წმინდა ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (I) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
წმინდა ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (I) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
ძველი სტილით 25 აგვისტოს (7 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას დღესასწაულობს. წმინდა მოციქული ბართლომე წარმოშობით გალილეის ქალაქ კანადან იყო. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭს) უწოდებს (ინ. 1, 45-51; 21, 2). თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, "რომლისა თანა ზაკვაი არა არს" (იოანე 1, 47)

სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე აღდგომიდან 50-ე დღეს (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები იესო ქრისტეს რწმენის გზით.

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა, ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ბევრი კერპი იყო, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ აკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთაყვანისმცემლები.

წმინდა ფილიპე თავის დასთან, მარიამნასთან ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა. წმინდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში, ბართლომე, ფილიპე და მარიამნა ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო;

ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა. უკვე ორმოცი წელი იყო, თვალისჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმინდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმინდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

ქალაქ ჰიეროპოლში მოციქულ ფილიპეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაყო, დაშვრებოდა იესო ქრისტეს ხარებით, მოვვლიდა მრავალ ქალაქს თუ სოფელს და ყველგან განკურნავდა სნეულთ მისი სახელით. აქ მრავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახალმოქცეულთ გადასცა იგი. მათვე დაუტოვა ებრაულ ენაზე დაწერილი სახარებაც, რომელიც ასი წლის შემდეგ ქალაქ ალექსანდრიაში ჩაიტანა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა პანთენემ (იგი III საუკუნეში ცხოვრობდა და ალექსანდრიის სკოლის ერთ-ერთი უგამორჩეულესი მოძღვარი იყო, სადაც ეკლესიის ბევრმა წმინდა მამამ მიიღო ქრისტიანული განათლება).

მოციქულ ბართლომეს მოწამებრივი აღსასრული

ინდოეთიდან წმინდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მისი გამოჩენისთანავე აქ კერპები, ანდა, უფრო სწორად, კერპებში დამკვიდრებული დემონები, დადუმდნენ, უკანასკნელად კი ასე წამოიძახეს, - ბართლომე გვტანჯა¬ვს და მალე განგვდევნისო. მართლაც, წმინდა მოციქულის მიახლოებითაც კი ბოროტი სულები განიდევნებოდნენ არა მხოლოდ კერპებიდან, არამედ მრავალი ადამიანისაგანაც. ამ სასწაულის გამო ბევრნი მოექცეოდნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე.

იმ ქვეყნის მეფეს პოლიმიოსს ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა, რომლის ბაგითაც ეშმაკმა იწყო ღაღადება ბართლომეს ჩასვლისთანავე:

- ჰოი, ბართლომევ, აქედანაც განგვდევნი ჩვენ!

ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა, დაუყოვნებლივ მოეძიათ ბართლომე და მასთან მიეყვანათ. როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულ ასულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის გამო მადლიერებით აღვსილმა მეფემ ოქრო-ვერცხლით, მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები გაუგზავნა წმინდა ბართლომეს. სულიერი სიგლახაკით აღვსილმა მოციქულმა კი ყოველივე ეს უკანვე დაუბრუნა მეფეს და თან შეუთვალა:

- მე ესევითარ ნივთებს კი არ შევიძენ, ადამიანთა სულებს მოვიპოვებ ღმერთისთვის! და თუ მოვიპოვებ მათ და ზეციურ სამყოფელში შევიყვან, უდიდესი სიმდიდრის მქონედ წარვდგები უფლის წინაშე!

პოლიმიოს მეფეს გული მოულბო წმინდა ადამიანის ამ სიტყვებმა. მან ირწმუნა ქრისტე და მთელ თავის სახლეულთან ერთად თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმინდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძრულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმინდა ნათელი.

ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმინდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი "ღმერთები" ისპობოდნენ, კერპთმსახურება ქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავსაც ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას, ასტიაგეს მიეახლნენ, გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმინდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი "ღმერთების" წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმინდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაყირა ჯვარს აცვა იგი.

წმინდა ბართლომე სიხარულით ევნებოდა ქრისტესათვის და ჯვარზე გამოკიდულიც კი ღვთის სიტყვას ახარებდა იქ შეკრებილ ხალხს: მორწმუნეებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცებდა, ურწმუნოებს კი შეაგონებდა - შეიცანით უფალი იესო ქრისტე, ირწმუნეთ მისი და ეშმაკისმიერი წყვდიადისაგან ჭეშმარიტების ნათელისაკენ მოიქეცითო. ამ სიტყვების მოსმენა ძალზე აღიზიანებდა მტარვალ ასტიაგეს და უბრძანა მხედრებს, ოთხში ამოეღოთ წმინდანი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინათ. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმინდა ბართლომე, მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა ეს აღასრულეს, ჯვარზე გაკრული დარჩა მისი ფეხით ზემოქცეული სხეული, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ წმინდა მოციქულის მსვლელობა ცისკენ, ღმერთისკენ, უფლის სასუფევლისკენ იყო მიმართული.

ასე აღესრულა ქრისტეშობიდან 71-ე წელს, უფლის წმინდა მოციქული ბართლომე. მისი აღსრულებისას იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვრიდან ჩამოხსნეს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმინდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში. ბართლომეს წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა, რის გამოც ბევრი აქამდე ურწმუნო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცეოდა და ქრისტეს ეკლესიას შეეძინებოდა.

საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ის ქვეყანა ქრისტიანთა მდევნელებმა დაიპყრეს, რომლებიც გონებადაბნელებულნი იყვნენ დემონური კერპთაყვანისმცემლობისაგან. და რად¬გან თვითონაც ხედავდნენ მოციქულის წმინდა ნაწილთაგან აღსრულებულ სასწაულებს და სხვებისგანაც მრავლად ისმენდნენ ამდაგვარ ამბებს, ამიტომ, რაკი არ სურდათ ამაში ღმერთის ყოვლადძლიერება დაენახათ, გადაწყვიტეს, ამოეღოთ ლუსკუმა და გადაეკარგათ. მართლაც, კალის ლუსკუმა წაიღეს და შავ ზღვაში გადააგდეს, სადაც იგი არ ჩაძირულა, ხომალდივით იცურა და ბოლოს, იტალიასა და სიცილიას შორის, კუნძულ ლიპარას მიადგა. იქაურ ეპისკოპოსს, აღათონს სიზმრეულ ჩვენებაში განეცხადა ზეგარდამო, რომ მათ კუნძულს უფლის დიდი სათნომყოფლის წმინდა ნაწილები მოადგა ლუსკუმით. მეორე დღეს იგი, სამღვდელოებასთან და მორწმუნეებთან ერთად, გავიდა ზღვის ნაპირას.

აქ მათ უფლის მოციქულის წმინდა ნაწილები დაინახეს და დიდად გაოცდნენ იმის გამო, რომ კალის ლუსკუმა არ ჩაიძირა წყალში და ამდენი ხანი იცურა ზღვაში, როგორც მსუბუქმა ხომალდმა. ყველამ ერთხმად განადიდა შემოქმედი ღმერთი, რომელიც ესოდენ საკვირველ და სასწაულებრივ საქმეთ აღასრულებს ადამიანთა ხსნისათვის. მათ უდიდესი სიხარულით აიღეს წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა და ფსალმუნთა გალობით გადაასვენეს თავიანთ ეკლესიაში.

სხვა ცნობით, იმპერატორ ანასტასის დროს, დაახლოებით 508 წელს, ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილები ქალაქ ალბანიდან ქალაქ დარიში (მესოპოტამია) გადაასვენეს მორწმუნეებმა, ხოლო როცა 574 წელს ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, რამდენიმე დარიელმა ქრისტიანმა ფარულად აიღო საფლავიდან ლუსკუმა და შავი ზღვის სანაპიროზე გადაასვენა. რადგან აქაც მოულოდნელად მტერს გადააწყდნენ, ზღვაში შეაცურეს იგი. მრავალი დღის ცურვის შემდეგ ლუსკუმა კუნძულ ლიპარასთან აღმოჩნდა.

შემდგომში ეს კუნძული მაჰმადიანმა არაბებმა დაიპყრეს, ამოიღეს მოციქულის წმინდა ნაწილები, დაანაწევრეს და მიმოფანტეს, მაგრამ ისინი კვლავ ერთად შეკრებილნი აღმოჩნდნენ სასწაულებრივად; ერთ-ერთ იქაურ მონაზონს კი თვით წმინდა ბართლომე გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც წმინდა ნაწილები ესვენა. ამის შემდეგ, IX საუკუნეში, ბართლომეს წმინდა ნაწილები ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, იქიდან კი, ერთი საუკუნის შემდეგ - რომში. ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილების კუნძულ ლიპარაზე სასწაულებრივ გადასვენებას ეკლესია მოიხსენიებს 25 აგვისტოს.

აღსანიშნავია ერთი თქმულებაც წმინდა მოციქულ ბართლომეზე, რომელიც ღირსი მამის, იოსებ საგალობელთმწერლის ცხოვრებაშია აღწერილი (IX ს., ხსენება 4 აპრილს).

ერთხელ, თესალიაში ყოფნისას, ღირსმა იოსებმა ნაცნობი ღვთისმოშიში კაცისაგან ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილთაგანი მიიღო, თავის სავანეში მიიტანა კონსტანტინოპოლის მახლობლად, სადაც საგანგებოდ ეკლესიაც ააგო წმინდა ბართლომე მოციქულის სახელზე და წმინდა ნაწილთაგანიც იქ გადაასვენა. იოსებს ძალზე უყვარდა ბართლომე მოციქული და ამის გამო ხშირად ღირს-იქმნებოდა ხოლმე მისი ხილვისა სიზმრიესულ ჩვენებებში; სურდა, სადიდებელი საგალობლებითაც დაემშვენებინა წმინდა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაული, მაგრამ ვერ ბედავდა ამ საქმის აღსრულებას, რადგან არ იყო დარწმუნებული, სათნო-ეყოფოდა თუ არა ეს თვით წმინდა მოციქულს. გულმოდგინედ ევედრებოდა უფალსაც და მის მოციქულსაც, გაემხილათ მისთვის თავიანთი ნება და ზეგარდამო სიბრძნეც მოემადლათ ღირსეული სადიდებელი საგალობლების შესაქმნელად. მარხვითა და ცრელმთაღვრით ილოცვიდა ღირსი იოსები ორმოცი დღის განმავლობაში, და როცა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაულიც მოახლოვდა, წანადღის მწუხრის ლოცვაზე მან ცხადად დაინახა, რომ საკურთხეველში თეთრი ანაფორით მოსილი წმინდა ბართლომე გამოჩნდა, გახსნა კრეტსაბმელი და ანიშნა იოსებს, მომიახლოვდიო. როცა ღირსი იოსები მიუახლოვდა, მოციქულმა საყდრიდან სახარება აიღო, მკერდზე დაადო იოსებ საგალობელთმწერალს და უთხრა:

- ყოვლადძლიერი ღმერთის მარჯვენამც გაკურთხებს, რათა შენს ბაგეზე ზეციური სიბრძნის წყალნი გადმოიღვაროს! დაე, გული შენი სულიწმიდის ტაძრად შეიქნას და შენმა საგალობლებმა მთელი სამყარო დაატკბოს!

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მოციქული უხილავი შეიქნა, ღირსმა იოსებმა კი საკუთარ თავში ღვთაებრივი სიბრძნის მადლი შეიგრძნო, გამოუთქმელი სიხარულითა და მადლიერებით აღივსო უფლისა და მისი წმინდა მოციქულისადმი. იმ დროიდან მოყოლებული ღირსმა იოსებმა ღვთივსულიერი საეკლესიო ჰიმნებისა და კანონების შექმნა დაიწყო, რომლებითაც, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის გარდა, მრავალი წმინდანის მოსახსენიებელი დღე შეამკო, განსაკუთრებით მრავალი კანონის შექმნით კი ყოვლადწ¬მინდა ღვთისმშობელსა და მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკ-ვრიველმოქმედს მიაგო ჯეროვანი პატივი. უხვად დაამშვენა მან ქრისტეს ეკლესია საგალობლებით, რის გამოც იწოდა კიდეც საგალობელთმწერლად.

აღმოყვანება ნაწილთა მოციქულისა ბართლომესი

კონდაკი:

იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულთა საკვირველთათა ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლისა მოციქულო.

ბეჭდვა
1კ1