შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ
შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ
გეთსიმანიის გზაზე უთხრა იესომ მოწაფეებს, რომ ამ ღამეს მის მიმართ ყველანი დაბრკოლდებოდნენ. ამასთან, აღუთქვა, რომ აღდგომის შემდეგ წარუძღვებოდა მათ გალილეისკენ. პეტრემ მიუგო იესოს, - ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდებიო. ამაზე მაცხოვარმა უპასუხა: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. ამასვე ამბობდა ყველა მოწაფე.

იმ დროს, როცა ჩვენი უფალი შებორკილი იდგა ანასა და კაიაფას წინაშე, მღვდელმთავრების ეზოში, მოხდა მეტად სამწუხარო ამბავი: საყვარელი მოწაფე, სულ ცოტა ხნის წინ რომ არწმუნებდა იესოს მისადმი ურყევ თავდადებაში, ყველაზე ნაკლებად რომ აშინებდა დაბრკოლება, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად დაბრკოლდა, - პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი და მასწავლებელი... მისი მეგობრის, იოანეს, თხოვნით, შეუშვეს პეტრე მღვდელმთავრების ეზოში. შესვლილას მეკარე დედაკაცის კითხვაზე, - განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარო,   უკვე წამოსცდა გმობისა და უარყოფის სიტყვები, - დედაკაცო, არ ვიცნობ მას. არ ვიცი, რას ამბობ. სიცივისაგან აღძრული მოციქული შეეცადა, შეუმჩნეველი ყოფილიყო, გაერია მსახურთა ბრბოში და იჯდა ცეცხლთან ახლოს.

როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა, - ესეც იესო ნაზარეველთან იყოო. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. ცოტა ხნის შემდეგ, ასე, ერთი საათის შემდეგ, იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. გეტყობა, გალილეველი უნდა იყოო. ასევე მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? პეტრე მოციქული მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

პეტრე მოციქულის მოწაფე წმ. კლიმენტი გვიყვება, რომ პეტრე მთელი სიცოცხლის მანძილზე, შუაღამისას, მამლის ყივილზე, დგებოდა მუხლებზე, იღვრებოდა ცრემლად, ინანებდა თავის უარყოფას და ითხოვდა პატიებას, რაც მას უფლისაგან მიეცა მისი აღდგომისთანავე. გადმოცემის თანახმად, ხშირი და მწარე ტირილის გამო, პეტრეს თვალები ჰქონდა ჩაწითლებული.

ბეჭდვა
1კ1