მაგრამ წამოდექი და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ" (საქმე. 26,14-16). სავლეს მხლებლებს ხმა კი ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ.

ღვთიური ნათებისგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსკენ, სადაც სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი - ანანია ცხოვრობდა.

ანანიას გამოცხადებით ემცნო: "ადექი და მიდი იმ უბანში, რომელსაც მართალი ჰქვია, და მოძებნე იუდეველთა ტაძარში კაცი, სახელად სავლე..." ამასობაში ღვთიური ნათლით დაბრმავებული სავლე ხელით შეიყვანეს ტაძარში, სადაც სამი დღე-ღამე ისე დაჰყო, საჭმელიც არ გახსენებია, განუწყვეტლივ ლოცულობდა. ბოლოს, უფლის ბრძანებისამებრ, მივიდა მასთან ანანია, თვალებზე ხელი შეახო და ქრისტეს სახელით მხედველობა დაუბრუნა. სავლე მოინათლა და სახელად პავლე ეწოდა.

პავლემ, უფლის ბრძანებით, იუდეველთა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება იწყო, რის გამოც გამუდმებით უწევდა ხანგრძლივი მოგზაურობა. იგი ასევე წერდა და თავის სამწყსოს უგზავნიდა ეპისტოლეებს, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია შესული. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა. ერთ-ერთი გადმოცემით, მან რომის იმპერატორის მეღვინეთუხუცესი მოაქცია, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

უფლის სასწაულით ასე იცვალა ფერი სავლემ და ქრისტიანთა მდევნელის ნაცვლად მოციქულის სახელი დაიმკვიდრა. მაცხოვრის მიმართ მადლიერებამ და სიყვარულმა მას მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღუძრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერი მიზნები ვერ გაუჩენდა, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია. ფერისცვალებით მიღებული ძალითა და მადლით მოციქული ღირსეულად ემსახურა ღმერთსა და მოყვასს.
ბეჭდვა
1კ1