წმინდა მოციქული იუდა - ხორციელი ძმა უფლისა - მართალი იოსების ძე პირველი ქორწინებიდან
წმინდა მოციქული იუდა - ხორციელი ძმა უფლისა - მართალი იოსების ძე პირველი ქორწინებიდან

წმინდა მოციქული იუდა იაკობისი (თადეოზი)

“ვინ არს დედაი ჩემი და ვინ არიან ძმანი ჩემნი? - ხელით მიუთითა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებზე და თქვა, - აჰა, დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა, იგი არს ძმაი ჩემი და დაი და დედაი ჩემი”.

 

მაცხოვრის რჩეულ მოწაფეთა შორის ერთ-ერთი იესოს ხორციელი ძმაც იყო, წმინდა მოციქული იუდა - მართალი იოსების, ღვთისმშობლის დამწინდველის, ძე პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი, თადეოზი. გადმოცემით, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა ვაჟებს შორის თავისი მიწების დანაწილება დაიწყო, ისურვა, ქალწული მარიამისგან შობილი იესოსთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, “არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი”. მხოლოდ უფროსმა - იაკობმა მიიღო ქრისტე თავისი მამულის თანამფლობელად. მოგვიანებით კი იუდამ ირწმუნა იესო აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იგი დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

ბეჭდვა
1კ1