წმინდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
ძველი სტილით 21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთს, წმინდა კოდრატეს იხსენიებს. უფალმა იგი სამოცდაათ მოციქულს შორის გამოარჩია. უფალი იესო ქრისტეს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი:

ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს ვიდრე იმ ქალაქისთვის.

ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.

სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.

უთხრა მათ იესომ: ვხედავდი, სატანა ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.
წმინდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ქრისტიანთა დევნის დროს, 126 წელს მოციქულმა კოდრატემ დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) მიართვა ქრისტიანობის აპოლოგია, ანუ თხზულება ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად. ეს ნაშრომი არ შემოინახა, მაგრამ მისი შინაარსი ნახსენებია ძველ საეკლესიო მწერლებთან. მოციქულ კოდრატეს აპოლოგიამ ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ. გარდა აპოლოგიისა, კოდრატემ დაწერა ეპისტოლე, სადაც წარმართებს განუმარტავს ქრისტეს სწავლებას. მოციქულ კოდრატეს ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმინდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმინდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.

მოციქული კონდრატესი, სამოცდაათთაგანის კონდაკი:

ვითარცა მღვდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კოდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.

ბეჭდვა
1კ1