წმინდა მოციქული იუდა, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 80) - 19 ივნისი (2 ივლისი)
წმინდა მოციქული იუდა, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 80) - 19 ივნისი (2 ივლისი)
წმინდა იუდა უფლის თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი, წარმოშობით დავითისა და სოლომონის ტომიდან იყო. დაიბადა ნაზარეთში, იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწვინდელის, მართალი იოსების ვაჟი გახლდათ. ზუსტად არაა ცნობილი, ვინ არის წმინდა იუდას დედა, ზოგიერთის აზრით, დედამისი გახლდათ სალომეა - აგეას ასული. წმინდა იუდა ძმა იყო მოციქულ იაკობისა, იერუსალიმის ეკლესიის მღვდელმთავრისა. მას ჩვეულებისამებრ ეძახიან იუდა იაკობისი, ანუ მოციქულ იაკობის ძმა. ეს მან თავმდაბლობით დაირქვა, რადგან არ თვლიდა თავს ღირსად უფლის ხორციელ ძმად წოდებულიყო, რადგანაც შესცოდა მის წინაშე, უპირველესად თავისი მცირედმორწმუნეობით, რაზეც მოწმობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: "არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი" (იოან. 7,5). წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი სახარების ამ სიტყვებს ამგვარად განმარტავს, ამქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი არსისა იოსების შვილებს და მათ შორის იუდასაც არ სჯეროდა.

ამის გარდა, მან ქრისტეს მიმართ სიყვარულშიც შესცოდა. წმინდა იაკობ მოციქულის ცხოვრების მიხედვით, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა ვაჟებს შორის თავისი მიწების დანაწილება დაიწყო, მოინდომა, ქალწული მარიამის ვაჟის, იესოსთვისაც გამოეყო წილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას. მხოლოდ უფროსმა - იაკობმა მიიღო ქრისტე თავისი მამულის თანამფლობელად. მოგვიანებით წმინდა იუდა მოციქულმა ირწმუნა იესო აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

ამის გარდა, წმინდა იუდა სახარებაში სხვა სახელებითაც არის მოხსენიებული. წმინდა მათე მახარებელი მას უწოდებს: "ლებეოს, რომელსაც ეწოდა თადეოზ" (მათე 10,3), ხოლო "მოციქულთა საქმეში" ბარსაბას სახელით იხსენიება.

წმინდა იუდას ცხოვრებასა და საქმიანობაზე მცირე რამ ვიცით. დომიციანეს მეფობის ბოლოს ერეტიკოსების დაბეზღებით, როგორც დავითის შთამომავალი და უფლის ნათესავი, მასთან მიიყვანეს იუდა მოციქულის ორი შვილიშვილი, რომლებიც მიწათმოქმედებით ირჩენდნენ თავს. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ისინი პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, გაათავისუფლა.

წმინდა მოციქულმა იუდამ, სხვა "უფლის ძმების" მსგავსად, ბევრი იღვაწა ქრისტეს სახარების გასავრცელებლად. იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ სახარების საქადაგე¬ბლად გაემგზავრა - ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთში, სირიაში და მესოპოტამიაში, ბოლოს კი ქალაქ ედესაში ჩავიდა, რომელიც მეფე ავგაროზს ეკუთვნოდა, სადაც ჯერ კიდევ ადრე იქადაგა წმინდა თადეოზ, სამოცდაათ მოციქულთაგანმა. წმინდა იუდამ ედესაში მოციქულ თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმინდა იუდამ მრავალი ქვეყანა მოიარა სახარების ქადაგებით, ბოლოს, ის შეიპყრეს სომხეთში, ქალაქ არათში, სადაც მოწამებრივად აღესრულა დაახლოებით 80 წელს ქრისტეს აქეთ. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს. ასე დაასრულა ამქვეყნიური სიცოცხლე და ღვაწლი წმინდა იუდა მოციქულმა.

ტროპარი

ნათესავად ქრისტესა, ჰოჲ, იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოთ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი

პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაჲ მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოჲსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.

სხვა კონდაკი

გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაჲ ქრისტესი, და რწმუნებად სიტყუჲსა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვილტვით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო.
.....................................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოციქული იუდა - ხორციელი ძმა უფლისა - მართალი იოსების ძე პირველი ქორწინებიდან



ბეჭდვა
1კ1