წმინდა მოციქულნი: იროდიონი, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმი და სხვანი (I) - 08 (21) აპრილი
წმინდა მოციქულნი: იროდიონი, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმი და სხვანი (I) - 08 (21) აპრილი
წმინდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტე, ერმი და სხვანი, იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად.

ეს არაფრის მქონენი, ერთგვარად, უფლის წინამორბედებად იქცეოდნენ ხოლმე და იმ მიწის მკვიდრთ განამზადებდნენ, სადაც ქრისტე ქადაგებდა.

სამოცდაათი მოციქული სრულყოფილებას და რაოდენობას განასახიერებდა: - 7 სრულყოფილებას აღნიშნავდა, ათი კი - ოდენობას.

შემდგომში მათ სხვა მოწაფენიც შეუერთდნენ, წუთისოფელი დაუტევეს და ქრისტეს გაჰყვნენ.

სულიწმიდის გარდამოსვლის და მოციქულთა ღვთის სიტყვის საქადაგებლად განბნევის შემდგომ ქრისტეს სხვა მოწაფენიც გამოჩნდნენ, რომელთაგან ზოგი უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებას ვერც მოესწრო.

წმინდა იროდიონი - პავლე მოციქულის მოწაფე იყო და ყოველ მისიაში თან ახლდა. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი გააქრისტიანეს.

წმინდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.

წმინდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმინდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის ჟამს (+67 წელი) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა აგაბოს ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა. სწორედ მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმინდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11).

მოციქულმა აგაბომ თავისი ღვთივსულიერი სიტყვით სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წარმართი მოაქცია.

მოციქული რუფოსი, რომელსაც მოციქული წმინდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს (რომ. 16,11), საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი გახლდათ, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) - ჰირკანიისა, მოციქული ფლეგონტე - მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).

ეს წმინდა კაცნი ღონეს არ იშურებდნენ, ქრისტეს სიტყვა ქვეყნის ყველა კუთხემდე მიეტანათ. უფლისადმი ეს სიყვარული თითქმის ყოველმა მათგანმა მოწამებრივი აღსასრულით დაბეჭდა.

კონდაკი

გამოსჩნდით თქუენ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.
....................................
ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1