მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) - 22 აპრილი (5 მაისი)
მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) - 22 აპრილი (5 მაისი)
უფალმა იესო ქრისტემ ამქვეყნად მსახურების დროს თავის მიმდევართაგან თორმეტი მოწაფე - მოციქული ამოირჩია და მათ განსაკუთრებული სულიერი ნიჭები და უფლებები უბოძა. აღდგომის შემდგომ უფალი გამოეცხადა მათ და უთხრა: "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმინდაი. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ: და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20, 21-23).

ქრისტე წავიდა გალილეაში და მგზავრობისას მოუწოდა ფილიპეს, ხოლო ფილიპემ მოიყვანა ნათანაელი. გასაოცარია, როგორ მისდია ფილიპემ ქრისტეს. ანდრია მას მიჰყვა იმიტომ, რომ იოანე ნათლისმცემლისგან ესმა ქრისტეზე, პეტრე იმიტომ, რომ ანდრიასაგან შეიტყო; ფილიპეს კი არავისგან არაფერი გაუგონია მასზე, მიუხედავად ამისა, როგორც კი ქრისტემ უთხრა: მომდევდი მე, ფილიპე დაუყოვნებლივ დაემორჩილა და არა მარტო აღარ მიუტოვებია იგი, არამედ სხვებსაც უქადაგებდა მის შესახებ. ის საჩქაროდ გაემართა ნათანაელთან და უთხრა, რომ იპოვეს ის, ვის შესახებაც წერდა მოსე. როგორც ჩანს, ფილიპე ხშირად ფიქრობდა იმაზე, რასაც მოსე წერდა და მოუთმენლად ელოდა ქრისტეს მოსვლას.

ფილიპემ ქრისტეს მიუყვანა ნათანაელი, თუმცა როდესაც ესმა, რომ ქრისტე ნაზარეთიდან მოვიდა, ნათანაელი შეცბა და გაოგნდა, რაკიღა იცოდა, რომ მესია ბეთლემიდან უნდა მოსულიყო და არა - ნაზარეთიდან. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს მისი სიტყვები: "ნაზარეთით შესაძლებელ არს კეთილისა რასმე ყოფად?" ნათანაელმა ფილიპეს მიტანილი ამბავი წინასწარმეტყველებას ვერ შეუთანხმა, მაგრამ მაინც წავიდა ქრისტეს სანახავად. ნათანაელი გამოირჩევა პატიოსნებითა და გულის სიწმინდით.

სწორედ მოციქულ ნათანაელის, იგივე ბართლომეს, ლუკასა და კლიმენტის ხსენებას აღნიშნავს ეკლესია ძველი სტილით 22 აპრილს (ახალი სტილით 5 მაისს).

წმინდა მოციქული ნათანაელი, იგივე ბართლომე წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (ინ. 1, 45- 51; 21, 2). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებანი, რომელთა დროსაც იგი უფლის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, "რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს" (ინ. 1, 47).

სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები ცხონებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალწული მარიამნა და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა, ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლისში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ძალზე ბევრი იყო კერპი, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც - იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ აკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთაყვანისმცემლები.

წმინდა ფილიპე თავის დასთან, მარიამნასთან, ერთად პირველ რიგში იმ ვეება იქედნეს წინააღმდეგ შეიარაღდა ლოცვით, რაშიც მათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც შეეწეოდა. წმინდა ლოცვით, ვითარცა შუბით, სძლიეს მათ იქედნეს და ქრისტეს ძალით მოაკვდინეს. ამის შემდეგ იოანე მახარებელი განეშორა მათ და თავის გზას დაადგა სამოციქულო მსახურებაში. ბართლომე, ფილიპე და მარიამნა ჰიეროპოლისში დარჩნენ და გულმოდგინედ ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი მოესპოთ, რათა აქამდე ცთუნებულ წარმართებში ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინებულიყო; ამისთვის დაშვრებოდნენ დღითა და ღამით, ასწავლიდნენ ურწმუნოებს ღვთის სიტყვას, შეაგონებდნენ უგუნურთ და ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ გზააბნეულთ. ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა. უკვე ორმოცი წელი იყო, თვალისჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას სხეულებრივნი თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად. მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი. წმინდა მოციქულები ყველას დამოძღვრავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ხალხს მრავალი სნეული და უძლური ახლობელიც მოჰყავდა აქ, და წმინდა მოციქულნიც ყველას განკურნავდნენ ლოცვის ძალით; მრავალთაგან განასხამდნენ ისინი ბოროტ სულთაც, რის გამოც ბევრნი აღიარებდნენ ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებას და ინათლებოდნენ კიდეც.

მოციქულ ბართლომეს მოწამებრივი აღსასრული

ინდოეთიდან წმინდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მისი გამოჩენისთანავე აქ კერპები, ანდა, უფრო სწორად, კერპებში დამკვიდრებული დემონები, დადუმდნენ, უკანასკნელად კი ასე წამოიძახეს, - ბართლომე გვტანჯავს და მალე განგვდევნისო. მართლაც, წმინდა მოციქულის მიახლოებითაც კი ბოროტი სულები განიდევნებოდნენ არა მხოლოდ კერპებიდან, არამედ მრავალი ადამიანისაგანაც. ამ სასწაულის გამო ბევრნი მოექცეოდნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე.

იმ ქვეყნის მეფეს, პოლიმიოსს, ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა, რომლის ბაგითაც ეშმაკმა იწყო ღაღადება ბართლომეს ჩასვლისთანავე:

- ჰოი, ბართლომევ, აქედანაც განგვდევნი ჩვენ!

ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა, დაუყოვნებლივ მოეძიათ ბართლომე და მასთან მიეყვანათ. როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულ ასულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის გამო მადლიერებით აღვსილმა მეფემ ოქრო-ვერცხლით, მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები გაუგზავნა წმინდა ბართლომეს. სულიერი სიგლახაკით აღვსილმა მოციქულმა კი ყოველივე ეს უკანვე დაუბრუნა მეფეს და თან შეუთვალა:

- მე ესევითარ ნივთებს კი არ შევიძენ, ადამიანთა სულებს მოვიპოვებ ღმერთისთვის! და თუ მოვიპოვებ მათ და ზეციურ სამყოფელში შევიყვან, უდიდესი სიმდიდრის მქონედ წარვდგები უფლის წინაშე!

პოლიმიოს მეფეს გული მოულბო წმინდა ადამიანის ამ სიტყვებმა. მან ირწმუნა ქრისტე და მთელ თავის სახლეულთან ერთად თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმინდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძრულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმინდა ნათელი.

ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმინდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი "ღმერთები" ისპობოდნენ, კერპთმსახურება ჰქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავსაც ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას - ასტიაგეს მიეახლნენ, გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმინდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი "ღმერთების" წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმინდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაყირა ჯვარს აცვა იგი. წმინდა ბართლომე სიხარულით ევნებოდა ქრისტესათვის და ჯვარზე გამოკიდულიც კი ღვთის სიტყვას ახარებდა იქ შეკრებილ ხალხს: მორწმუნეებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცებდა, ურწმუნოებს კი შეაგონებდა - შეიცანით უფალი იესო ქრისტე, ირწმუნეთ მისი და ეშმაკისმიერი წყვდიადისაგან ჭეშმარიტების ნათელისაკენ მოიქეცითო. ამ სიტყვების მოსმენა ძალზე აღიზიანებდა მტარვალ ასტიაგეს და უბრძანა მხედრებს, ოთხში ამოეღოთ წმინდანი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინათ. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმინდა ბართლომე, მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა ეს აღასრულეს, ჯვარზე გაკრული დარჩა მისი ფეხით ზემიქცეული სხეული, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ წმინდა მოციქულის მსვლელობა ცისკენ, ღმერთისკენ, უფლის სასუფევლისკენ იყო მიმართული.

ასე აღესრულა ქრისტეშობიდან 71-ე წელს უფლის წმინდა მოციქული ბართლომე. მისი აღსრულების ჟამს იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვრიდან ჩამოხსნეს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმინდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში. ბართლომეს წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა, რის გამოც ბევრი აქამდე ურწმუნო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცეოდა და ქრისტეს ეკლესიას შეეძინებოდა.

საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ის ქვეყანა ქრისტიანთა მდევნელებმა დაიპყრეს, რომლებიც გონებადაბნელებულნი იყვნენ დემონური კერპთაყვანისმცემლობისაგან. და რადგან თვითონაც ხედავდნენ მოციქულის წმინდა ნაწილთაგან აღსრულებულ სასწაულებს და სხვებისგანაც მრავლად ისმენდნენ ამდაგვარ ამბებს, ამიტომ, რაკი არ სურდათ ამაში ღმერთის ყოვლადძლიერება დაენახათ, გადაწყვიტეს, ამოეღოთ ლუსკუმა და შორს გადაეკარგათ. მართლაც, კალის ლუსკუმა წაიღეს და შავ ზღვაში გადააგდეს, სადაც იგი არ ჩაძირულა, ხომალდივით იცურა და ბოლოს, იტალიასა და სიცილიას შორის, კუნძულ ლიპარას მიადგა. იქაურ ეპისკოპოსს, აგათონს სიზმრეულ ჩვენებაში განეცხადა ზეგარდამო, რომ მათ კუნძულს უფლის დიდი სათნომყოფლის წმინდა ნაწილები მოადგა ლუსკუმით. მეორე დღეს იგი, სამღვდელოებასთან და მორწმუნეებთან ერთად, გავიდა ზღვის ნაპირას. აქ მათ უფლის მოციქულის წმინდა ნაწილები დაინახეს და დიდად გაოცდნენ იმის გამო, რომ კალის ლუსკუმა არ ჩაიძირა წყალში და ამდენი ხანი იცურა ზღვაში, როგორც მსუბუქმა ხომალდმა. ყველამ ერთხმად განადიდა შემოქმედი ღმერთი, რომელიც ესოდენ საკვირველ და სასწაულებრივ საქმეთ აღასრულებს ადამიანთა ხსნისათვის. მათ უდიდესი სიხარულით აიღეს წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა და ფსალმუნთა გალობით გადაასვენეს თავიანთ ეკლესიაში.

სხვა ცნობით, იმპერატორ ანასტასის დროს, დაახლოებით 508 წელს, ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილები ქალაქ ალბანიდან ქალაქ დარიში (მესოპოტამია) გადაასვენეს მორწმუნეებმა, ხოლო როცა 574 წელს ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, რამდენიმე დარიელმა ქრისტიანმა ფარულად აიღო საფლავიდან ლუსკუმა და შავი ზღვის სანაპიროზე გადაასვენა. რადგან აქაც მოულოდნელად მტერს გადააწყდნენ, ზღვაში შეაცურეს იგი. მრავალი დღის ცურვის შემდეგ ლუსკუმა კუნძულ ლიპარასთან აღმოჩნდა.

შემდგომში ეს კუნძული მაჰმადიანმა არაბებმა დაიპყრეს, ამოიღეს მოციქულის წმინდა ნაწილები, დაანაწევრეს და სხვადასხვა ადგილას გადაყარეს, მაგრამ ისინი კვლავ ერთად შეკრებილნი აღმოჩნდნენ სასწაულებრივად; ერთ-ერთ იქაურ მონაზონს კი თვით წმინდა ბართლომე გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც წმინდა ნაწილები ესვენა. ამის შემდეგ IX საუკუნეში ბართლომეს წმინდა ნაწილები ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, იქიდან კი, ერთი საუკუნის შემდეგ - რომში. ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილების კუნძულ ლიპარაზე სასწაულებრივ გადასვენებას ეკლესია მოიხსენიებს 25 აგვისტოს.

აღსანიშნავია ერთი თქმულებაც წმინდა მოციქულ ბართლომეზე, რომელიც მოთავსებულია ღირსი მამის, იოსებ საგალობელთმწერლის ცხოვრებაში (IX ს., ხსენება 4 აპრილს).

ერთხელ, თესალიაში ყოფნისას, ღირსმა იოსებმა თავისი ნაცნობი ღვთისმოშიში კაცისაგან ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილთაგანი მიიღო, თავის სავანეში მიიტანა კონსტანტინოპოლის მახლობლად, სადაც საგანგებოდ ეკლესიაც ააგო წმინდა ბართლომე მოციქულის სახელზე და წმინდა ნაწილთაგანიც იქ გადაასვენა. იოსებს ძალზე უყვარდა ბართლომე მოციქული და ამის გამო ხშრიად ღირს-იქმნებოდა ხოლმე მისი ხილვისა სიზმრისეულ ჩვენებებში; სურდა, სადიდებელი საგალობლებითაც დაემშვენებინა წმინდა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაული, მაგრამ ვერ ბედავდა ამ საქმის აღსრულებას, რადგან არ იყო დარწმუნებული, სათნოეყოფოდა თუ არა ეს თვით წმინდა მოციქულს. გულმოდგინედ ევედრებოდა უფალსაც და მის მოციქულსაც, გაემხილათ მისთვის თავიანთი ნება და ზეგარდამო სიბრძნეც მოემადლათ ღირსეული სადიდებელი საგალობლების შესაქმნელად. მარხვითა და ცრელმთაღვრით ილოცვიდა ღირსი იოსები ორმოცი დღის განმავლობაში, და როცა მოციქულის მოსახსენიებელი დღესასწაულიც მოახლოვდა, წანადღის მწუხრის ლოცვაზე მან ცხადად დაინახა, რომ საკურთხეველში თეთრი ანაფორით მოსილი წმინდა ბართლომე გამოჩნდა, გახსნა კრეტსაბმელი და ანიშნა იოსებს, მომიახლოვდიო. როცა ღირსი იოსები მიუახლოვდა, მოციქულმა საყდრიდან სახარება აიღო, მკერდზე დაადო იოსებ საგალობელთმწერალს და უთხრა:

- ყოვლადძლიერი ღმერთის მარჯვენამც გაკურთხებს, რათა შენს ბაგეზე ზეციური სიბრძნის წყალნი გადმოიღვაროს! დაე, გული შენი სულიწმიდის ტაძრად შეიქნას და შენმა საგალობლებმა მთელი სამყარო დაატკბოს!

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მოციქული უხილავი შეიქნა, ღირსმა იოსებმა კი საკუთარ თავში ღვთაებრივი სიბრძნის მადლი შეიგრძნო, გამოუთქმელი სიხარულითა და მადლიერებით აღივსო უფლისა და მისი წმინდა მოციქულისადმი. იმ დროიდან მოყოლებული ღირსმა იოსებმა ღვთივსულიერი საეკლესიო ჰიმნებისა და კანონების შექმნა დაიწყო, რომლებითაც, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის გარდა, მრავალი წმინდანის მოსახსენიებელი დღე შეამკო, განსაკუთრებით მრავალი კანონის შექმნით კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვრიველმოქმედს მიაგო ჯეროვანი პატივი. უხვად დაამშვენა მან ქრისტეს ეკლესია საგალობლებით, რის გამოც იწოდა კიდეც საგალობელთმწერლად.

სარდიკიის ეპისკოპოსი, წმინდა მოციქული კლიმენტი

წმინდა მოციქული კლიმენტი სარდიკის ეპისკოპოსი იყო. მის სახელს იხსენიებს წმინდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). მოციქული მიმართავს ვინმე "ერთგულ თანამეუღლეს" და სთხოვს: "შეიწყნარენ ეგენი, რომელნიეგე სახარებას თანამოღვაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ და სხვათა მათ თანაშემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა".

წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა

წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. მისი მშობლები არ ყოფილან ებრაელები: ამას მოწმობს, პირველ ყოვლისა, ის ადგილი პავლე მოციქულის ეპისტოლედან კოლასელთა მიმართ, სადაც იგი აშკარად გამოჰყოფს ლუკას სხვა მოწაფეთა შორის, "რომელნი-იგი იყვნეს წინადაცვეთილებისაგანნი" (კოლას. 4, 10-15), ანუ იუდეველნი, ებრაელნი; მეორე მხრივ კი ეს ჩანს თვით ლუკას სახელიდან, რომელიც წარმოადგენს შემოკლებულ სახელს "ლუკან"-ისგან, რასაც ლუკას სახარების ზოგიერთ უძველეს ლათინურენოვან ხელნაწერში ვხვდებით. მიუხედავად არაებრაელობისა, ლუკა საფუძვლიანად იცნობდა იუდეველთა წეს-ჩვეულებებს და მოსეს სჯულიც იცოდა, რაც კარგად ჩანს მის მიერ დაწერილ სახარებასა და საქმე მოციქულთაში. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუკამ ჯერ კიდევ ქრისტეს შედგომამდე მიიღო იუდეველთა სარწმუნოება.

თავის მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც სახელგანთქმული იყო განათლების კერებით, მეცნიერებით და ხელოვნებით, ლუკამ ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო და სხვადასხვა მეცნიერული ცოდნით განიმდიდრა გონება.

პავლე მოციქულის ზემოხსენებული ეპისტოლედან ვხედავთ, რომ ლუკას მკურნალის ხელოვნება შეუსწავლია - მოციქულთა თავი მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს (კოლას. 4, 14), საეკლესიო გადმოცემა კი იმასაც გვიმოწმებს, რომ იგი ხატმწერიც იყო. უეჭველია ისიც, რომ მოციქული ლუკა საერთოდაც დიდად განათლებული და წიგნიერი კაცი იყო; ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ მისი ნაწერების ენა (ბერძნული) გაცილებით უფრო დახვეწილი და სწორია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვა დამწერთა...

როცა ამბავი იესო ქრისტეს სასწაულქმედებებისა და ღვთაებრივი მოძღვრებისა გალილეიდან სირიასაც მისწვდა, ლუკა ანტიოქიიდან პალესტინაში ჩავიდა და უფლის მიმდევრებს შეუერთდა გალილეაში, იქ, სადაც მაცხოვარმა თავისი მხსნელი სწავლების მარცვალთა დათესვა დაიწყო. ამ მარცვლებმა კეთილი ნიადაგი ჰპოვეს ლუკას გულში და ასმაგი ნაყოფიც გამოიღეს. მალე ლუკა ღირს-იქმნა უფლის 70 მოციქულთა შორის შერაცხულიყო. დაიმოძღვრა რა უფლისაგან და სასწაულმოქმედების ძალაც მიიღო მისგან, ლუკაც სხვა მოციქულებთან ერთად იქნა წარვლენილი იმ ქალაქებსა და დაბებში, სადაც მაცხოვარი აპირებდა მისვლას. და ისიც ქადაგებდა იქ ცათა სასუფევლის მოახლოებას და ამით გზას განუმზადებდა უფალ იესო ქრისტეს (ლუკა 10, 1-24). მართალია, თავისი სახარების დასაწყისში ლუკა თითქოს გამორიცხავს თავს იმ მოციქულთაგან, "რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის" (ლუკა 1, 2), მაგრამ ამით მას მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ თვითონ არ ყოფილა შერაცხული უფლის 12 მოციქულთა შორის, რომელთაც, რა თქმა უნდა, მეტი იხილეს და მეტი იცოდნენ მაცხოვრის საზოგადო მსახურების შესახებ, ვიდრე 70-მა მოციქულმა.

მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოცხადება მოციქულებთან ემაუსის გზაზე

მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როცა, მწყემსის შეპყრობასთან და მის ვნებასთან ერთად, მისი ცხვრებიც მიმოიფანტნენ, წმინდა ლუკა იერუსალიმში იმყოფებოდა, სწუხდა უფლის გამო და დასტიროდა მას, ვინც ნებაყოფლობით ევნო. მისი ჯვარცმის ჟამს, ალბათ, ლუკაც "შორით" იდგა, სხვა მოციქულთა და მოწაფეთა მსგავსად და ღრმა მწუხარებით შეჰყურებდა ჯვარცმულს (ლუკა 23, 49). მაგრამ სულ მალე მისი მწუხარება უზომო სიხარულმა შეცვალა, რადგან მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე თავისი აღდგომის პირველსავე დღეს ანუგეშებდა ლუკას, როცა ღირს-ჰყო იგი თავისი გამოცხადებისა და საუბრისა. ამის შესახებ ზედმიწევნით და ცხოვლად წერს ლუკა თავის სახარებაში (24, 13-32). მართალია, იგი არ ასახელებს თავს და ლაპარაკობს უფლის ორ მოწაფეზე, რომლებიც დაბა ემაუსის გზაზე მიდიოდნენ, მაგრამ საეკლესიო გადმოცემით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ლუკა მახარებელია: იმ დღეს იგი უფლის სხვა მოწაფესთან, კლეოპასთან ერთად, იერუსალიმიდან ემაუსს მიდიოდა, დამწუხრებული მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის და გაკვირვებული მენელსაცხებლე დედათა მიერ უწყებული ამბის გამო - იესო ქრისტე საფლავში აღარაა და მკვდრეთით აღდგაო. და აი, თვით უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მათ და თან გაჰყვა. წმინდა მარკოზ მახარებლის სიტყვით, უფალი მათ "გამოეცხადა სხვითა ხატითა" (მარკ. 16, 12), და არა იმ სახით, რომლის ხილვასაც მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის ჟამს იყვნენ ჩვეულნი. გარდა ამისა, "თვალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაითა ვერ იცნან იგი" (ლუკა 24, 16). ამიტომ ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი თანამგზავრი ერთ-ერთი მომლოცველი იუდეველი იყო, რომელიც პასექის დღესასწაულზე ასულიყო იერუსალიმში.

უფალმა ჰკითხა მათ:

- "რაჲ არნ სიტყვანი ესე, რომელთა იცილობთ ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქვენ მწუხარე?" (ლუკა 24, 17).

ერთ-ერთმა მოწაფემ, კლეოპამ მიუგო:

- როგორ, შენ ერთ-ერთი მწირთაგანი ხარ, იერუსალიმს ნამყოფი ამ დღეებში, და ნუთუ არაფერი გსმენია იმაზე, რაც იქ მოხდა?!

- რა ამბავს ამბობთ? - ჰკითხა უფალმა გამოსაცდელად, რათა შეეტყო, თუ რას ფიქრობდნენ მოწაფეები მისი ჯვარზე ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის გამო.

- იმ ამბავს, რომელიც იესო ნაზარეველს შეემთხვა, - მიუგეს მას, - კაცს წინასწარმეტყველს, ძლიერს საქმითაც და სიტყვითაც წინაშე ღვთისა და მთელი ხალხისა: თუ როგორ მისცეს იგი ჩვენმა პირველმღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილით დასასჯელად და როგორ აცვეს ჯვარს. ჩვენ კი ვხედავდით, რომ სწორედ იგია ის, ვინაც უნდა იხსნას ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, ზოგიერთმა ჩვენმა დედაკაცმა დიდად განგვაკვირვა, რადგან კვირას, ადრე დილით, საფლავზე მისულან და ვერ უხილავთ მისი სხეული, საფლავი ცარიელი დახვედრიათ. ისინი მოვიდნენ ჩვენთანაც და ისიც გვითხრეს, რომ ანგელოზებიც იხილეს იქ, რომელთაც უთხრეს, - იესო ცოცხალი არისო. მაშინ ზოგიერთი ჩვენგანიც წავიდა იესოს საფლავზე. მართლაც, ყოველივე ისე დახვდათ, როგორც დედაკაცებმა თქვეს. და იესოც ვერ ნახეს იქ.

მაშინ უფალმა უთხრა მათ:

- "ჰოჲ, უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინასწარმეტყ¬ველნი! ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესვლად დიდებასა თვისსა?!" (ლუკა 24, 25-26).

და იწყო საღმრთო წერილიდან ყველა იმ ადგილის გახსენება და განმარტება, სადაც, დაწყებული მოსეთი, ყველა წინასწარმეტყველი იტყოდა მისთვის - აღთქმული მესიისა და ადამიანთა მხსნელისათვის.

ასე, უფალთან საუბარში, მოწაფეები თავისდა შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ ემაუსს. რადგან საუბარი საკვირველ თანამგზავრთან ესოდენ სასიამოვნო იყო მათთვის, ხოლო ის კი, როგორც ჩანდა, გზის გაგრძელებას აპირებდა, ამი¬ტომ სთხოვეს უფალს, ჩვენთან დარჩი, საცაა, დაღამდებაო.

მართლაც, უფალი შევიდა დაბაში და მოწაფეებთან ერთად გაჩერდა ერთ სახლში. როცა ინახით დაჯდა სერობისას, აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მოწაფეებს მიაწოდა. მათ თვალები აეხილათ და მაშინვე იცნეს უფალი, რამეთუ ამას უფალი მანამდეც ხშირად აღასრულებდა თავის მოწაფეებთან ტრაპეზობისას; გარდა ამისა, კლეოპამ და ლუკამ, ალბათ, უფლის სამსჭვალთაგან მოწყლული ხელებიც იხილეს - ეს ხომ უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ მათ წინ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე იჯდა. მაგრამ როგორც კი მათ შეიცნეს უფალი, იგი უმალვე უხილავი შეიქნა მათთვის და ისინიც გაკვირვებულნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს:

- როგორ აღგზნებული გვქონდა გულები, როცა უფალი გამოგვეცხადა, გვესაუბრებოდა გზაზე და საღმრთო წერილსაც განგვიმარტავდა, ჩვენ კი ვერ შევიცანით იგიო!

მაგრამ გული სიხარულით აღვსებოდათ, და რაკი სურდათ სხვა მოწაფეებისთვისაც გაეზიარებინათ ეს სიხარული, ლუკა და კლეოპა მაშინვე წამოდგნენ და ღამითვე დაბრუნდნენ იერუსალიმში, სადაც ერთ სახლში შეკრებილნი ნახეს მოციქულები და სხვა მორწმუნენი, რომელნიც ამბობდნენ, - ნამდვილად მკვდრეთით აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ეჩვენა სიმონს, ანუ მოციქულ პეტრესო. ლუკამ და კლეოპამაც დაწვრილებით მოუთხრეს მათ, თუ როგორ გამოეცხადათ იესო ემაუსის გზაზე და როგორ განუმარტავდა საღმრთო წერილს, როგორ განტეხა პური, აკურთხა და მიაწოდა მათ და მათაც როგორ შეიცნეს ბოლოს იესო. ამ სასიხარულო საუბარში იყვნენ ყველანი, როცა ანაზდად თვით მკვდრეთით აღმდგარი უფალი გამოეცხადათ და უთხრა:

- მშვიდობაჲ თქვენ თანა! (ლუკა 24, 36)

ისინი შეძრწუნდნენ. ეგონათ, სული მოგვევლინაო. მაგრამ უფალმა დაამშვიდა ყველანი, უსაყვედურა კიდეც, "რაისათვის გულის-სიტყვანი მრავალნი მოვლენან გულთა თქვენთა?" და შემდეგ, მათ დასარწმუნებლად, სამსჭვალთაგან მოწყლული ხელ-ფეხიც უჩვენა და ბოლოს, მათთან ერთად საზრდელიც მიიღო. ლუკა მახარებელი სხვებთან ერთად აქაც ღირს-იქმნა, თვით უფლისაგან მოესმინა ყო-ველივე იმის განმარტება, რაც მის - აღთქმული მესიის - შესახებ იყო ნათქვამი ძველი აღთქმის წმინდა წიგნებში, და საღმრთო წერილის გულისხმის-ყოფის ნიჭიც შეიძინა...

წმინდა ლუკას სამოციქულო მოგზაურობა

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, ლუკა მახარებელი, სხვა მოწაფეებთან ერთად, ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა, მაგრამ მალე, საეკლესიო გადმოცემის მოწმობით, თავის სამშობლოში, ანტიოქიაში წავიდა, სადაც უკვე ბევრი ქრისტიანი იყო. გზად ქალაქ სელევკიაში იქადაგა ღვთის სიტყვა. აქ უფლის წინამორბედის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უხრწნელი ნაწილები ესვენა. სელევკიიდან წასვლისას ლუკას უნდოდა, თან წაეღო ისინი თავის სამშობლოში, მაგრამ იქაურმა მორწმუნეებმა არ დაანებეს, რადგან გულმოდგინედ ეთაყვანებოდნენ უფლის წინამორბედს. მაშინ ლუკამ მარჯვენა ხელი გამოსთხოვა მათ, რომელსაც ოდესღაც მორჩილად მოუხარა ქედი იორდანეზე ნათლობისას თვით უფალმა იესომ. სწორედ ამ ფასდაუდებელი საუნჯით ჩავიდა წმინდა ლუკა სამშობლოში და დიდად გაახარა ანტიოქიელი ქრისტიანები (იოანე ნათლისმცემლის მარჯვენის მოპოვება იდღესასწაულება 12 ოქტომბერს, მალტიურ სიწმინდეთა გადასვენების დღეს).

ანტიოქიიდან იგი მხოლოდ მას შემდეგ გაემგზავრა, როცა წმინდა პავლე მოციქულის თანამგზავრი და თანამოღვაწე გახდა სამახარობლო საქმიანობაში (ზოგიერთი ძველი საეკლესიო მწერლის ცნობით, ლუკა ხორციელ ნათესავადაც ეკუთვნოდა პავლე მოციქულს). ეს მოხდა პავლე მოციქულის მეორე სამოციქულო მოგზაურობისას (52-დან 55 წლამდე ქრისტეს შობიდან). მაშინ ისინი საბერძნეთს გაემართნენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც პავლემ მაკედონიის ქალაქ ფილიპეში დატოვა ლუკა მორწმუნეთა რწმენაში განსამტკიცებლად და ეკლესიის მოსაწყობად. აქედან მოყოლებული, წმინდა ლუკა მახარებელი რამდენიმე წელი იღვწოდა ქრისტიანობის გავრცელება-დამკვიდრებისათვის მაკედონიაში, საბერძნეთის ჩრდილოეთით.

როცა მოციქული პავლე თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობის ბოლოს კვლავ ჩავიდა ფილიპეში, ლუკა იქ დახვდა და, მოციქულთა თავის დავალებით, პალესტინის ღარიბ და მოშიმშილე ქრისტიანთათვის მოწყალების შესაგროვებლად კორინთოს გაემგზავრა. როცა ეს საქმე აღასრულა, პავლე მოციქულთან ერთად გაემართა პალესტინისკენ და თან წაიღო შეკრებილი მოწყალება. გზად მრავალი ქალაქი თუ დაბა-სოფელი მოვლეს კუნძულებზე, მცირე აზიის სანაპიროზე, ფინიკიასა და იუდეაში. და როცა იუდეველთა შესმენით წმინდა მოციქული პავლე საპყრობილეში ჩააგდეს პალესტინის ქალაქ კესარიაში, ლუკა მახარებელიც მასთან ერთად იმყოფებოდა.

მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ წმინდა მოციქული პავლე წერს: "და მის (ანუ მოციქულ ტიტეს) თანა მივავლინე ძმაი, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა, და არა ხოლო თუ ესე, არამედ ხელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანაგუნდად ჩვენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩვენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულს-მოდგინებისა თქვენისათვის" (თავი 8, მუხლები 18-19). წმინდა მამების აზრით, აქ "ძმაში" პავლე მოციქული სწორედ ლუკა მახარებელს გულისხმობს, ხოლო წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვით, "ხელდასხმასა და ეკლესიათაგან კურთხევაში" უნდა დავინახოთ წმინდა ლუკას კურთხევა ეპისკოპოსად.

მას არც მაშინ მიუტოვებია პავლე, როცა ის რომს გაგზავნეს მისივ მოთხოვნით კეისრის სამსჯავროს წინაშე წარსადგომად. მოციქულთა თავთან ერთად დაითმინა იმჟამინდელი მძიმე მოგზაურობა ზღვაზე და ბევრჯერ სიკვდილის საფრთხეც დაემუქრა (შემდეგში მან ეს განსაცდელით აღსავსე მოგზაურობა "საქმე მოციქულთაში" აღწერა, 27-28-ე თთ.).

რომში ჩასვლის შემდეგაც ლუკა მახარებელი პავლე მოციქულის გვერდით იყო განუყრელად მარკოზ მახარებელთან, არისტარქესთან და მოციქულთა თავის ზოგიერთ სხვა თანამოღვაწესთან ერთად, და იგიც მხნედ ქადაგებდა ღმრთის სიტყვას იმჟამინდელი მსოფლიოს ამ დედაქალაქში. სწორედ რომში დაწერა სახარებაც და წმინდა მოციქულთა საქმენიც (დაახლოებით 61-63 წლებში ქრისტეს შობიდან). ორივე ეს წიგნი ერთი კაცისათვის - თეოფილესათვის დაწერა, რომელიც, გადმოცემით, ანტიოქიელი წარჩინებული ქრისტიანი იყო.

თავის სახარებაში ლუკამ ზედმიწევნით აღწერა ჩვენი უფლის ამქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება არა მხოლოდ ყოველივე იმის საფუძველზე, რაც თვითონ ენახა და მოესმინა, არამედ ისიც გაითვალისწინა, რაც სხვა მოციქულებმა და მოწაფეებმა გადასცეს მას, "რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის" (ლუკა 1, 2). ამ საქმეში მას, რა თქმა უნდა, წმინდა მოციქული პავლე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბოლოს მოიწონა კიდეც წმინდა ლუკას მიერ დაწერილი სახარება. ლუკას სახარებასთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "სხვა მახარებელთაგან განსხვავებით, წმინდა ლუკა უფრო მეტი სისრულით აღწერს ახალი აღთქმის მოვლენებს, დაწყებული იოანე ნათლისმცემლის შობით, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ლაპარაკობს. ასევე სახარების უკანასკნელი მოვლენაც - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებაც, რაც მათესა და იოანეს ნახსენებიც არა აქვთ, ხოლო მარკოზს - მხოლოდ გაკვრით, წმინდა ლუკა მახარებელს დაწვრილებით აქვს აღწერილი". აღსა-ნიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებულებით, ლუკას სახარება ყოველდღე იკითხება საღმრთო ლიტურგიაზე მე-17 შვიდეულიდან 29-ე შვიდეულამდე სულთ¬მოფენობის შემდეგ, ხოლო 29-ე შვიდეულიდან ხორციელის კვირამდე მხოლოდ შაბათ-კვირაობით, აგრეთვე ხორციელის შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს.

საეკლესიო გადმოცემით, მოციქულთა საქმენიც წმინდა ლუკა მახარებელმა პავლე მოციქულის კურთხევით დაწერა, რომლის საყვარელი მოწაფე და უახლოესი თანამოღვაწეც თვითონ იყო.

რომში ორწლიანი პყრობილების შემდეგ მოციქული პავლე გაათავისუფლეს და მანაც თავის მიერ დაარსებული ეკლესიები მოინახულა. ამ მოგზაურობისასაც ლუკა თან ახლდა მოციქულთა თავს და ყოველივეში შეეწეოდა. სულ მალე იმპერატორმა ნერონმა ქრისტიანთა სასტიკი დევნულება დაიწყო რომში. პავლე მოციქულიც ხელმეორედ ჩამოვიდა რომს, სადაც კვლავ შეიპყრეს. წმინდა ლუკა მახარებელმა ამჯერადაც უერთგულა თავის მოძღვარს: პავლეს ყველა სხვა მოწაფეთა და თანამოღვაწეთაგან იმ მძიმე დღეებში მხოლოდ იგი იმყოფებოდა მოციქულთა თავთან, რომელიც თავის თავს დასაკლავად განწირულ მსხვერპლს ადარებდა: "მე აწ ესერა შევიწირვი, - სწერდა იგი ტიმოთეს, - და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაი მოიწია... ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყვარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისკე - გალატიად, ტიტე - დალმატიად; ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა" (II ტიმ. 4, 6, 10). ამ დროს ლუკა, როგორც ხელოვანი მკურნალი, ალბათ, ხორციელ უძლურებათაც უმსუბუქებდა პავლე მოციქულს, რომელიც საეკლესიო გადმოცემით, თავის ტკივილითა და სხვა სნეულებებითაც ევნებოდა. სწორედ ამის გამო იწოდა ლუკა პავლე მოციქულის მიერ "საყვარელ მკურნალად". ალბათ, ლუკა მახარებელი წმინდა პავლე მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის მოწმეც იყო რომში. მოციქულთა თავის აღსრულების შემდგომ წმინდა ლუკა ღვთის სიტყვას ქადაგებდა იტალიაში, დალმაციაში, გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი), განსაკუთრებით - მაკედონიაში, სადაც უწინაც დაშვრებოდა სამოციქულო ღვაწლში რამდენიმე წლის მანძილზე; ახარებდა იგი მაკედონიის მეზო¬ბელ მხარეშიც - აქაიაში (საბერძნეთის სამხრეთით).

მოციქულ ლუკას მოწამებრივი აღსასრული და წმინდა ნაწილები

უკვე ღრმად მოხუცი იყო, როცა წმინდა ლუკა მოციქული შორეულ ეგვიპტეში გაემგზავრა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ბევრი იღვაწა იქ იესოს სახელის განსადიდებლად, ბევრი ჭირიც დაითმინა და იტანჯა. ეგვიპტემდე კი მთელი ლიბია მოვლო (ჩრდილოეთი აფრიკა), თებეიდას უდაბნოში მრავალნი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ ალექსანდრიაში ლუკამ ეპისკოპოსად დაასხა ხელი ვინმე აბილიოსს, რომელმაც მარკოზ მახარებლის მიერ ხელდასხმული ანანია შეცვალა - ანანია მანამდე 22 წელი მღვდელმთავრობდა აქ. შემდეგ კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა და კეთილმოაწყო ეკლესიები, უპირატესად ბეოტიის მხარეში (შიდა საბერძნეთი), ხელს ასხამდა და აკურთხებდა მღვდლებს, დიაკვნებს, რწმენაში განამტკიცებდა ქრისტიანებს, განკურნავდა ადამიანებს სულიერადაც და ხორციელადაც. თავისი მეგობრისა და მასწავლებლის, პავლე მოციქულის მსგავსად მასაც შეეძლო ეთქვა: "ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. ამიერთაგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან" (II ტიმოთე, 4, 7-8). აღესრულა იგი 84 წლისა, აქაიაში, მოწამებრივი სიკვდილით: როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მოწმობს თავის პირველ სიტყვაში იმპერატორ იულიანე განდგომილის წინააღმდეგ, წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა ზეთისხილის ხეზე მიამსჭვალეს და ასე მოაკვდინეს წარმართებმა, რადგან ჯვარი არ ჰქონდათ. მისი პატიოსანი სხეული ბეოტიის მთავარ ქალაქ თებეში დაკრძალეს ქრისტიანებმა, სადაც მახარებლის წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. IV საუკუნის II ნახევარში ისინი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილების ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა IV საუკუნეში იმ სასწაულებრივ კურნებათა მეშვეობით, რომლებიც აქ აღესრულებოდა. განსაკუთრებით ბევრი კურნება იმ ადამიანების მიმართ აღესრულებოდა, რომლებიც თვალის სნეულებებით ევნებოდნენ - თითქოსდა ლუკას მკურნალობის აღსანიშნავად, უფალი მისი დაკრძალვის ადგილას სამკურნალო წყალს აწვიმებდა ხოლმე, რომელსაც სნეულნი თვალებზე ისვამდნენ და იკურნებოდნენ. როცა იმპერატორმა კონსტანციუსმა შეიტყო თავისი აქაიელი ეპისკოპოსისგან, წმინდა ლუკა მახარებლის ნაწილები თებეში განისვენებსო, უბრძანა მმართველს, არტემიოსს, დედაქალაქში გადმოესვენებინა ისინი, რაც მან უდიდესი პატივითა და ზეიმით აღასრულა. კონსტანტინოპოლში, ზღვის სანაპიროდან ტაძარში გადასვენებისას, ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილებისაგან ერთი ასეთი სასწაულიც აღესრულა: ხელმწიფის ერთ-ერთი ფარეში, საჭურისი ანატოლი უკურნებელი სნეულებით დაავადდა. დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაახარჯა მკურნალობას, მაგრამ შვება ვერ მიიღო და სასიკვდილოდ იყო განწირული. და აი, ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილების გადმოსვენებისას რწმენით ევედრებოდა წმინდანს სასწაულებრივ განკურნებას, იმ ლუსკუმასაც მიუახლოვდა, რომლითაც წმინდა ნაწილები მოჰქონდათ და როგორც შეეძლო, ეხმარებოდა მის მტვირთველთ. და როგორც კი ლუსკუმასთან ერთად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სნეულებამ დატოვა ანატოლი. ამის შემდეგ უზომოდ გახარებულმა ატარა იგი წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძრამდე, სადაც დაასვენეს წმინდა ლუკა მახარებლის ნაწილები ანდრია და ტიმოთე მოციქულების წმინდა ნაწილების გვერდით. აქ მრავალრიცხოვანი სასწაულის წყარო გახდნენ, განსაკუთრებული სიყვარულით ეთაყვანებოდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები.

ძველი დროის საეკლესიო მწერლები გადმოგვცემენ, რომ პირველ ქრისტიანთა კეთილმოწიწებითი მოთხოვნით, წმინდა ლუკა მახარებელმა შექმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი ხატი: საღებავებით შესრულებულ ამ ხატზე ქალწულ მარიამს ხელთ თავისი ღვთაებრივი ყრმა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე უპყრია; ლუკას თავისი ნახატი ღვთის დედისათვის მოუტანია მსჯავრის გამოსატანად, რომელსაც სიხარულით მოუხილავს იგი და უთქვამს: "ჩემგან შობილის მადლიმც იყოს ამ ხატზე და ჩემი წყალობაც ჰფარვიდეს მას!" გარდა ამისა, წმინდა ლუკა მახარებელს ძელის დაფებზე დაუხატავს წმინდა მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს გამოსახულებანი და ამით მიუცია დასაბამი ამ კეთილი საქმისათვის - წმინდა ხატწერისათვის - სადიდებელად ღმრთისა, შესამკობლად ეკლესიათა და ხსნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა, რომელნიც ეთაყვანებიან ამ ხატებს და მით უფალ ღმერთს განადიდებენ.

ლუკას სახარება

ლუკა მახარებელმა თავისი სახარება დაწერა უმთავრესად წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთათვის. ამიტომაცაა, რომ ლუკა მახარებელი კონკრეტულად უთითებს ისტორიულ ფაქტებზე. აჩვენებს იესოს, როგორც მხსნელს და როგორც მეგობარს ყველა ადამიანისა. სახარების დაწერის ადგილად მიჩნეულია რომი, დაწერის ენად - ბერძნული. ლუკა მახარებელს ეკუთვნის ასევე წიგნი "საქმე მოციქულთა".

ლუკა მახარებლის სიმბოლოა ხარი, რადგანაც პირველი თავი, ლუკას სახარებისა, მოგვითხრობს ხარის შეწირვაზე მღვდელ ზაქარიას (იოანე ნათლისმცემლის მამის) მიერ ტაძარში.

სახარება შეიცავს 24 თავს, მოთხრობილია 27 იგავი, აღწერილია 21 სასწაული.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1