მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლეს? - თავნი მოციქულნი - პეტრე და პავლე
მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლეს? - თავნი მოციქულნი - პეტრე და პავლე
"მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა", - გვეუბნება წმინდა მოციქული პავლე. მაგალითი და საქმე უფრო მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე შეგონება და დარიგება. ამიტომაც დააწესა ეკლესიამ მოხსენიება წმინდათა და ხშირად გვახსენებს მათ ცხოვრებასა და საქმეებს. პეტრეს თვითონ ქრისტემ უწოდა კლდე.

მართლაც, მას ჰქონდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა, რაზეც მეტყველებს მისი წერილები. სწორედ ამ ორ სათნოებაზეა დამყარებული ქრისტეს სჯული და ეკლესია. ჭეშმარიტ ქრისტიანს შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს. მათი ცხოვრება გაუთავებელი შრომა, ჭირი და განსაცდელი იყო. ისინი იყვნენ ვითარცა კრავნი მგელთა შორის, მაგრამ ჭირსა და განსაცდელს არად მიიჩნევდნენ. პეტრე სარწმუნოებით ყოველ წამს მოაქცევდა და აცოცხლებდა ცოდვისგან მკვდარ ადამიანებს, ხოლო პავლე თავისი სიყვარულით მათ განანათლებდა და ანუგეშებდა. ამქვეყნად დევნილნი და შევიწროებულნი ნუგეშს სარწმუნოებასა და სიყვარულში პოვებდნენ.

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო? უბრალო, საწყალი, ღარიბი ებრაელები, რომელთაც განუქარვებელი სახსოვარი დატოვეს. იოანე ოქროპირი ამბობს, წარმოიდგინეთ ღარიბი კაცი, რომელიც ქალაქიდან გამოვიდა და გზას დაადგა. მას ცალ ხელში ჯოხი უჭირავს, მეორეში - პარკი 2-3 წიგნით; რომ მივიდეთ და ვკითხოთ, ვინ ხარ და სად მიდიხარო, გვიპასუხებს: მე მქვია პეტრე, რომის ასაღებად და დასამორჩილებლად მივდივარო. როდესაც ამ პასუხს მოისმენ, იფიქრებ, სიზმარშია ან ჭკუაზე არ არისო, რადგან როგორ შეუძლია ულაშქროსა და უიარაღო კაცს მსოფლიოს მბრძანებელი ქალაქის აღება. მაგრამ მისი ლაშქარი და იარაღი იესო ქრისტეს სახელი და სახარებაა.

მართლაც, გაივლის მცირე დრო და პეტრე და პავლე, უბრალო მეთევზენი, მრისხანე რომს სიტყვით დაიმორჩილებენ და ისიც მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს მათგან ქადაგებულ ჯვარცმულ იესოს. აი, რა ძალა აქვს ქრისტეს სახელსა და მის ზეცით მოვლინებულ ჭეშმარიტ სჯულს. პავლე მოციქულივით არც ერთ საღვთო მწერალს არ აღუწერია და განუმარტავს ქრისტიანული სიყვარული: ყოველი ხალხის ენა რომ ვიცოდეთ და თვით ანგელოზების ლაპარაკიც გვესმოდეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარას გვარგებს;

წინასწარმეტყველნი რომ ვიყოთ და ყოველი საიდუმლო და მეცნიერება ვიცოდეთ, სარწმუნოებაც ისეთი გვქონდეს, რომ მთას ვუბრძანოთ და იგი თავისი ადგილიდან გადადგეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარაი ვართ; დაბოლოს, ყოველი ჩვენი მონაგები რომ გლახაკებს დავურიგოთ და სხეული დასაწვავად მივცეთ, მაგრამ სიყვარული არ გვქონდეს, არარაი სარგებელ არსო. უეჭველია, თვით პავლეს ჰქონდა ამგვარი სიყვარული, თორემ ამ სახით მას ვერ აღწერდა.


ბეჭდვა
1კ1