წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა - პავლე მოციქული მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს
წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა - პავლე მოციქული მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს
წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. მისი მშობლები არ ყოფილან ებრაელები: ამას მოწმობს, პირველ ყოვლისა, ის ადგილი პავლე მოციქულის ეპისტოლედან კოლასელთა მიმართ, სადაც იგი აშკარად გამოჰყოფს ლუკას სხვა მოწაფეთა შორის, "რომელნი-იგი იყვნეს წინადაცვეთილებისაგანნი" (კოლას. 4, 10-15), ანუ იუდეველნი, ებრაელნი; მეორე მხრივ კი, ეს ჩანს თვით ლუკას სახელიდან, რომელიც წარმოადგენს შემოკლებულ სახელს "ლუკან"-ისგან, რასაც ლუკას სახარების ზოგიერთ უძველეს ლათინურენოვან ხელნაწერში ვხვდებით. მიუხედავად არაებრაელობისა, ლუკა საფუძვლიანად იცნობდა იუდეველთა წეს-ჩვეულებებს და მოსეს სჯულიც იცოდა, რაც კარგად ჩანს მის მიერ დაწერილ სახარებასა და საქმე მოციქულთაში. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუკამ ჯერ კიდევ ქრისტეს შედგომამდე მიიღო იუდეველთა სარწმუნოება.

თავის მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც სახელგანთქმული იყო განათლების კერებით, მეცნიერებით და ხელოვნებით, ლუკამ ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო და სხვადასხვა მეცნიერული ცოდნით განიმდიდრა გონება. პავლე მოციქულის ზემოხსენებული ეპისტოლედან ვხედავთ, რომ ლუკას მკურნალის ხელოვნება შეუსწავლია - მოციქულთა თავი მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს (კოლას. 4, 14), საეკლესიო გადმოცემა კი იმასაც გვიმოწმებს, რომ იგი ხატმწერიც იყო. უეჭველია ისიც, რომ მოციქული ლუკა საერთოდაც დიდად განათლებული და წიგნიერი კაცი იყო; ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ მისი ნაწერების ენა (ბერძნული) გაცილებით უფრო დახვეწილი და სწორია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვა დამწერთა...
როცა ამბავი იესო ქრისტეს სასწაულთქმედებებისა და ღვთაებრივი მოძღვრებისა გალილეიდან სირიასაც მისწვდა, ლუკა ანტიოქიიდან პალესტინაში ჩავიდა და უფლის მიმდევრებს შეუერთდა გალილეაში, იქ, სადაც მაცხოვარმა თავისი მხსნელი სწავლების მარცვალთა დათესვა დაიწყო.

ამ მარცვლებმა კეთილი ნიადაგი ჰპოვეს ლუკას გულში და ასმაგი ნაყოფიც გამოიღეს. მალე ლუკა ღირს-იქმნა უფლის 70 მოციქულთა შორის შერაცხულიყო. დაიმოძღვრა რა უფლისაგან და სასწაულთმოქმედების ძალაც მიიღო მისგან, ლუკაც სხვა მოციქულებთან ერთად იქნა წარვლენილი იმ ქალაქებსა და დაბებში, სადაც მაცხოვარი აპირებდა მისვლას. და ისიც ქადაგებდა იქ ცათა სასუფევლის მოახლოებას და ამით გზას განუმზადებდა უფალ იესო ქრისტეს (ლუკა 10, 1-24). მართალია, თავისი სახარების დასაწყისში ლუკა თითქოს გამორიცხავს თავს იმ მოციქულთაგან, "რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის" (ლუკა 1, 2), მაგრამ ამით მას მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ თვითონ არ ყოფილა შერაცხული უფლის 12 მოციქულთა შორის, რომელთაც, რა თქმა უნდა, მეტი იხილეს და მეტი იცოდნენ მაცხოვრის საზოგადო მსახურების შესახებ, ვიდრე 70-მა მოციქულმა.

ბეჭდვა
1კ1