წმინდა მოციქული ანდრონიკე და წმინდა იუნია (I) - 17 (30) მაისი
წმინდა მოციქული ანდრონიკე და წმინდა იუნია (I) - 17 (30) მაისი
წმინდა ანდრონიკე სამოცდაათ მოციქულთა დასს ეკუთვნის; მან ქრისტე წმინდა პავლე მოციქულზე ადრე იწამა, რომელსაც ენათესავებოდა, როგორც ამას მოწმობს წმინდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ" (რომ. 16,7).

წმინდა ანდრონიკე პანონიის (ქვეყანა დუნაის აუზში) ეპისკოპოსი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთ ეპარქიაზე და ერთ ქვეყანაზე ზრუნვით არ კმაყოფილდებოდა - მთელ მსოფლიოს მოძღვრავდა - მოგზაურობდა, ყველგან ქადაგებდა ქრისტეს სახელს და ძირფესვიანად აღმოფხვრიდა ეშმაკის საცთურს - კერპთაყვანისცემას. მას მქადაგებლობით, მისიონერულ ღვაწლში ეხმარებოდა წმინდა იუნია. ისინი ქრისტეს გულისთვის მოკვდნენ ამ სოფლისთვის.

წმინდა ანდრონიკემ იუნიასთან ერთად თავისი ქადაგებით დაანგრია მრავალი წარმართული ტაძარი და იქ ქრისტეს ეკლესია ააშენა. ადამიანებიდან განდევნიდა ბოროტ სულებს და ჰკურნავდა კაცთა უძლურებასა და სნეულებას. როცა ანდრონიკემ და იუნიამ ბევრი იღვაწეს და აღასრულეს საერთო ვალი კაცობრიობის წინაშე, უფალმა ისინი მოციქულებისა და მოწამეობის ღვაწლის გვირგვინით დააჯილდოვა, რამეთუ მათ ბევრი ვნება დაითმინეს წარმართთაგან და I საუკუნის II ნახევარში აღესრულნენ.

მათი წმინდა ნაწილები სხვა სიწმინდეებთან ერთად VII საუკუნეში აღმოაჩინეს კონსტანტინოპოლში ევგენიად წოდებულ ადგილას (იხილეთ "თვენის" 22 თებერვლის საკითხავი). XII საუკუნეში იმ ადგილას წმინდა ანდრონიკეს სახელობის ტაძარი ააშენა იმპერატორმა ანდრონიკე I-მა.

კონდაკი
ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა ღმრთივმშვენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1