წმინდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ნათესავი უფლისა (+107) - 27 აპრილი (10 მაისი)
წმინდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ნათესავი უფლისა (+107) - 27 აპრილი (10 მაისი)
მართლმადიდებელი ეკლესია 27 აპრილს/10 მაისს აღნიშნავს წმინდა მოციქულისა და მღვდელმოწამის, უფლის ხორციელი ძმის და იერუსალიმის ეპისკოპოსის სვიმეონის ხსენების დღეს.

მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი იყო წმინდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის, კლეოპას, ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმინდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმინდა იაკობ მოციქულის მოკვდინების (+63; ხს. 23 ოქტომბერს) შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს.

ქრისტეს შობიდან მეორე ასწლეულის დამდეგს რომის იმპერატორი ტრაიანე, რომელსაც წარმართები კეთილ და სამართლიან მმართველად მიიჩნევდნენ, ქრისტიანების მიმართ არ იჩენდა გულმოწყალებას, სდევნიდა, როგორც მეამბოხეებს და უმკაცრესად ეპყრობოდა. წარმართებსა და იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ განეწყოთ ხელისუფალი. მსაჯულები ქრისტიანებისგან ითხოვდნენ წარმართული რიტუალების შესრულებას იმპერატორის გამოსახულების წინ, იმპერატორ გენიუსის თაყვანისცემას ან მის დაფიცებას. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდნენ და ეს უარი იმპერატორისადმი უპატივცემულობად აღიქმებოდა.

თავისი მმართველობის დასაწყისში ტრაიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება. ამ ბრძანების საშუალებით ადვილი იყო ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედება, რადგან ეს უკანასკნელნი მოუნათლავებს საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრების ნებას არ რთავდნენ და სალოცავად ხშირად იკრიბებოდნენ ღამღამობით. დაიწყო დაუნდობელი დევნა, ყველგან ატყვევებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ. სწორედ ამ დევნას ემსხვერპლა და მოწამებრივად აღესრულა წმინდა სვიმეონი.

ტიტუსის მიერ იერუსალიმის დანგრევის შემდეგ იუდეველებს ნება დაერთოთ, წმინდა ქალაქის ნანგრევებზე დასახლებულიყვნენ. იქ დაბრუნდნენ ქრისტიანებიც თავიანთ ეპისკოპოს სვიმეონთან ერთად. სვიმეონმა გადაიტანა დომიციანეს დროინდელი დევნა, ახლა კი, როდესაც ტრაიანეს ბრძანება გამოიცა, იგი დაასმინეს, როგორც ქრისტიანი და დავითის შთამომავალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გარემოება აშინებდა რომის მმართველობას, რადგან იცოდნენ, რომ იუდეველები თავიანთ მხსნელს დავითის შტოდან ელოდნენ. 120 წლის სვიმეონიც ვერ ასცდა ცილისწამებასა და ტანჯვას. მას რომაელმა მმართველმა ანუ პროკონსულმა ატიკუსმა, მოსთხოვა წარმართული რიტუალის შესრულება და ქრისტესგან განდგომა. სვიმეონმა უარი განაცხადა. მისი გვემა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ მოხუცის რწმენა და სიმტკიცე ვერაფერმა შეარყია. ბოლოს, პროკონსულის ბრძანებით, იგი ჯვარზე გააკრეს. მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე სვიმეონის, უფლის ხორციელი ნათესავის, ხსენებას აღნიშნავს 27 აპრილს.

ტროპარ-კონდაკი

ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისათვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა მოველით ლოცვითა შენითა.

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეონ და ნათლისა მიმართ მიგიძღვისა, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.

ბეჭდვა
1კ1