წმინდა მოციქული არისტობულე (+99) - 16 (29) მარტი
წმინდა მოციქული არისტობულე (+99) - 16 (29) მარტი
წმინდა არისტობულე, ერთ-ერთი სამოცდაათ მოციქულთაგან, კვიპროსელი იყო. იგი ძმა გახლდათ წმინდა ბარნაბა მოციქულისა, ასევე სამოცდაათმოციქულთაგანისა, ზოგიერთის აზრით იგი სიმამრი გახლდათ წმინდა პეტრე მოციქულისა.

უფლის ამაღლების შემდეგ ის მოციქულ პავლესთან ერთად წმინდა სახარების ქადაგებით მიმოივლიდა სხვადასხვა ქვეყანას. მას ახსენებს მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "კითხვაჲ არქუთ არისტუვულესგანთა მათ" (რომ. 16,10), ანუ არისტობულეს ოჯახსო, რადგან არისტობულეს და ბარნაბას ზოგიერთი ნათესავი რომში ცხოვრობდა. წმინდა პავლე მათ როგორც თავისი, ისე არისტობულეს სახელითაც მოიკითხავდა.

როცა წმინდა პავლე ეპისკოპოსებს დაადგენდა და სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აგზავნიდა ჭეშმარიტების საქადაგებლად, მან წმინდა არისტობულე ეპისკოპოსად აკურთხა და ბრიტანეთში, ურწმუნო და სასტიკ ხალხთან გააგზავნა. წმინდა არისტობულემ ბევრი იღვაწა ქრისტეს სახარებისთვის და დიდად ევნო ამ სასტიკი ხალხისგან: ზოჯერ მას უმოწყალოდ სცემდნენ, ქუჩაში ათრევდნენ, შეურაცხყოფდნენ. მოკლედ მან იმდენი დამცირება მიიღო, ვიდრე ისინი ქრისტეს ნათელით არ განანათლა და მათ ქრისტეს სარწმუნოება არ ასწავლა. შემდეგ მან მონათლა ისინი, აუგო ეკლესია, ხელნი დაასხა მათ ხუცესებად და დიაკვნებად და იქვე მოწამებრივად აღესრულა 99 წლისა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1