წმინდა მოციქულები არისტარქოსი და ზინა - სამოცდაათთაგანნი (I) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოციქულები არისტარქოსი და ზინა - სამოცდაათთაგანნი (I) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოციქული არისტარქოსი უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია. მაცხოვრის მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი:
ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს ვიდრე იმ ქალაქისთვის.

ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.

სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.

უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.

წმინდა მოციქული არისტარქოსი მოხსენიებულია მოციქულთა თავის, წმინდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა: "მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი" (4,10) და ფილიმონის: "მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში; მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი" (1,23-24) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენიებს.

წმინდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას "შჯულის მწერალი" შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: "ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ" (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

ბეჭდვა
1კ1