წმინდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი (I) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
წმინდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი (I) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
წმინდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. "საქმე მოციქულთაში" (6:1-6) მოთხრობილია, თუ როგორ აირჩია უფლის თორმეტმა მოციქულმა ქრისტეს ეკლესიაში პირველი დიაკვნები:

"1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. 2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. 3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, 4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ. 5. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, 6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი. და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძინდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა".

წმინდა დიაკვნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.

წმინდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმინდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმინდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე პოვა მოწამებრივი აღსასრული.

წმინდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.

წმინდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა. წმინდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოხადეს სული.

მოციქულთა: პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენ დიაკონთა, სამოცდაათთაგანთა კონდაკი

პატიოსანნი დიაკონნი და თვით მხილველნი სიტყვისა და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა, ნიკანორ და პროხორე, პარმენ და ტიმონი დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოსა ხსენებასა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.

ბეჭდვა
1კ1