წმინდა მოციქულნი: ფილიმონი და არქიფო - სამოცდაათთაგანნი და წმინდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია (I) - 22 (05.12) ნოემბერი
წმინდა მოციქულნი: ფილიმონი და არქიფო - სამოცდაათთაგანნი და წმინდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია (I) - 22 (05.12) ნოემბერი
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: "ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიფოსს, თანამოსაგრესა ჩუენსა".

წმინდა მოციქული არქიფო ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი გახლდათ. წმინდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ამავე ქალაქში ცხოვრობდნენ. ფილიმონი ქალაქის წარჩინებული მოქალაქე იყო. ჰყავდა მონა, სახელად ონისიმე. მან ერთხელ რაღაც დააშავა, პატრონს გაექცა და რომში ჩავიდა, რადგან ამ დიდ ქალაქში ძებნას ადვილად დააღწევდა თავს. იქ, ღვთის წყალობით, პავლეს ქადაგება მოისმინა, მისმა სიტყვებმა სინანული აღუძრა, ირწმუნა, მოინათლა და პავლეს მსახურად დაუდგა. მოციქულსაც მოეწონა ონისიმე, მაგრამ ჩათვალა, რომ უფლება არ ჰქონდა პატრონის ნებართვის გარეშე თავისთან დაეტოებინა იგი. ამიტომ უკან გააგზავნა და წერილი გაატანა ფილიმონთან, სადაც სთხოვდა, შეენდო მონისთვის და მიეღო, როგორც ქრისტესმიერი ძმა. ფილიმონი ასეც მოიქცა. მან გაათავისუფლა ონისიმე, რომელიც შემდგომ ეპისკოპოსი გახდა და ქრისტესთვის მრავალი ტანჯვის დათმენის პატივი ხვდა წილად.

ფილიმონიც და მისი მეუღლეც პავლე მოციქულის მიერ მოინათლნენ. წმინდა ნათლობის შემდეგ ქალაქ კოლასეს ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია შინ მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.

წმინდა მოციქულები - არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიფო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. წმინდა ფილიმონი და აპფია მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.

წმინდა მოციქულები არქიპო, ფილიმონი და აპფია რომის იმპერატორ ნერონის (54-68 წლებში) მეფობის ჟამს აღესრულნენ. ეკლესია მათ ასევე 19 თებერვალსაც (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს) მოიხსენიებს.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოციქულები არქიპო, ფილიმონი და აპფია (I) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)


კონდაკი:

ვითარცა ვარსკულავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1