წმინდა მოციქული ბარნაბა (+62) - 11 (24) ივნისი
წმინდა მოციქული ბარნაბა (+62) - 11 (24) ივნისი
წმინდა მოციქული ბარნაბა დაიბადა კუნძულ კვიპროსზე მდიდარი ებრაელების ოჯახში. მშობლებმა მას იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, განათლება იერუსალიმში იმ დროის განთქმულ ბრძენკაცთან, ამალიელთან მიიღო. წმინდანთან ერთად სწავლობდა მისი ყრმობის მეგობარი სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). იოსები ძალზედ ღვთისმოსავი იყო, ხშირად დადიოდა ტაძარში, მკაცრად ინახავდა მარხვას და ყმაწვილკაცურ გატაცებებისგანაც შორს იყო. სწორედ ამ დროს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ქადაგება დაიწყო. იოსებმა თავისი თვალით იხილა მაცხოვარი, მოისმინა მისი ქადაგება, იწამა იგი, ვითარცა მესია და სიხარულით თან გაჰყვა მას. უფალმა ის სამოცდაათ მოციქულში გამოირჩია, მას მეორე სახელი - ბარნაბა ეწოდა, რაც ებრაულად "ნუგეშის ძეს" ნიშნავს. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები იერუსალიმის მახლობლად და მიღებული თანხა მთლიანად მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).

მაშინ როცა, წმინდა ბარნაბა ქრისტეს სიყვარულით იყო ანთებული, მისი სიყრმის მეგობარი სავლე ქრისტეს სიძულვილით აღსავსე დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა იესოს მიმდევრებს, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე და თავისი მტერი მოყვარედ აქცია. სავლეს გონება გაუნათლდა, ირწმუნა ქრისტესი და იერუსალიმში ჩავიდა, რათა მოციქულებს შეერთდებოდა. უფლის მოციქულებს ახსოვდათ ქრისტეს მოძულე სავლე, ამიტომაც ერიდებოდნენ მას, არ ენდობოდნენ. მაშინ წმინდა ბარნაბა მივიდა მოციქულებთან და დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაულის შესახებ აუწყა (საქმე 9,26-28).

მოციქულთა დავალებით წმინდა ბარნაბა ანტიოქიაში ქრისტიანთა თემის გასამტკიცებლად გაემგზავრა. როცა ანტიოქიაში ჩავიდა, წმინდა ბარნაბამ "იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ" (საქმე 11,23). შემდეგ წმინდა ბარნაბა ტარსოსში ჩავიდა, მონახა იქ წმინდა პავლე მოციქული, ანტიოქიაში გაიყოლა და იქ თითქმის ერთი წელიწადი ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადაგებდა. სწორედ ანტიოქიაში, იესოს მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ აქ უხვი შემოწირულობანი შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

"მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა". იაკობ ზებედესი მახვილით მოკლა, შემდეგ კი, ებრაელების რომ სათნოყოფისთვის მოციქული პეტრეც შეაპყრობინა. უფლის ანგელოზმა საპყრობილიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა ბარნაბა და პავლე და მათ ბარნაბას დეიდის მარიამის ოჯახს შეაფარეს თავი. როცა ჰეროდე მეფე ღვთისაგან დაისაჯა "და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს", მაშინ ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მოციქულებიც ანტიოქიაში დაბრუნდნენ. მათ თან ახლდა მარიამის შვილი, იოანე, მარკოზად წოდებული. ამ დროს ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.

უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. "მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს". წმინდა ბარნაბა და წმინდა პავლე, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კვიპროსისკენ გაცურეს. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.

მოციქულებმა მთელი კუნძული მოიარეს ქადაგებით. პაფოსში (კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) მათ ანთვიპატმა სერგიმ უმასპინძლა, რადგან "ეძიებდა მათგან სმენად სიტყუას ღმრთისასა". ამ დროს ანთვიპატის კარზე იყო ერთი ურია მოგვი, ვინმე ცრუწინასწარმეტყველი სახელად ბარისუ, რომელიც მოციქულებს შეედავა და ანთვიპატის სარწმუნოებისგან უკუქცევას ცდილობდა. წმინდა პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას, ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნითი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა (საქმე 13,6-12).

პაფოსიდან პავლე და ბარნაბა ჯერ პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, შემდეგ კი პისიდიას ანტიოქიაში. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი. ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.

იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე იქადაგეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და მოციქულთა წინააღმდეგ წააქეზეს წარმართები. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი მოციქულებს. მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, მოციქულებმა ეს გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს და იქ ახარებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას.

ლისტრაში წმინდა პავლე მოციქულმა ერთი შობითგან დაკუტებული განკურნა.

როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონიურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. ამიტომ ბარნაბას ზევსი უწოდეს, პავლეს კი ჰერმესი. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. წმინდა მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შე-ქმნა ყოველივე. დიდხანს ეტყოდნენ მათ და როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ მსხვერპლი აღარ შეეწირათ.

გავიდა ხანი და ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა ჰურიებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, მოციქულები "არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიანო", რის გამოც ბრბომ ქვები დაუშინა პავლეს და ქალაქგარეთ გაათრია. ის ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ მალე მოსულიერდა და წამოდგა, შემდეგ კი ბარნაბასთან ერთად დატოვა ქალაქი (საქმე 14,8-18).

მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შთააგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა".

ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. იქიდან გაცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.

ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს "კარი სარწმუნოებისაჲ". კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.

როცა დაისვა საკითხი, საჭირო იყო თუ არა მოსეს სჯულის მიხედვით წინადაეცვითათ ახალმოქცეული წარმართები, ბარნაბამ და პავლემ იერუსალიმს მიაშურეს, სადაც მოციქულებმა და ხუცესებმა სიყვარულით მიიღეს. მათაც ახარეს კრებულს, "რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა" (საქმე 14,27). ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მოციქულებმა დაადგინეს, "რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ" (საქმე 15,19-20). ყოველივე ეს "დაწერეს ჴელითა მათითა" და ანტიოქიაში გაატანეს "კაცთა, რომელთა იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა" (საქმე, 15,26) - ბარნაბას და პავლეს.

პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა მარკოზი. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და მათ საქმეში გვერდში არ დაუდგა. "იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას" ბარნაბამ თანა წარივანა მარკოზი და ნავით კვიპროსში გადავიდა. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა.

ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა.

მოციქულმა ბარნაბამ საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსზე დაბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.

წმინდა ბარნაბა 76 წლის ასაკში დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა. იმ ადგილას მრავალი ნიშანი და სასწაული აღესრულებოდა. 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს წმინდა ბარნაბა კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელი მიუთითა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც. ამგვარად დაიცვა წმინდა მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსი IV მსოფლიო კრების მოწინააღმდეგის ერეტიკოს პეტრესაგან, რომელი ან¬ტიოქიის საპატრიარქოს ხელში ჩაგდების მერე, კვიპროსის ეკლესიის მეთაურობასაც იჩემებდა

ბეჭდვა
1კ1