წმინდა მოციქული ფილიპე, ერთი შვიდთა დიაკონთაგანი (I) - 11 (24) ოქტომბერი
წმინდა მოციქული ფილიპე, ერთი შვიდთა დიაკონთაგანი (I) - 11 (24) ოქტომბერი
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც შემდგომში ქალწულობითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი - ერმიონია (იხ. 4 სექტემბერს) მოწამებრივად აღესრულა.

წმინდა ფილიპე მოციქულებმა დიაკვნად გამოირჩიეს და წმინდა პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკვანთან ერთად ხელნი დაასხეს. იგი გულმოდგინედ ზრუნავდა მორწმუნეებზე, ქვრივ-ობლებსა და გლახაკებზე. იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს, როცა წმინდა სტეფანე მოკლეს და ქრისტიანები თორმეტი მოციქულის გარდა, იუდეის და სამარიის ოლქებში მიმოიფანტნენ, ამ დროს დამარიაში ჩავიდა წმინდა ფილიპე მოციქულიც. აქ ის ქრისტეს უქადაგებდა ხალხს და სამარიტელნიც ერთსულოვნად ისმენდნენ მის მონათხრობს. თავის ქადაგებას წმინდა ფილიპე მრავალი სასწაულით ადასტურებდა, კურნავდა სნეულებს, კაცთაგან განდევნიდა ბოროტ სულებს. და დიდი იყო სიხარული ამ ქალაქში, რამეთუ წმინდა ფილიპეს ქადაგების მიღებით და ჭეშმარიტი მესიის რწმენით განიკურნებოდნენ არა მარტო ხორციელი, ასევე სულიერი სნეულებებისაგან. ამ ყველაფერს შეესწრო მთელ სამარიაში თავისი ჯადოქრობით განთქმული სვიმონ მოგვი. ხედავდა რა წმინდა ფილიპეს ხელით მოხდენილ სასწაულებს, ისმენდა რა მოციქულის ქადაგებას ღვთის სასუფეველსა და ქრისტეს სახელზე, სიმონმა ირწმუნა და სხვებთან ერთად მოინათლა: "ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა" (საქმე; 8,13). ერთხელაც წმინდა ფილიპეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

- წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.

ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: - მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა:

- თუ გესმის, რასაც კითხულობ?

მან კი მიუგო:

- როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს?

და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: "კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი".

საჭურისმა ფილიპეს უთხრა:

- გემუდარები, ვიზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?

ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა:

- აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?

ფილიპემ უთხრა:

- თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.

მან კი მიუგო:

- მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.

და ბრძანა, გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.

ფილიპე კი ფილისტიმელთა ქალაქ აზოტეში აღმოჩნდა, ღაზის სიახლოვეს; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა. აქ მას საკუთარი სახლი ჰქონდა, სადაც ერთხანს თავის ოთხ წინასწარმეტყველ ქალიშვილთან ერთად იცხოვრა. შემდეგ ჩავიდა იერუსალიმში. მოციქულებმა მას ეპისკოპოსად ხელნი დაასხეს და საქადაგებლად გაუშვეს მცირე აზიის ქალაქ ტრალისში, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და მრავალი სასწაული მოიმოქმედა. წმინდა ფილიპე ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. სხვა წყაროებით ის იეროპოლში გარდაიცვალა.

წმინდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი, უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

წმინდა ფილიპე მოციქულის თავის ქალა კონსტანტინოპოლში ინახებოდა, მაგრამ ჯვაროსნების მიერ დედაქალაქის აღების შემდეგ ის გადამალეს კვიპროსში, ქალაქ პაფოსის ახლო სოფელ არსინოაში, ხოლო შემდგომში სხვა სიწმინდეებთან ერთად დაასვენეს სოფელ ომოდოსში ძელიცხოვლის სახელობის მონასტერში და ახლაც იქ ინახება. რელიკვიის ნამდვილობა დამტკიცებულია იმპერატორების - თეოდოსი დიდის და ჰერაკლე I-ის ბეჭდებით.

ბეჭდვა
1კ1