მოციქული ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს
მოციქული ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს

გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი წმინდა მოციქული ფილიპე წმინდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.

მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მოწოდებული იყო უფლის მიერ პეტრესა და ანდრიას შემდეგ მეორე დღეს. მოწოდების შემდეგ ფილიპემ მეყსეულად აცნობა თავის მეგობარ ნათანიელს - "პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. "(იოან.1:45). ერთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ.3:14-18). მისი სახელი ფიგურირებს 5000 კაცის დაპურების დროსაც (იოან.6:7), ასევე, როცა მას მიმართეს ელინებმა, ენახათ იესო (იოან.12:23). საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ თქვა: "ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამა? შენი, და კმა არს ჩუენდა."

მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი, იგივე ბართლომე (ინ. 1,46); წმინდა მოციქული ბართლომე წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (ინ. 1, 45-51; 21, 2). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებანი, რომელთა დროსაც იგი უფლის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, "რომლისა თანა ზაკვაი არა არს" (იოანე 1, 47).

სულიწმინდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები ცხოვრებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.
მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ძალზე ბევრი ბევრი იყო კერპი, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ აკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთთაყვანისმცემლები.

წმინდა ფილიპე თავის დასთან, მარიამნასთან, ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა. წმინდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში, ბართლომე, ფილიპე და მარიამნა ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო;

ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა. უკვე ორმოცი წელი იყო, თვალისჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმინდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმინდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

მოციქულ ფილიპეს მოწამებრივი აღსასრული
ჰიეროპოლის ქალაქის თავის - ნიკანორის მეუღლე გველისაგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმინდა მოციქულები იმყოფებიან და ოდენ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებათ; ქმრის არყოფნის ჟამს ამ სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც - გველის ნაკბენისაგან და სულიერიც - ეშმაკისმიერი ცდუნებისაგან, რამეთუ მოციქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმინდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს - შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო. საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე ბრძანა მოციქულთა შეპყრობა, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ, და წმინდა მოციქულები - ბართლომე და ფილიპე, მარიამნასთან ერთად, გინებით, ცემით და შეურაცხყოფით ათრიეს ქალაქის ქუჩა-მოედნებზე და ბოლოს საპყრობილეში ჩაყარეს. შემდეგ ქალაქის თავი მსაჯულის ადგილას დაჯდა, მოაყვანინა წმინდანები და მათს გასამართლებას შეუდგა. სამსჯავროზე მრავალი კერპთაყვანისმცემელი ქურუმი მოვიდა, მათ შორის მოციქულთაგან მოკვდინებული იქედნეს ტაძრის მსახურნიც იყვნენ. ყველა უფლის მოციქულთა წინააღმდეგ საჩივრით წარუდგა ქალაქის თავს და გაიძახოდნენ:
- მოაკვდინე ეს მოგვნი, ქალაქის თავო!
- შური იძიე ჩვენი "ღმერთების" უპატიო-ყოფისათვის!
- სასტიკად დასაჯე ესენი, დიდო მსაჯულო, რამეთუ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში გამოჩნდნენ, ჩვენი დიადი "ღმერთების" საკურთხევლები დაცარიელდა!
- მოკალი ეს მტრები, ჰოი, მთავარო, რამეთუ ამათი მიზეზით ხალხმა დაივიწყა ჩვენი "ღმერთები", აღარ შესწირავს მათ ჩვეულ მსხვერპლს და მთელი ქალაქიც უსჯულოებით აღვისო!
- სიკვდილი მაგათ, რადგან სწორედ მათ მოაკვდინეს ჩვენი ქალ-ღმერთი იქედნე!


ამას კერპთაყვანისმცემლები ერთხმად მოითხოვდნენ. და მაშინ ქალაქის თავმა ნიკანორმა ბრძანა, შესამოსელთაგან განეძარცვათ წმინდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე, რადგან ჰგონებდა, ჯადოს ძალა შესამოსელში აქვთ დამალულიო. მაგრამ როცა ვერაფერი აღმოუჩინეს, ახლა წმინდა მარიამნასაც მიუახლოვდნენ, რათა მისი ქალწულებრივი სხეულიც განეშიშვლებინათ, მაგრამ როგორც კი დააპირეს ხელით შეხებოდნენ მის შესამოსელს, ანაზდად მარიამნა საოცარი ნათლით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც უკეთური მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოებოდნენ. წმინდა მოციქულებს კი ქალაქისთავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა.
პირველად წმინდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს და ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა, იქედნეს საკერპე ბომონის კართა წინ, თან ამ დროს ქვებსაც ესროდნენ. მერმე მტარვალებმა წმინდა ბართლომეც ჯვარს აცვეს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს, ანაზდად, დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს - ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც - შიშის თავზარი დაეცა და ტირილით ევედრებოდა წმინდა მოციქულებს, - შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო.

ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა დაიწყეს. წმინდა ბართლომე არც თუ ისე მაღლა ეკიდა ჯვარზე და მალე ჩამოხსნეს, მაგრამ ფილიპე ძალზე მაღლა იყო დაკიდებული და მისი ჩამოხსნა ვერ შესძლეს სწრაფად; ეს იმიტომ მოხდა, რომ მაღალი ღმერთის განგებით, მისი წმინდა მოციქული ამ ვნებათა და ჯვარზე სიკვდილის გზით ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლებულიყო, რისთვისაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეცდებოდა. თავდაყრია ჯვარზე გამოკიდული წმინდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევებინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავის სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას, უკანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქის თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმინდა ნათელის მიღებისა.

როცა ბოლოს წმინდა ფილიპეც ჩამოხსნეს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული. მისი ღვიძლი და, მარიამნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ იქვე იდგა და თვალს ადევნებდა ფილიპეს ტანჯვასა და სიკვდილს, ახლა სიყვარულით ეხვეოდა და ეამბორებოდა მის სხეულს და სიხარულით აღივსებოდა იმის გამო, რომ ფილიპე ღირს-იქმნა ქრისტესთვის ვნებულიყო (მისი ხსნება აღესრულება 14 ნოებერს).
წმინდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახალქმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა. ქრისტეს ამ ახალმა მორწმუნეებმა დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმინდა მოციქულ ფილიპეს სხეული. იმ ადგილას, სადაც მოციქულის წმინდა სისხლი დაიღვარა, სამ დღეში ვაზი ამოიზარდა! ეს სასწაული იმის ნიშნად აღსრულდა, რომ თავისი, ქრისტეს სახელისათვის დაღვრილი, სისხლისთვის წმინდა ფილიპე საუკუნო ნეტარებით დასტკბება უფლისა თანა ცათა სასუფეველში.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმინდა ბართლომემ, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლისში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში განამტკიცებდა ახალდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორთავ თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა კილაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს); ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაჰყო, დაშვრებოდა იესო ქრისტეს ხარებით, მოვვლიდა მრავალ ქალაქს თუ სოფელს და ყველგან განკურნავდა სნეულთ მისი სახელით. აქ მრავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახალმოქცეულთ გადასცა იგი. მათვე დაუტოვა ებრაულ ენაზე დაწერილი სახარებაც, რომელიც ასი წლის შემდეგ ქალაქ ალექსანდრიაში ჩაიტანა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა პანთენემ

 

ბეჭდვა
1კ1