წმინდა მოციქული იაკობ ალფესი (I) - 09 (22) ოქტომბერი
წმინდა მოციქული იაკობ ალფესი (I) - 09 (22) ოქტომბერი
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

იაკობ ალფეს, იაკობ ზებედესაგან განსასხვავებლად, იაკობ მცირე შეარქვეს. იაკობ მცირის დედა, მარიამი, ღვთისმშობლის დეიდაშვილი გახლდათ.

"ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი მარიამ კლეოპაისი და მარიამ მაგდალენელი" (იოან.19:25); "ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე" (მარ. 15:40).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იაკობ ალფესი ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში.

აქედან ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).

ტროპარი:

მოციქულო წმიდაო იაკობ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი:

მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთისმეტყველსა, იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოზთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1